ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მელორ ცქვიტაიამ პირველკლასელთა უფასო კვებაზე იზრუნა.
რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო კვება სკოლებში, რა გამოწვევების წინაშე ვართ და რა შედეგი მოიტანა უფასო სასკოლო კვების დაწყებამ სკოლაში, – ამაზე თავად მელორ ცქვიტაია გვესაუბრება.
– სასკოლო კვების საკითხი ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო, – ამბობს ბატონი მელორი, – ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრებს, რომლებიც ამ თემას შეეხებოდა. თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ კვების საპილოტე აქტივობას ჩვენს სკოლაში განვახორციელებდი, რადგან მგონია, რომ ეს იმდენად კომპლექსური საკითხია, რომ ამაში უნდა ჩაერთოს არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოება, არამედ სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებები. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ სახელმწიფომ უფრო მეტად დაინახოს ამ საკითხის მნიშვნელობა და მაქსიმალურად გააქტიურდეს ამ მიმართულებით მუშაობა.
საწყის ეტაპზე გამოვკითხე მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები ჩვენი და მეზობელი სკოლებიდან. გამოკითხულთაგან მხოლოდ ორმა მოსწავლემ შეიკავა თავი, ყველა დანარჩენმა აღნიშნა, რომ უფასო სასკოლო კვების დანერგვა აუცილებელია და რაც შეიძლება მალე.
ჩვენს სკოლაში 15-მდე კლუბური გაერთიანებაა, სხვადასხვა მიმართულებით. ბევრ აქტივობას ვახორციელებთ ბუნების დასაცავად. ასევე გვაქვს სამეწარმეო კლუბი, სადაც ეკონივთებს ვამზადებთ და ვყიდით. შემოსული თანხით გადავწყვიტეთ, რომ პირველ კლასში, საპილოტედ უფასო სასკოლო კვება დაგვეწყო, ერთი კვირით. აქტივობის განხორციელების მომენტში ბევრი სირთულე წარმოიშვა. ერთია თეორიული ცოდნა, ხოლო მეორეა ეს პრაქტიკულად განახორციელო.
აბსოლუტურად დავიცავით სასკოლო კვების სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის ნახშირწყლებით მდიდარი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული საკვების მომზადებას. ყოველდღიური ჯანსაღი ულუფის შესადგენად ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგები დავიხმარე. მასწავლებლების, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მშობლების ჩართულობით შევიძინეთ ის პროდუქტები, რომლებიც კვების რაციონში უნდა გამოგვეყენებია.
ვინაიდან კვება იყო მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში, მასწავლებლებმა თვითონ შემომთავაზეს ისეთი პროდუქტები, რომლებსაც წინასწარ მომზადება სჭირდებოდა (წიწიბურა, კარტოფილი, ბრინჯი). საკვებს მასწავლებლები სახლში დაამზადებდნენ.
თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. იმ პირობებში, რომელშიც ახლა აფხაზეთის #10 სკოლაა, სრულიად შეუძლებელი იყო სასკოლო კვების დანერგვა. ჩვენს სკოლას არ გააჩნია საკუთარი შენობა. იმ ფართში, სადაც სკოლაა განთავსებული, საკლასო ოთახები ძლივს გვყოფნის. არ გვაქვს დირექციის ოთახი და ღონისძიებების დარბაზი. სასადილო ოთახად გამოვიყენეთ 18 კვმ ფართის ოთახი, რომელიც მშობლების ჩართულობითა და მონდომებით მოვაწესრიგეთ.
პირველ დღეს მოსწავლეებისთვის შევიძინეთ ერთჯერადი თეფშები, ჭიქები, ჩანგლები და ა.შ. ეს იყო დიდი შეცდომა. კვების შემდეგ იმდენად დიდი რაოდენობის ნარჩენები წარმოიშვა, რომ სირცხვილია სკოლისთვის, რომელიც გასული წლის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მფლობელია. ამიტომ მოვიფიქრეთ ალტერნატიული გზა, – მშობლებს ვთხოვეთ, რომ ბავშვებისთვის ეყიდათ მრავალჯერადი კონტეინერები ე.წ. ლანჩ ბოქსები.
პირველ კლასში 24 მოსწავლე სწავლობს, მათი კვება ერთი კვირის განმავლობაში 211 ლარი დაჯდა, ერთი ბავშვის ერთჯერადად კვების ღირებულებამ 1.60 ლარი შეადგინა.
კვების რაციონში შედიოდა წიწიბურა, ბრინჯი, მოხარშული კვერცხი, კარტოფილის პიურე, სოსისი, ქათმის ფილე, უმი ბოსტნეული და სხვადასხვა ხილი.
მოსწავლეები სასწავლო პერიოდში ძირითადად მიირთმევენ ან ცომეულს ან ტკბილეულს, მათი კვების რაციონში, მათ შორის არც სახლში, ბოსტნეული არ შედის. ამიტომ კვების პირველ დღეს მხოლოდ რამდენიმე მოსწავლემ მიირთვა ბოსტნეული. ამის გამო მეორე დღეს მოტივაციისთვის ვთქვი, რომ ვინც ბოსტნეულს შეჭამდა, მას მისთვის სასურველ ხილს ან ბურღულეულს დავუმატებდით. ამ მეთოდმა იმუშავა და მომდევნო დღეებში ყველა ბავშვი მიირთმევდა ბოსტნეულს.
მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სკოლაში კვებას აღარ ვახორციელებთ, მეუბნებიან, რომ ზოგიერთი ბავშვის კვების რაციონში, მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, სახლში ბოსტნეული აუცილებელი კომპონენტი გახდა.
კვების პროცესი ძალიან ხალისიანი გამოდგა და ბავშვების მეტად დაახლოებას შეუწყო ხელი. ერთმა ბავშვმა გადაულაპარაკა მეორეს და ჰკითხა – შენ გიყვარს სტაფილო? კიო, – უპასუხა მეორემ. ჩვენ ორივეს სტაფილო გვიყვარს და ვიმეგობროთო, – ერთად კვება სოციალიზაციის არაჩვეულებრივი საშუალებაა, ბავშვებს ერთმანეთის ესმის, არ არის კონფლიქტი.
ჩემი აზრით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება სწორედ აქედან იწყება.
ამ ხუთდღიანმა კვების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბავშვებს შორის არ შეიძლება იყოს არანაირი სოციალური დიფერენცირება. ყველა ბავშვი მიირთმევდა ერთნაირ საკვებს და მათ შორის არანაირი განსხვავება არ შეინიშნებოდა. ამიტომ საჭიროა, რომ კვება სკოლებში იყოს საყოველთაო, თუმცა შეიძლება მოინახოს დაფინანსების გზა, რომელშიც მშობელიც მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენ კვება განვახორციელეთ მხოლოდ პირველ კლასში. სხვა კლასების მოსწავლეებს ავუხსენით, რომ ისინი პატარები იყვნენ და ამიტომ მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სკოლაში კვება.
შევნიშნე, რომ VII-VIII კლასების მოსწავლეები, როცა დამინახავდნენ, დერეფანში მუხლებში მოხრილები დადიოდნენ; როცა ვკითხე, ასე რატომ აკეთებდნენ, მითხრეს, რომ „მასწ. ჩვენც პირველ კლასელები ვართ და კვება ჩვენც გვინდაო“.
ხუთი დღე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კვლევის შედეგი დადო, როგორია დანაყრებული ბავშვის დამოკიდებულება და მდგომარეობა საგაკვეთილო პროცესში. თუმცა, ხუთი დღე კი არა, შეიძლება 20 წუთიც საკმარისი იყოს იმისთვის, რომ აღმოაჩინო, – მშიერ ბავშვზე უკეთ დანაყრებული ბავშვი აზროვნებს. თუ ბავშვები ჭამამდე ცქუტავდნენ, მოუსვენრად იყვნენ, ჭამის შემდეგ ისინი აბსოლუტურად კარგ ხასიათზე დადგნენ.
პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ – ერთ დღეს კვების შემდეგ მოსწავლეებს მივეცით ინდივიდულური სამუშაო, ხოლო მეორე დღეს – გუნდური. აღმოჩნდა, რომ ვინაიდან კვება გუნდური პროცესია, გუნდური სამუშაო მოსწავლეებმა უკეთ შეასრულეს.
ვფიქრობთ, რომ აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში მომავალი სასწავლო წლიდან აუცილებლად დავნერგავთ კვლავ პირველკლასელებისათვის კვებას. თუმცა ეს ვერ იქნება ყოველდღიური და შევეცდებით კვირაში ორი ან სამი დღის განმავლობაში განვახორციელოთ.
სახელმწიფოს მიერ სკოლაში კვების დანერგვა ძალიან შრომატევადი, რთული და ძნელად განსახორციელებელი იქნება, პირველ რიგში იმის გამო, რომ საქართველოში მოქმედი სკოლების 99%-ში ამ მხრივ ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, არ არის სასადილო სივრცე; მითუმეტეს, სკოლებში არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთახები, სადაც შეიძლება საკვების მომზადება.
სკოლებში დღეს არსებული ათწუთიანი – ე.წ. დიდი დასვენება არაფრით არ იქნება საკმარისი ბავშვების კვების პროცესისათვის. ამიტომ საჭირო გახდება 15-20 წუთიანი დასვენება, რაც სასწავლო პროცესს მთლიანობაში გაახანგრძლივებს. ასევე საჭირო იქნება განრიგი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა კლასების მოსწავლეები სასადილო ოთახით ისარგებლებენ. მთელი რიგი გასათვალისწინებელი საკითხებია. თუმცა, საჭიროა დაწყება, პირველი ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც გარკვეულ სეგმენტ ჯგუფებში დანერგვა. შემდეგ კი გამოცდილების მიხედვით შეიძლება გარკვეული მიდგომების დახვეწა და კორექტირება.
მხოლოდ სახელმწიფო ან მშობელი ვერაფერს იზამს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გუნდური მუშაობა. ოჯახი, სკოლა და საზოგადოება – თუ ეს წრედი შეიკვრება, დაინტერესდება და პრობლემას რეალურად დაინახავენ, ვთვლი, რომ ყველა ეს გამოწვევა დაძლევადია.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი