„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია პერმანენტულად აშუქებს სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების შემოღების საკითხს. „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი თამთა გოგოლაძე ტელეგადაცემა „რეალური სივრცის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა სასკოლო კვების თემისადმი მიძღვნილ გადაცემაში მიიწვია. გთავაზობთ, თამთა გოგოლაძის მორიგ სტატიას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით.

„მოძრაობა ხმამ“ 2022 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ანგარიში, თუ რა თანხა დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს უფასო სასკოლო კვება ყველა საჯარო სკოლაში. კვლევა საორიენტაციო და მიახლოებითია,  თუმცა საქსტატის ფასების ცხრილსა და გაეროს ბავშვთა ფონდის სასკოლო მენიუზეა დამყარებული.

„გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალურად ქართული სკოლებისთვის სასკოლო მენიუ მოამზადა, – აღნიშნულია კვლევაში, – მენიუში გხვდება მოსწავლეების საყვარელი საკვები, ანუ ის, რასაც მოსწავლეები ყიდულობენ სკოლის ბუფეტებში თუ სკოლასთან ახლომდებარე საცხობებში – სენდვიჩი, ხაჭაპური, ლობიანი; მაგრამ ასეთი საკვები ამ მენიუში მოწოდებულია იმგვარად, რომ ის ჯანსაღი და დაბალანსებული იყოს.

მისი განფასებისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოვითხოვეთ მონაცემები 2022 წლის სექტემბრის თვეში საკვებ პროდუქტებზე საშუალო საბაზრო საცალო ფასების შესახებ. მიღებული მონაცემები გამოვიყენეთ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ულუფის ხარჯის დასადგენად.

ამ მეთოდით დავიანგარიშეთ, რა იქნება სასკოლო საკვების საორიენტაციო ბიუჯეტი უშუალოდ საკვებზე (ტრანსპორტირების, შენახვის და დამზადების გარეშე).

ამ გაანგარიშებით, ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი ულუფის საშუალო ღირებულება 1,66 ლარია. შესაბამისად, ერთი მოსწავლის საკვები ბიუჯეტს წელიწადში, საშუალოდ, 266 ლარი დაუჯდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გათვლით, მხოლოდ საკვებზე დანახარჯი 144,8 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველო, მსოფლიო ბანკის მიხედვით, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება. ბავშვთა კვების გლობალური ფონდის მონაცემების მიხედვით, საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში უფასო სასკოლო კვების პროგრამებში საკუთრივ საკვების ხარჯის წილი მთლიანი ხარჯის 73%-ია.

საკვების ტრანსპორტირებაზე, შენახვაზე, დამზადებასა და სხვა მხარდამჭერ პროცესებზე მთლიანი ბიუჯეტის 27% მოდის. თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოვა, რომ ერთი მოსწავლის ულუფის ღირებულება 2,27 ლარი იქნება (საკვებისა და მხარდამჭერი პროცესების ჩათვლით), ხოლო უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი ლარი დაუჯდება.

საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე 291 881 მოსწავლე სწავლობს. თუ უფასო სასკოლო კვების პროგრამა, თავდაპირველად, მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი, პროგრამის ბიუჯეტი განახევრდება და დაახლოებით 106 მილიონი ლარი იქნება“, – აღნიშნულია „მოძრაობა ხმის“ მიერ მომზადებულ კვლევაში.

 

მიზნობრივი თუ საყოველთაო

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი მიიჩნევს, რომ სასკოლო კვება უნდა იყოს უნივერსალური, თუმცა მშობლების თანამონაწილეობით.

„ჩვენი სახელმწიფო არ არის მდიდარი. შესაძლოა, უფასო სასკოლო კვების ხარჯი სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ამით ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება. სასკოლო კვების პროგრამა, რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლისთვის უნდა იყოს. თუმცა, უნდა გამოინახოს რაღაც ფორმა, რომლითაც ამ პროგრამის დაფინანსებაში მშობლებიც ჩაერთვებიან. ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფოს მშობლების ნაწილი შეეხიდება, პროგრამა უფრო ეფექტურად განხორციელდება.

ჩვენი სახელმწიფო მიზნობრივი, სოციალური პროგრამებით დახუნძლულია. ამას არ მივესალმები და ვფიქრობ, რომ ჯანმრთელი და ახალგაზრდა ადამიანი სოციალურ დახმარებას არ უნდა იღებდეს. სახელმწიფო უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანთა დასაქმებაზე, რომ მათ შეძლონ თავიანთი შრომით მიიღონ შემოსავალი. არ ვთვლი, რომ სახელმწიფოში კიდევ ასეთი დამატებითი მიზნობრივი პროგრამა, რაიმე სასიკეთო შედეგის მომცემი იქნება.

მე, როგორც მშობელი, სიხარულით გავიღებ ბავშვის კვებისათვის გარკვეულ თანხას და ვთვლი, რომ ეს იქნება სწორი მოქალაქეობრივი პოზიციიდან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ უნდა გახდეს ბავშვების დიფერენცირების შესაძლებლობა.

მათ უნდა ჰქონდეთ აბსოლუტურად ერთნაირი ბარათი, რომლითაც ისინი საკვების შეძენას შეძლებენ. ვფიქრობ, რომ მშობლებმა, რომელთა წლიური შემოსავალი, პირობითად, 40 ათას ლარს აღემატება, ყოველთვიურად ბავშვთა კვებაზე თანხა უნდა გაიღონ“, – მიაჩნია ქეთევან თურაზაშვილს.

„მოძრაობა ხმას“ წარმომადგენელი ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სასკოლო კვება საქართველოს სკოლებში აუცილებლად უნივერსალური უნდა იყოს, რადგან მიზნობრივი პროგრამები, როგორც წესი, მეტ ადმინისტრაციულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ უფასო სასკოლო კვება მივიდეს მხოლოდ იმ ბავშვებამდე, რომელიც რაღაც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ამისათვის საჭიროა, სახელმწიფომ შექმნას შესაბამისი უწყება, რომელიც შეამოწმებს ამ ოჯახებს, იდენტიფიცირებას გაუკეთებს იმ ბავშვებს, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება.

ეს რთული პროცესია, ოჯახში უნდა მივიდეს სოციალური აგენტი და შეამოწმოს საყოფაცხოვრებო გარემო, შემოსავლები. დაუკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა, ოჯახმა გაასაჩივროს. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს უწყება, რომელიც ამ საჩივრებს განიხილავს და ა.შ.

შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ საქართველოში უკვე გვაქვს სოციალური პროგრამა. ამ პროგრამის მიხედვით ბავშვების სასკოლო კვების განსაზღვრა დაუშვებელია, რადგან ძალიან ბევრ ოჯახს, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, სტატუსი არ აქვს. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი ავტორიტეტული კვლევა, მათ  შორის იუნისეფის კვლევაც.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც უფასო სასკოლო კვების საკითხი უფლების რანგში იქნა აყვანილი. უფასო სასკოლო კვება XX საუკუნეში ბრიტანეთსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში დაიწყო, თუმცა ეს კონსტიტუციით არ იყო განსაზღვრული. აღმოჩნდა, რომ 100 წლის წინ საქართველო ამაზე უკვე ფიქრობდა, კონსტიტუციაში იყო გათვალისწინებული მოსწავლეებისთვის უფასო საუზმე და ეს საყოველთაო უნდა ყოფილიყო.

რატომაა მნიშვნელოვანი სასკოლო კვება? სახელმწიფო განაში, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, კვლევებით დადასტურდა, რომ მოსწავლეების აკადემიური მოსწრება და ზოგადი განათლების დონე მოსწავლეებში დაბალია. მას შემდეგ, რაც განაში უფასო სასკოლო კვების პროგრამა დაინერგა, კვლევებმა აჩვენა, რომ წიგნიერების დონე და მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ბევრად გაიზარდა“, – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე:

სკოლებში უფასო კვების დანერგვა მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

მშიერი მოსწავლეები ცუდად ყოფნის მიზეზს მალავენ

„მუნიციპალიტეტებში ბავშვთა საჭიროებები კვალიფიციურმა ორგანიზაციებმა უნდა იკვლიონ“

სასკოლო კვების დასანერგად, ხარაგაულის თვითმმართველობაში ამ საკითხის განხილვა იწყება

ერთი კვირის განმავლობაში 24 პირველკლასელის კვებას 211 ლარი დასჭირდა

ბორისა და ვარძიის სკოლებში, ამერიკელი დონორების მხარდაჭერით, ყველა მოსწავლეს ერთჯერადად კვებავენ

სასკოლო კვების პროგრამაზე უწყებათაშორისი ჯგუფი იმუშავებს – გაეროს ბავშვთა ფონდი