ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბორისა და ვარძიის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის ერთჯერადი კვება უფასოა, – ყველა მოსწავლეს ყოველდღიურად ღვეზელებით უმასპინძლდებიან. ორივე სკოლაში კვებას, ამერიკელი დონორების მხარდაჭერით, ა/ო „თბილისის მოზარდთა სახლი“ აფინანსებს.
ბორის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ მაია გაგოშიძე ამბობს, რომ პანსიონის აღსაზრდელებისთვის კვება ოთხჯერადია, შუადღისას კი მათთვისაც და სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც ღვეზელები მზადდება და ბავშვებს უფასოდ ურიგდებათ. ვარძიის სკოლისთვის ღვეზელებს ყოველდღიურად ი/მ „მარინა გოგია“ ამზადებს. სკოლისგან დაქირავებული თანამშრომელი კი სკოლას აწვდის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი დანარჩენი 24 სკოლიდან სასკოლო ბუფეტი მხოლოდ სამ მათგანში (ხიდრის, ხევის, ვერტყვიჭალის) ფუნქციონირებს. იმ სკოლებში კი, სადაც ბუფეტი არ აქვთ, ბავშვებს საკვები ან სახლიდან მოაქვთ ან ახლომდებარე მაღაზიაში ყიდულობენ, უმეტეს შემთხვევებში კი გაკვეთილების განმავლობაში მშივრები არიან.
ხიდრის საჯარო სკოლაში ბუფეტის ფუნქციონირება სექტემბრიდან განახლდა. მეიჯარეებს აქ გამზადებული პროდუქტები მოაქვთ და ყიდიან. ადგილზე დამზადება ვერ ხერხდება, რადგან სკოლაში საამისოდ ოთახის გამოყოფის შესაძლებლობა არ არის. ბუფეტში პროდუქტების ფასები მოსწავლეებისთვის მისაღებია.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ბუფეტის ამოქმედებისთვის აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადებიან; უნდათ, რომ წინასწარ მოიჯარე შეარჩიონ. თუმცა მსურველები, ჯერჯერობით, არ ჩანან.
მარელისისა და სარგვეშის საჯარო სკოლებში ბუფეტის გახსნა სურთ და ამ ეტაპზე განათლების სამინისტროსგან სკოლის ფართის გაქირავებაზე თანხმობას ელოდებიან.
„სკოლაში ბუფეტისთვის გამოვყავით ოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, – ამბობს მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – როგორც კი სამინისტროსგან ფართის გაქირავებაზე ნებართვას მივიღებთ, აუქციონს გამოვაცხადებთ.
ჩვენს სკოლაში პანდემიამდე ბუფეტი ფუნქციონირებდა. ყოველწლიურად გვამოწმებდა სურსათის ეროვნული სააგენტო და ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებდით. ახლა ვგეგმავთ, რომ ბუფეტში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართული ადამიანები დავასაქმოთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორების უმრავლესობა ამბობს, რომ აუქციონს იმის გამო ვერ აცხადებენ, რომ მათ სოფელში ბუფეტის ამოქმედებით დაინტერესებული ადამიანები არ ეგულებათ.
სკოლებში ბუფეტები პანდემიის დროს დაიხურა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლებს ბუფეტების ამოქმედების ნებართვა კვლავ მიეცათ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში, ოთხი წლის წინ, ბუფეტი ი/მ მარინა გოგიას ჰქონდა გახსნილი. ის ამბობს, რომ სკოლის ბუფეტი მეიჯარისთვის მომგებიანი არ არის.
„მთელი დღე იქ უნდა იყო ან თანამშრომელი აიყვანო. ეს კი დამატებით ხარჯს საჭიროებს. ოთხი წლის წინ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ბუფეტისთვის ფართი დავიქირავე და მოსწავლეების კვებაზე ვზრუნავდი. იჯარის გადასახადი, დაქირავებული თანამშრომლის შრომის ანაზღაურება, საკვები პროდუქტების დამზადების ხარჯი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მიღებული შემოსავალი. ამიტომ ჩემთვის ბუფეტის ფუნქციონირებამ აზრი დაკარგა, – რაღაც თანხა ხომ უნდა დაგრჩეს, ამიტომ თავი დავანებე“, – ამბობს მარინა გოგია.
ი/მ თეა ოსანაძე ამბობს, რომ სკოლაში ბუფეტის გახსნა რამდენჯერმე შეთავაზეს, თუმცა ყოველთვის უარი განაცხადა. „მშობელმა შვილს სკოლაში რამდენი ლარი უნდა გაატანო, რომ ისეთი საკვები იყიდოს, მთელი დღის განმავლობაში რომ დაკმაყოფილდეს?! – ამბობს თეა ოსანაძე, – არც მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღე ჩემს შვილებს 2-3 ლარი გავატანო და მით უმეტეს, ამდენი გაჭირვებული ოჯახია.
რასაც ჩემს შვილებს არ ვაჭმევ, ვერც სხვისი შვილებისთვის გავამზადებ. ახლახან ბაზარში ერთ კგ კარგ ხორცში 20 ლარი გადავიხადე. ჰამბურგერი რომ მოამზადო, კიდევ ფქვილი და სხვა ინგრედიენტებია საჭირო. ჰამბურგერს 2,5 ლარზე ნაკლებად ვერ გაყიდი. ხარაგაულში რომელ ოჯახს აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვებს სკოლაში ყოველდღე ეს თანხა გამოატანოს?!“
ლაშის სკოლის დირექტორმა ნათელა აბესაძემ გასული წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანს შესთავაზა, მოსწავლეებისთვის საკვები მოემზადებიათ და სკოლამდე მოეტანათ.
„სკოლა იმდენად მცირეკონტინგენტიანია, რომ ეს მომგებიანი ვერ იქნებოდა და ამიტომ ყველა თავს იკავებს“, – განმარტავს ნათელა აბესაძე.
„ლეღვნის სკოლაში ბუფეტი არასდროს ყოფილა, – ამბობს ლეღვნის სკოლის დირექტორი მანანა კიკვაძე, – სოფელი დაიცალა, აღარავინ ცხოვრობს, რომ რამე გააკეთოს, არც საჭირო ფართი გვაქვს. სკოლასთან მაღაზიაც არ არის, ბავშვს ფულიც რომ ჰქონდეს და რაიმე იყიდოს. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საკვები კონტეინერებით მოაქვთ, უფროსკლასელები კი, უმეტესად, მშივრები არიან, ან, მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ხილი შეჭამონ.“
ორი შვილის დედა სოფო ამბობს, რომ კვირაში დაახლოებით ორჯერ ახერხებს, რომ საკუთარ შვილებს თითო-თითო ლარი გამოატანოს, რომ ბავშვებმა მარილიანი ჩხირები ან ბულკი შეიძინონ. უმეტესად, ამის საშუალება არ აქვს. ამიტომ ცდილობს, რომ იმ ორ ლარს თანხა დაამატოს და სახლში მოსულ შვილებს სადილი დაახვედროს.
„ჩვენს სკოლაში ბუფეტი კომუნისტების დროს ფუნქციონირებდა, – ამბობს მოლითის სკოლის დირექტორი როლანდი ცუცქირიძე, – მას შემდეგ რამდენჯერმე გაიხსნა, თუმცა მალევე დაიხურა, რადგან მოსწავლეთა კონტინგენტი მცირეა, მსყიდველობითუნარიანობა – დაბალი. ბუფეტის ფუნქციონირება კი მოგებაზეა გათვლილი.
სკოლებში უფასო კვების დანერგვა, ჩემი აზრით, აუცილებელია. გაკვეთილების შემდეგ მეცადინეობებს, ღონისძიებებსა და სპორტულ აქტივობებს ვგეგმავთ. თუმცა, მოსწავლეს სახლში დაბრუნება ურჩევნია, რადგან მშიერია. მოხარული ვიქნები, თუ სკოლაში უფასო კვება დაინერგება. თუმცა, აუცილებელია, ეს მაღალი სტანდარტების დაცვით მოხდეს და ბავშვებს ჯანსაღი პროდუქტები მიეწოდოს“.
კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი გვიმხელს, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა სკოლაში მოსწავლე შიმშილისგან ცუდად გახდა.
„შეხედავ ბავშვს – გადათეთრებულია სახეზე; რომ შეეკითხები, რა გჭირს, – არ მიჭამია დილით, მასწავლებელოო. ზოგი ბავშვი დილით არ ან ვერ ჭამს და მთელი დღე მას სკოლაში მშიერი უწევს ყოფნა. არ აქვს მნიშვნელობა, მოზარდი დილით ჭამს თუ არა, 2-3 გაკვეთილის შემდეგ მან საკვები უნდა მიიღოს.
2-3 ბავშვი რომ გამოდის დილით ოჯახიდან, არ აქვთ მშობლებს იმის შესაძლებლობა, რომ მათ საჭმლის ფული გამოატანონ. ერთი ლარით ახლა ვეღარაფერს იყიდი და მეტი თანხის საშუალება ოჯახებს აღარ აქვთ. ხანდახან შეწუხებული ბავშვისთვის საჭმელი მასწავლებლებს გვიყიდია.
სკოლაში უფასო კვების დანერგვა აუცილებელია. ძალიან კარგია, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირების პრობლემა მოიხსნა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი სკოლებში კვებაა. ბავშვი ფეხით ივლის, მაგრამ მშიერი ვერ გაჩერდება და გაკვეთილზე ვერც პროდუქტიული იქნება. მოსწავლეები მოზარდები არიან, ახლა სჭირდებათ მათ კვება, რომ ფიზიკურად და გონებრივად განვითარდნენ“, – ამბობს თამარ წიწილაშვილი.
სკოლებში უფასო კვების დანერგვა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ოპოზიციური პარტიების დაპირებებში გაჟღერდა. შემდეგ ამ საკითხზე მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად დაიწყო.
2022 წლის პირველ აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ამჟამად ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ეს საკითხი ღრმა კვლევასა და შესწავლას საჭიროებს. ამჟამად შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, უნდა შემუშავდეს სასკოლო კვების შესაძლო მოდელები, განვიხილოთ სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა ამ მიმართულებით. კონკრეტულად როდის დაინერგება სკოლებში უფასო კვება, ამის თქმა ახლა შეუძლებელია“, – ამბობს მაია ქურციკიძე.
დაახლოებით რა თანხაა საჭირო სკოლებში კვების დასანერგად და რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით დღეს საქართველოში, – ამ შეკითხვებით განათლების სამინისტროს მივმართეთ. მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ საქართველოს სკოლებში კვების დასანერგად დაახლოებით 100 მილიონი ლარია საჭირო, რომლის საშულებაც საქართველოს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს.
„NDI-ის ბოლო გამოკითხვებით, საქართველოს ყოველმა მესამე მოქალაქემ განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი თანხა, რომ ოჯახი გამოეკვებათ. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ბავშვი ამ ქვეყანაში შიმშილობს, – ეს არის ტრაგედია და ეს უნდა იყოს პირველხარისხოვანი პრობლემა ამ ქვეყანაში როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტის შვილს შია საჯარო სკოლებში და აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი უფასო კვება“, – ამბობს ანი წითლიძე.
2022 წლის სექტემბერში „მოძრაობა ხმამ“ ჩაატარა კვლევა თემაზე – „რა არის უფასო სასკოლო კვება“. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ყოველთვის (35%) ან ხანდახან (42%) მშიერია.
„გასული საუკუნის 90-იანი წლების სამხრეთ აფრიკაში უფასო სასკოლო კვება მომავალი თაობის მხარდაჭერის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. დღეს, სულ მცირე, 161 ქვეყანაში შეუძლიათ მოსწავლეებს უფასო საკვების მიღება. სასკოლო კვება უკვე ხშირად განიხილება ადამიანის უფლებად“, – ნათქვამია კვლევაში.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
ბორისა და ვარძიის სკოლებში, ამერიკელი დონორების მხარდაჭერით, ყველა მოსწავლეს ერთჯერადად კვებავენ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი