– ქრისტე აღსდგა!
– ჭეშმარიტად, ჩემო გოგიტა, ჭეშმარიტად! როდის ჩამოდით?
– გუშინ, გვიან საღამოს.
– მამაც არის?
– კიი, ყველა ვართ!
– რას შვრებით, დღეს გადიხართ თუ ხვალ?
– დღეს. მამამ – ბაბუას და ბებიას დღევანდელ დღეს უყვარდათ გასვლა და ჩვენც ასე უნდა ვქნათო!
– ხოო, ჩვენც დღეს გავდივართ. აქ, სოფელში, ყველა დღეს გადის. ვისაც უნდა, ხვალაც გავა, მარა, ძირითადად, მაინც დღეს გადიან!
…
აღდგომა! – უფლის ეს უდიდესი დღესასწაული ერთადერთია ჩემს სოფელში, რომლის დროსაც ყველა, ვინც ჩემს ბავშვობაში სოფელში ცხოვრობდა და მერე ქალაქზე „გადაპორტირდა“, თითქოსდა ყველას ერთბაშად ნოსტალგია შემოაწვათო, საკუთარ კერიას უბრუნდებიან, რათა ტრადიციისამებრ, წინაპრების საფლავებს პატივი მიაგონ და მათი ხსოვნის აღსანიშნავად საფლავზე შესანდობარი შესვან!
…
სასაფლაოს შესასვლელთან დილიდანვე უამრავი მანქანა ირეოდა.
– ნახე, ჯემალას ვალერა, რა მანქანით ჩამოსულა. ეტყობა, დიდი კაცია ქალაქში, მამამისი მაინც მოსწრებოდა!
– დიდი კაცი არა, ის. ცოლის კისერზეა, თვითონ არც მუშაობს. მაგისი ნათელა, უკვე შვიდი წელია, კალიფორნიაში ცხოვრობს და მანქანა გიკვირს?
– კალიფორნიაში? არ ვიცოდი, კაი ხელფასი ექნება, აპა!
– კაიზე კაი, სამი ათას დოლარს უხდიან თურმე თვეში!
– ეჰ, ჩვენ ყველამ გადაგვასწრო და გვაჯობა!
– გაფიცებ ყველაფერს, ამ კალიფორნიას როდის უსწრებდა ეს ჩვენი სოფელი, ნეტა?
…
– რა ვიცი, ილიკო, ხო ხედავ, ვინც წევიდა, უკან აღარავინ დაბრუნებულა!
– მიცვალებულებს გულისხმობ? – ვითომ ვერ გაიგო ილიკომ.
– რა მიცვალებულებს, სოფლიდან ვინც წევიდა-თქო, რა ვერ გეიგე, კაცო!
…
– შენ ვისი ხარ, ბიძიკო? – შეეკითხა შემხვედრს აღმართზე ხვნეშით და მოზრდილი კალათით ძლივს ამოსული კოწია.
– გურამისი!
– აფრასიონას გურამასი ხარ შენ? შენ რა გითხარი, მე ვერ მცნობ, ხოო? მამაშენი ნახევრად ჩემი გაზრდილია, შე მამაძაღლო, რა გქვია, ბიძია?
– გუკა!
– გუკა? გუკა რა სახელია, ბიძია!
…
– აპა, ბაბუის სახელს, აფრასიონას, ხო არ დაარქმევდენ, შე კაცო, დაანებე ბოვშს თავი და ფეხი გამოადგი, დაგვიანდა! – მუჯლუგუნი წაჰკრა კოწიას მეუღლემ.
– ნუ გეშინია, დაგველოდება ბაბუაშენი რამენაირად!
…
თითქმის ყველა საფლავზე იმქვეყნად წასულების აქეთ „დანატოვარს“ მოეყარა თავი და სასაფლაოსთან საგანგებოდ გაკეთებულ რკინის მაგიდას აწყობდნენ… მოხარშული დედალი, ყველი, მწვანილი, ღორის ხორცი, სააღდგომო პასკა, ლიმონათი, ერთი დოქი ღვინო და ათამდე წითლად შეღებილი კვერცხი! – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც მოწნულ კალათს მოეთავსებინა!
…
– ეს ვინეგრეტი მაინც წამეიღე, ქალო, ხოო! რამდენჯერ უნდა გამამეორებინო, რო მამაჩემს ალერგია ჰქონდა ვინეგრეტზე და ვერ იტანდა-თქო! – ხელი გაკრა ვინეგრეტის თეფშს გენომ.
– კაი, კაცო, დაწყნარდი, სირცხვილია, რას ირევი. ალერგია მამაშენს სიცოცხლეში ჰქონდა, თუ არა, ახლა რა მოუვა, ქვაზე დახატულ სურათზე გამოაყრის თუ მიწაზე დაკოპლავს?
…
– ნეტა რა ნამუსით გამევიდა დურმიშხანა მიწადასაყრელი ცხონებული ლამარას საფლავზე, გაციება არ აცალა საწყალ ქალს, ისე მეიყვანა მეორე ცოლი! – თავისთვის ქოთქოთებს ვალერია.
…
– ტყვილა უგორებ ამ შენ ქმარს საფლავზე მაგ კვერცხებს, ჟენია!
– რატო, შე ენაგასაძრობო! – გადაირია ჟენია.
– რატო და შენი ქმარი შახტაში არ მუშაობდა?
– რა გინდა მერე?
– რა მინდა და ათი წლის მკვდარს ტყვილა რა გააჩერებდა, მაგას გვირაბი ექნება გათხრილი და თურქეთში იქნება გასული. მიტო გეუბნები, ტყვილა აგორებ-თქვა!
…
შორიახლოს ტირილის ხმა ისმის…
– ნახე, შორენა ჩამოსულა საბერძნეთიდან, ცოდვაა, ვერ ჩამოუსწრო დედამისს ცოცხალს, ვერც გასვენებისთვის მოახერხა!
– რას იზამ, მასე ადვილი არ არის საბერძნეთიდან ჩამოსვლა!
– მერედა, რას მიეთრეოდა იქა, ბერძენი მოხუცის მოვლას ამ საწყალი დედისთვის მიეხედა, ნახევრად შიმშილსა და უწამლობაში რო ამოძვრა ქალს სული, გოუკეთოს ახლა მარმარილოს ქვა და დაადოს გულზე!
…
– რა შენი ღვინით დადიხარ, რაჟდენიჩ, სხვისას არ კადრულობ თუ რაშია საქმე! – მიაძახა ვაჟას პავლემ, რომელიც, ორლიტრიანი ღვინის ბოთლით, საფლავ-საფლავ გადაადგილდებოდა.
– რა ვქნა, პავლეს ვენაცვალე, სხვადასხვა ღვინოს ვერ ოვურევ, მერე ერთი კვირა ვკვდები!
– რას ვერ ოურევ, ბიჭო, შენ გვარში ყველა ურევს და შენ ვერ ოურევ! – გამოაჯავრა პავლემ და წითელი კვერცხი მიაწოდა.
– არ მინდა შენი ლაყე კვერცხები! – გაბრაზდა ვაჟა.
– ლაყე კვერცხები ვისაც აქ, ეტყობა! – წყენას წყენით უპასუხა პავლემ და მინდორში მოთამაშე ვაჟას დოყლაპია ბიჭს გახედა!
…
სასაფლაოზე შეზარხოშებულების რიცხვმა იმატა…
– აგრაფინა გახსოვს?.. ყველაზე უხუცესი მაგ მარხია ახლა ამ სასაფლაოზე! – გეიხსენა დიდი წინაპარი თანდილამ და ქვაზე ამოტვიფრულ თარიღებს (1889-1993) ხელი გადაუსვა!
– რავა არ მახსოვს, შე კაცო, რაც მაგისთვის ბოვშობაში თუთუნი მაქ მოპარული, ხო გახსოვს, სულ ყალიონს აბოლებდა!
– რავა არ მახსოვს, ბოლოს ისე იყო მოხრილი წელში, რო გარდეიცვალა, ძლივს მოარგეს კუბოს!
– ლავრენტის გასვენება თუ გახსოვს შენ?
– კიი, მახსოვს, მეათე კლასში ვიყავი მაშინ. სანამ სასაფლაოზე ამეიტანდენ საწყალს, იმისთანა წვიმა და სეტყვა წამევიდა, ლავრენტიმ კუბოში ტივტივი დეიწყო!
– მერე თავი ვერ დაახურეს?
– რას ამბობ, თავსახურის ქვეშ ათი კაცი ვიყავით შეფარებულები!
…
– შეხე, შეხე, ლამარა თავისი დაქალის, მარგალიტას სურათს რაღაცას ეჩურჩულება!
– ხოო, ვხედავ. ეტყობა, სერიალის ბოლო სერიის შინაარსს უყვება!
– ნუ გამაგიჟე, კაცო! – გაიოცა ფრიდონამ.
– ჩუუ, არ გეიგონოს, თუ არა დაგვწყვიტავს. მაგენი ერთად უყურებდნენ სერიალებს და საწყალმა მარგალიტამ ალიხანდროს და მონიკას ჯავრი ჩეიყოლა მიწაში!
…
– დედაჩემს ხაჭაპური უყვარდა. დოუდევი, ქალო, თავთით!
– დოვუდებ, თუ არა არ გადაყლაპოს ერთბაშად! – საფლავშიც არ ასვენებს დედამთილს დოდო!
…
– სად გქონდა, ვანიჩკა, ეს მჟავე ღვინო, გამიხვრიტა კუჭი. აფსუს, მამაშენი გიყურებდეს ახლა, ცხონებული, დაგასხამდა თავზე. არ გაბედო და გულზე არ დააქციო, თუ არა იქაც მოკვდება საწყალი. აა, აგერ, თუ მაინცადამაინც, სერგიას საფლავზე დაასხი, მაგ ყველანაირს იტანდა!
…
ქალო, ლამარა, თუ გაწყრა ღმერთი და შენზე ადრე მომაკითხა მიქელამ, გიბარებ, აქანა არ დამასაფლაო, ცოტა ზევით, ეე, იქანა დამასაფლავე! – ხელით მონიშნა მომავალი სასურველი მუდმივსაცხოვრებელი გამომთვრალმა ჯემალამ!
– მაგ კონწოხზე რა ჯანდაბა გინდა, კაცო? – არჩევანი დაუწუნა ნანულიმ.
– რა მინდა და ჩემ ყანას უნდა ვუყურო აქიდან, მაინტერესებს ვის მიყიდის ჩემი ბედოვლათი შვილი!.. რა მინდა და აა, ნახე, სულ სველია მიწა, აქ ყველგან წყალი გამოდის და ხო იცი, რა ადვილად ვცივდები, არ მომიხდება იქანა ნესტში წოლა! – გეიღრიჯა ჯემალამ და იქვე მდგომ გურამის თვალებდაპრაწულ მანუჩარას კვერცხი გაუწოდა! – დაარტყი, ბიძია!
– ვერ დავარტყამ, შენ დაკირული კვერცხი გექნება და გამიტეხავ!
ჯემალამ გვერდულად გახედა მანუჩარას კვახის ბარდივით გადაშლილ, მადის აღმძვრელ ყურს, გაიწია მისკენ, თუმცა სიმთვრალეში მანძილი ვერ განსაზღვრა და მსხვერპლი ხელიდან გაუსხლტა.
– ამის იმედი აქ მამამისს?
…
– რუბენა, რა დალიე ამისთანა, გამეეთრიე გარეთ, საფლავზე კვერცხი უნდა გადააგორო, შენ რო გორიალობ
ხალხი ნელ-ნელა, ბანცალ-ბანცალით ტოვებდა სასაფლაოს ტერიტორიას.
-წამოდი, კაცო, აღარ მაქ შენი ჯიკავის თავი, ხო ხედავ, ფეხზე ვეღარ დგები, დაღამდება სადაცაა და წვრილფეხი მოსავლელი დამრჩება. აქ ყოფნას მერეც მეესწრები! – ექაჩება მთვრალ კუკურას ანგელინა.
-არსად არ მოვდივარ, ქალოო, თავი დამანებე, აქ ვრჩები მამაჩემთან! – გაჯიუტდა და ფეხები გაფშიკა კუკურამ.
-მამაშენთან კი არა, იმის მამასთან წასულხარ! – მიაწყევლა ანგელინამ და მთვრალ კუკურას ხელი გაუშვა.
…
სასაფლაო ნელ-ნელა დაიცალა… ყაყანი სასაფლაოს გარეთ გაგრძელდა… განსაკუთრებით ქალაქიდან ჩამოსულები აქტიურობდნენ…
– რას გვიგავს სასაფლაოს ჭიშკარი, ეს ეკადრებათ ჩვენ მიცვალებულებს?.. ან ეს ღობე რასა გავს?
– მერე რა პრობლემაა, ძმებო! – ლ დაარბილა კოტემ, – ხვალ დილით, ავდგეთ და გამოვიდეთ ასე ერთობით. საღამოს კიდე ჩავუსხდეთ კაცურად!
-კი ბატონო, ეს ამოსასვლელი გზაც შევაკეთოთ. სირცხვილია, დილით რაიონში ჩავალ და მანქანას ვნახავ, 5-6 რეისი ხრეში ეყოფა და ეგ არის!
-რაზეა საუბარი, თქვენ არ იცით რა ბედნიერები ხართ, აქ რომ ხართ, ყელში ამოვიდა ქალაქი. მორჩა, აღარსად აღარ მივდივარ მეც!
-არც მე წავალ ერთი თვე. ხვალვე დავრეკავ და შვებულებას გავაფორმებ. სოფლის ცენტრში რომ წყარო იყო ჩემს ბავშვობაში, ის უნდა აღვადგინო ხვალიდან!…
…
დაღამებამდე კიდევ ბევრი პრობლემა ჩამოთვალეს, იმსჯელეს, ერთი ხელის მოსმით გააკეთეს გზები, ღობეები, აამუშავეს გაჩერებული სოფლის წისქვილი, გაინაწილეს სამუშაოები… მოკლედ, აზრებით, მშენებლობის მტვერში გახვიეს სოფელი!
მერე… ნელ-ნელა ბარბაცით გაუდგნენ გზას.
-აბა, თქვენ იცით. დილით, შვიდ საათზე ვიკრიბებით! – ლუღლუღებს ვიტალი.
– შვიდი გვიანაა, ექვსზე იყოს! – ერთი საათი მოიგო ლაშამ.
– აბა, ხვალამდე, ხვალ გნახავთ!
…
დილით… დილით კი…
კოტე და ნოდარი უთენია წასულან… კუკურისაც რაღაც საქმეები გამოჩენია… ვაჟამაც, – დამირეკეს, დილით რო არ ვიყო, არ შეიძლებაო… იმასაც საქმე გამოუჩნდა… იმასაც… იმასაც…
და… ვრჩებით ისევ ისინი… ვინც გუშინდლამდეც აქ ვიყავით…
იმ იმედით, რომ ერთ წელიწადში… ისევ მოვა აღდგომის დღესასწაული… ისევ ჩამოვლენ ქალაქიდან ახალი ჯიპებით… ისევ გაგვაბოლებინებენ „ნასტავლ პაპიროსს“… ისევ დაგვარიგებენ ჭკუას… ისევ შეშურდებათ ჩვენი და იტყვიან „თქვენ რა გიჭირთ ამ სუფთა ჰაერზეო“… ისევ მოაწვებათ სოფლის ნოსტალგია და აუჩუყდებათ გული… ისევ დაგვიგეგმავენ მეორე დღისათვის სასაფლაოს ეზოს შემოღობვას… გზების შეკეთებას… წყაროების აშენებას…
…და გათენებულზე …ისევ გამოუჩნდებათ უამრავი საქმე…
მამუკა ჭიპაშვილი
ახალგამოცემული წიგნიდან „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ მამუკა ჭიპაშვილის სხვა ნოველები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი