პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებები შეიქმნა.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ 2022 წლის ნოემბრიდან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი „ბავშვის უფლებების ეფექტური დაცვა“. ამ პროექტის ძირითად მიზანს ზემო იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონში) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებების მონიტორინგი წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში ბავშვთა საჭიროებების კვლევა და ასევე ფოკუსჯგუფების (მშობლები, პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები) გამოკითხვა ჩატარდა.
ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ დირექტორი რუსუდან გურგენიძე ამბობს, რომ „ყველა მუნიციპალიტეტს დაეგზავნა ელექტრონული კითხვარები, რომლებიც ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებების წარმომადგენლებმა შეავსეს. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ განყოფილებები საკვლევ მუნიციპალიტეტებში ერთნაირად არ არის შექმნილი. ზესტაფონში ეს განყოფილება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში – სოციალური სამსახურის დაქვემდებარებაშია. საჩხერეში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება არ შექმნილა. თუმცა ყველა შესაბამისი შტატი დაკავებულია და ისინი სოციალურ სამსახურს ექვემდებარებიან. ვფიქრობთ, ამ ხარვეზის გამო ვერ ხერხდება ბავშვებსა და ოჯახებზე მორგებული ეფექტური პროგრამების შემუშავება.
კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ყველაზე მეტი პროგრამა აქვს ხარაგაულის განყოფილებას მაშინ, როცა საჩხერეს, ზესტაფონსა და ჭიათურას, ხარაგაულთან შედარებით, გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვთ.
ბავშვთა განყოფილებებში უნდა იყოს ინსპექტორის შტატი. ეს შტატი მხოლოდ საჩხერის მუნიციპალიტეტშია. თუმცა, ამ პოზიციაზე დასაქმებულის უფლება-მოვალეობები ძალიან ჰგავს შსს-ს თანამშრომლის უფლება-მოვალეობებს.
შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის უფლებების განყოფილებები მუნიციპალიტეტებში ნაუცბათევად შეიქმნა. აუცილებელია, ამ განყოფილების კოორდინირებული მუშაობა რესურსცენტრთან, სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. ეს ურთიერთობები არა პირადი დამოკიდებულებებით, არამედ კანონით უნდა რეგულირდებოდეს.
მუნიციპალიტეტებში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებები დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად შეიქმნა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ცენტრალური ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება არ მოჰყოლია. ამიტომ ამ განყოფილებების თანამშრომელთა ხელფასები და ხარჯი მთლიანად მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარდა კვლევა და გამოიკვეთა, რომ ბავშვთა საჭიროებები ყველგან იდენტურია. ვფიქრობთ, რომ თუ საჭიროებებს კვალიფიციური ორგანიზაციები გამოიკვლევენ, ბავშვებზე უფრო მეტად მორგებული გახდება ამ განყოფილებების მუშაობა.
კვლევის პროცესში გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი – ამ განყოფილებებში უნდა იყენებდნენ ბავშვზე მორგებულ განაცხადის ფორმებს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური სახით, რომ თვითონ ბავშვმა შეძლოს, მომართვის შემთხვევაში, განაცხადის შევსება.
ფოკუსჯგუფების გამოკითხვისას, ყველაზე დიდი პრობლემა რაც გამოიკვეთა, ინფორმაციის ნაკლებობაა. მშობლებმა და პედაგოგებმა არ იციან რისთვის, როდის და რა მიზნით შეიქმნა ეს განყოფილებები და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ მათ.
ცნობადობის მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ხარაგაულში. თუმცა, ეს მაინც არასაკმარისია. ამ განყოფილების წარმომადგენლები თითოეულ საბავშვო ბაღსა და სკოლაში უნდა შეხვდნენ მშობლებს, გააცნონ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები, – რა შეუძლიათ და რა დროს უნდა მიმართონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვთა უფლებების კუთხით ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ბავშვთა კვებაა სკოლებში, სასკოლო მზაობის ჯგუფებსა და ოჯახებში.
სოფლებში სასკოლო მზაობის ჯგუფები ფუნქციონირებენ. იმის გამო, რომ აქ შუადღისას კვება გათვალისწინებული არ არის, მშობლები შვილების მიყვანისგან თავს იკავებენ. თუ სოფელში იქნება სრულყოფილი სკოლამდელი აღზრდის სერვისი, ბავშვთა კონტინგენტი გაცილებით მოიმატებს.
მოსწავლეთა კვება სკოლებში დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მხოლოდ ერთი უწყების მუშაობა შედეგის მომტანი ვერ იქნება და საჭიროა, ყველა რგოლი გააქტიურდეს.
ბავშვთა კვების პრობლემა არსებობს სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებში.
ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახებში ბავშვები პრიორიტეტს ვერ წარმოადგენენ და ხშირად ისინი ოჯახზე გამოყოფილი შემწეობის მიზერულ ნაწილსაც კი ვერ იღებენ.
დიდი პრობლემაა ყველა მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით ხარაგაულში, შშმ ბავშვებზე სერვისების ხელმისაწვდომობის არარსებობა. საჩხერეში, ჭიათურასა და ზესტაფონში ფუნქციონირებს დღის ცენტრები, თუმცა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან დღის ცენტრში მოხვედრის მსურველი ბევრად მეტია.
ხარაგაულში დღის ცენტრი საერთოდ არ არის. აქ ხელმისაწვდომია მხოლოდ „ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა“, რომელსაც „თაირისი“ ახორციელებს. ეს პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის განვითარების ხელშეწყობას 7 წლის ასაკამდე. შშმ ბავშვებისათვის კი უწყვეტი განვითარება აუცილებელია. გამომდინარე აქედან, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ხშირ შემთხვევაში ოჯახების ხარაგაულიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი.
ხარაგაულში ასევე გამოიკვეთა, რომ გოგონებს, ვაჟებთან შედარებით, არ აქვთ ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სპორტულ წრეებზე. თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ააიპ-ში მოქმედებს სპორტული წრეები გოგონებისათვის, აქ მათ ბიჭებთან ერთად უწევთ ვარჯიში, რაც მისაღები არ არის.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ოჯახში ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მშობლები ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ იმისათვის, რომ ისინი საოჯახო საქმეებში მიეხმარონ. მშობლებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა“, – ამბობს რუსუდან გურგენიძე.
„ფოკუს ჯგუფების გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდები ბავშვთა სივრცეებს მოკლებულნი არიან, – აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე, – მუნიციპალიტეტების ცენტრებშიც კი ნაკლებია სკვერები, რომლებიც ბავშვთა საჭიროებებზეა მორგებული, დედაქალაქში კი ასეთი სკვერები თითქმის ყველა ქუჩაზეა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ სოფლებში. ასეთი სკვერების კეთილმოწყობაზე თვითმმართველობებმა მეტი უნდა იმუშაონ და იფიქრონ“.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურა „ბავშვის უფლებების ეფექტური დაცვა“, რომლის წარდგენაც დაგეგმილია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, პარლამენტში, სახალხო დამცველის აპარატსა და სხვა დარგობრივ უწყებებში.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი