გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს და მის მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე სკოლებში მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე და მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე ისაუბრეს.

ღასან ხალილის ინფორმაციით, მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სასკოლო კვების პროგრამა დაგეგმვის ეტაპზე გადავიდა, – ამბობს ღასან ხალილი, – ეს მოგვცემს ნათელ წარმოდგენას, თუ როგორ მოხდება მისი სისრულეში მოყვანა და რა სარგებელს მიიღებენ ამ პროგრამისგან ბავშვები და სკოლები.

ამ მიზნით პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ჩამოაყალიბებენ სამინისტროთაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელშიც ბავშვთა ფონდიც შევა.

ამ ჯგუფში განიხილება სასკოლო კვების პროგრამის დანერგვისთვის საჭირო ნაბიჯები. ძალიან მალე ჯგუფი მოამზადებს ბავშვებისთვის სკოლებში კვების სრულ კონცეფციას.

გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია ბავშვებისთვის.

სასკოლო კვების პროგრამა ხელს შეუწყობს და გაზრდის ბავშვისთვის სკოლის ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს, რომ ბავშვმა სტაბილურად გააგრძელოს სკოლაში სიარული.

ბავშვის მიერ სადილის მიღება ასევე გააუმჯობესებს მის აკადემიურ მოსწრებას და სოციალიზაციის უნარს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშების მიერ საკვების ერთად მიღების დადებითი სოციალური ასპექტი. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ფიზიკური დისტანციის დაცვით, რომელიც ყველამ ყოველთვის უნდა დავიცვათ.

კიდევ ერთი ეფექტი, რომელსაც მივიღებთ, არის ადგილობრივი ბაზრების ამოქმედება. ადგილობრივი ფერმერების მიერ სკოლებისთვის კვების პროდუქტების წარმოება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებას. ამავე დროს მივაღწევთ ბავშვების უკეთეს კვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ის, თუ რას უნდა მოცავდეს სასკოლო კვება, მრავალ დეტალს მოიცავს. ზოგ ქვეყანაში ეს გულისხმობს მსუბუქ საუზმეს, ზოგან ლანჩს კონტეინერით, ზოგან კი მხოლოდ ერთ ცალ ხილს.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, სასურველია, ეს იყოს სასკოლო სადილი, რომელიც გაჯერებულია ბავშვთა კარგი კვებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისგან ძლიერი პოლიტიკური მზაობა დავინახე.

რასაკვირველია, საჭიროა შემდგომი განხილვა, რამდენ კლასში იქნება ეს და როგორი მოდალობით. ასევე არსებული ბიუჯეტის გათვალისიწნებით.

აღნიშნული ასპექტების განხილვა უახლოეს მომავალში მოხდება და იმედი გვაქვს, რომ ერთი თვის ფარგლებში შეიძლება დამატებითი სიახლეები გაგიზიაროთ“.

წყარო 

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

„უფასო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოს სკოლებში აუცილებელია“ – ანა არგანაშვილი