ზვარეში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებსა და მათ დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

ერთი თვის წინ მუშებმა მძიმე სამუშაო პირობები გააპროტესტეს და კოლექტიური დავა დაიწყეს. ამ პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დამსაქმებელის, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ იურისტებისგან წარდგენილი ხელშეკრულების ნიმუში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებმა დაიწუნეს.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამჯერად ხელშეკრულების ნიმუშს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების იურისტები შეიმუშავებენ. ორშაბათს, 12 სექტემბერს, დამსაქმებელი გადაწყვეტს, მიიღებს ხელშეკრულების ახალ ვარიანტს თუ – არა.

ლევან ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ მედიაცია მხარეთა შეთანხმებით დასრულდება. თუ ასე არ მოხდა, ზვარეში დასაქმებულებს კანონიერი გაფიცვის უფლება აქვთ.

„ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულები, ჩინური კომპანიის იურისტები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან, – ამბობს ლევან ჟორჟოლიანი, – მხარეებს ყველა იმ რისკს ავუხსნი, რაც შეუთანხმებლობას მოჰყვება. მერე მათი გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებენ. მაქსიმალურად შევეცადეთ დამსაქმებლისა და დასაქმებულთა ინტერესების დაცვას. დიდი ალბათობაა, რომ დამსაქმებელმა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებისგან მომზადებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ამბობს, რომ მედიაცია ცოტა რთულად მიმდინარეობს. ის განმარტავს, რომ მათი რეკომენდაციები და შენიშვნები დამსაქმებელმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრა. იყო თარგმანის პრობლემაც.

„რადგან დამსაქმებელი დავითანხმეთ, რომ ჩვენ მოვამზადოთ ხელშეკრულება, ეს ნიშნავს, რომ მოწადინებულნი არიან პრობლემის მოსაგვარებლად, – ამბობს ილია ლეჟავა, – ორშაბათს, 12 სექტემბერს, ყველაფერი გაირკვევა, – დასაქმებულთა მოთხოვნებს დამსაქმებელი ხელშეკრულებაში სრულად ასახავს, თუ მუშები გაიფიცებიან.“

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე:

ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გრძელდება
რა პირობით განახლდა ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა
დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით
ჯანდაცვის სამინისტრო – ზვარეში იძულებითი შრომის ნიშნებია
ზვარეში აქცია გრძელდება
აქცია ზვარეში – მდუმარე მუშები ალაპარაკდნენ
საუკუნის პროექტი“ დაუცველი შრომის უფლებით ხარაგაულში