საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის Unicef მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, სასკოლო პერიოდში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია კვების ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (36%), ხოლო ბავშვების 16% აღნიშნავს, რომ საკვების შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან, მხოლოდ ორ მათგანში, ამერიკელი დონორების მხარდაჭერით, მოსწავლეები ერთჯერადად იკვებებიან.
ბორის სკოლაში მოსწავლეების კვება, უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს; ხოლო ვარძიის სკოლაში 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
ქუთაისის მოზარდთა სახლი 2000-იანი წლების დასაწყისში, ამერიკელი დონორების მხარდაჭერით, ბავშვთა სახლებს ეხმარებოდა. 2003-2004 წლებში, ერთ-ერთ ამერიკელთან, ერთად ბორის სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ.
„მძიმე წლები იყო, – იხსენებს ა/ო ქუთაისის მოზარდთა სახლის დირექტორატის თავმჯდომარე ვასო ნატროშვილი, – საკვების, ჩასაცმელის, მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების – ყველაფრის ნაკლებობა იყო. ამიტომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მათი დახმარება დავიწყეთ. თავდაპირველად მხოლოდ პანსიონის ბავშვებს ვეხმარებოდით.
ამერიკელები წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ და, რა თქმა უნდა, სკოლის სხვა ბავშვებთანაც ჰქონდათ ურთიერთობა. დაინახეს, რომ შუადღისას მხოლოდ პანსიონის ბავშვები იკვებებოდნენ, დანარჩენი ბავშვები კი მშივრები რჩებოდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთან ერთად სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსაც ეჭამათ, ბოლო პერიოდში კი შევძელით, რომ ერთჯერადი კვება ყველა ბავშვისთვის შეგვეთავაზებინა.
ბორისა და ვარძიის სკოლების ერთი მოსწავლის კვება დღეში დაახლოებით 2 ლარამდე ჯდება, თანხას ყოველთვიურად ხარაგაულელ ინდმეწარმეს ვურიცხავთ, რომელიც საკვებ პროდუქტს ყიდულობს და ბორის სკოლას აწვდის“.
ბორის სკოლის დირექტორის მ/შ მაია გაგოშიძე ამბობს, რომ სკოლის ექთანი ყოველდღიურ მენიუს ადგენს და ამის მიხედვით საწყობის გამგე საჭირო რაოდენობით პროდუქტს გასცემს.
„დამრჩენი (პანსიონის) ბავშვებისთვის კვება დღეში სამჯერადია, ხოლო დანარჩენ მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ ღვეზელები ურიგდებათ. ბორის სკოლაში სტილისტის, ჭრა-კერვის, კომპიუტერების შემსწავლელი, კარატის წრე, ცეკვის წრეები ფუქციონირებს, ბავშვები კვების შემდეგ ამ წრეებზე მეცადინეობენ და რომ არა სასკოლო კვება, მშიერი მოსწავლეები ამ წრეებში ჩართვას ნამდვილად ვერ შეძლებდენ.
უფასო სასკოლო კვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს სკოლაში ბუფეტი ფუნქციონირებდა, თუმცა ბავშვები უსახსრობის გამო ვერაფერს ყიდულობდნენ და მალევე დაიხურა. არც მაღაზიაა ახლომახლო, რომ რაიმე შეიძინონ. ვისურვებდი, რომ სასკოლო კვება საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგოს, რადგან მშიერი ბავშვის ათვისების უნარი ძალიან დაბალია“.
ბორის სკოლის მოსწავლეები თამთა პავლაძე და გვანცა ავალიშვილი სასკოლო კვებით ძალიან კმაყოფილები არიან. ისინი ამბობენ, რომ ვიდრე სკოლაში კვება დაინერგებოდა, დილის 9:00 საათიდან 15:00 საათამდე მოსწავლეებს სკოლაში მშიერი უწევდათ ყოფნა, რაც განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უჭირდათ.
„სასკოლო კვება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ის დრო, რასაც სკოლაში ვატარებთ, უფრო მეტად პროდუქტიულად გამოვიყენოთ, ვიყოთ მოტივირებულები და შიმშილის გამო სახლში აღარ გავიქცეთ“, – ამბობენ ბორელი მოსწავლეები.
ბორის სკოლის მოსწავლის მშობელი მაგდა მაწკეპლაძე ამბობს, რომ სოფელში თითქმის არც ერთ ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ შვილებს მენიუ ყოველდღიურად შეუცვალონ.
„სკოლაში ორშაბათს ყველიანი ღვეზელია, სამშაბათს კარტოფილიანი, ოთხშაბათსა და პარასკევს ლობიანი, ხოლო ხუთშაბათს ხორციანი. მე ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, ყოველდღიურად მათ თითო ლარი რომ გამოვატანო სკოლაში, თვეში 40 ლარი დამჭირდება; როგორ უნდა გადავდო ეს თანხა, როცა თვიურად ჩემი შემოსავალი 180 ლარია?!
ვიღაცა იტყვის, რომ ყოველდღიურად ღვეზელების მიღება არ შეიძლება, – შიმშილს ყველაფერი ჯობია. მადლობა ამერიკელ მეგობრებს, სკოლის დირექციასა და იმ მარჯვე ადამიანებს, რომლებიც სკოლაში ყოველდღიურად ჩვენი შვილებისთვის საქმიანობენ“, – ამბობს მშობელი მაგდა წკეპლაძე.
ვარძიის სკოლის 69 მოსწავლისთვის ანა მაღლაფერიძე ღვეზელებს ყოველდღიურად სხვადასხვა შიგთავსით ხარაგაულში, თავის საცხობში, აცხობს. შემდეგ მერაბი გიორგაძეს თავისი მანქანით ღვეზელები სკოლაში მიაქვს და კანცელარიის ოთახში ტოვებს. დიდ დასვენებაზე მოსწავლეებს ორ-ორი ღვეზელი ურიგდებათ.
„30 წელია, ვარძიის სკოლაში ვმუშაობ, – ამბობს ვარძიის სკოლის დირექტორი ჯამბული ხიჯაკაძე, – ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვი შიმშილისაგან ცუდად გახდა. ყველა მოზარდს სჭირდება სასკოლო კვება. სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საკვები ზოგჯერ სახლშიც არ აქვთ, ამიტომ სკოლაში უფასო კვების დანერგვა აუცილებელია“,
„კვების დროს ორგანიზმი ნახშირწყლებითა და გლუკოზით მარაგდება, დახარჯულ ენერგიას აღიდგენს და ბავშვები სრულფასოვნად და აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში“, – ამბობს ვარძიის სკოლის ექიმი თამარ ბარბაქაძე.
სასკოლო კვების გარდა, ამერიკელი დონორები ორივე სკოლაში, თვეში ერთხელ, მოსწავლეთა ოჯახებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექციასა და ტექნიკურ პერსონალს მშრალ საკვებ პროდუქტებს (ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, ლობიო) ურიგებს; მოსწავლეებისთვის ზამთარში ჩექმებსა და ქურთუკებს, ხოლო ზაფხულში ბოტასებსა და სპორტულ ტანსაცმელს ყიდულობს.
რა ხედვა და იდეა აქვთ სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებით, – ამის გასარკვევად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივმართეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე ამბობს, რომ სკოლაში კვების დანერგვა აუცილებელია, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტის ხარისხსა და მომზადების წესს.
„საქართველოში დაახლოებით 2000-მდე საჯარო სკოლაა. მოსწავლეთა, კვება რა თქმა უნდა, დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს და შესაბამისად დაიგეგმოს.
ჩემი ორი შვილი სკოლის მოსწავლეები არიან, ყოველდღიურად მე და ჩემი მეუღლე ჰამბურგერებს და მსგავს მშრალ საკვებს ვუმზადებთ და სკოლაში ვატანთ. შეიძლება ყველა ოჯახს ყოველდღიურად სხვადასხვა კერძი არ ჰქონდეს, მაგრამ ელემენტარულად ყველი და პური მაინც უნდა გამოატანონ სკოლაში ბავშვებს“, – მიაჩნია დავით კიკნაძეს.
ხარაგაულის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შმაგი ხიჯაკაძეს არ სჯერა, რომ საქართველოში ცხოვრობენ ოჯახები, რომლებსაც ყოველდღიურად 6 ლარი არ აქვს, რომ შვილებს სკოლაში გამოატანონ. მით უფრო დაუჯერებელია მისთვის, რომ არის შემთხვევები, როცა ბავშვი სკოლაში შიმშილისგან ცუდად გახდა.
„არსად წერია, რომ ვინმე ვალდებულია, ბავშვებს სკოლაში საჭმელი აჭამოს; სადაა, რომელ ქვეყანაშია სკოლაში კვება? რომელ ოჯახს უჭირს ისე, რომ ბავშვი ვერ გამოკვებოს ან სკოლაში თანხა ვერ გამოატანოს?! – კითხულობს შმაგი ხიჯაკაძე.
უფასო სასკოლო კვება XX საუკუნეში ბრიტანეთსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში დაიწყო. დღეისათვის ის ყველა განვითარებულ ქვეყნებში სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში უფასო სასკოლო კვება სამჯერადია და მოიცავს უფასო საუზმესა და ლანჩს სკოლაში და ასევე სახლში წასაღებ საკვებსაც. პანდემიის შემდეგ, 2022 წლის ბოლოს, უფასო სასკოლო კვება განის რესპუბლიკაშიც დაინერგა.
გასათვალისწინებელია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი დანარჩენი 24 სკოლიდან სასკოლო ბუფეტი მხოლოდ სამ მათგანში (ხიდრის, ხევის, ვერტყვიჭალის) ფუნქციონირებს. იმ სკოლებში კი, სადაც ბუფეტი არ აქვთ, ბავშვებს საკვები ან სახლიდან მოაქვთ ან ახლომდებარე მაღაზიაში ყიდულობენ, უმეტეს შემთხვევებში კი გაკვეთილების განმავლობაში მშივრები არიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ამ საკითხზე სასაუბროდ მის პირველ მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილთან გადაგვამისამართა, ხოლო ვარლამმა – მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ნანა კიკნაძესთან.
„ხარაგაულში საპილოტედ ხორციელდება შინმოვლის პროგრამა, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტი თანადაფინანსების სახით მონაწილეობს. თუ სასკოლო კვების მიმართულებით ხარაგაულში იქნება მსგავსი პროექტი, ამაზე გულდასმით ვიმუშავებთ და შესაძლებელია, რომ განხორციელდეს, თუნდაც საპილოტედ, რამდენიმე სკოლაში. თუმცა, ამასთან დაკავშირებით რაიმე ხედვა და სტრატეგია ამ ეტაპზე ნამდვილად არა გვაქვს“, – ამბობს ნანა კიკნაძე.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე:
სკოლებში უფასო კვების დანერგვა მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია
სკოლებში მშიერი მოსწავლეები ცუდად ყოფნის მიზეზს მალავენ
უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი ლარი დაუჯდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი