საქართველოს სკოლებში მოსწავლეების უმრავლესობა შიმშილობს. ამაზე ჩატარებული არაერთი კვლევა და გამოკითხვა მეტყველებს. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ (CTC)  განათლების პროგრამის – „სკოლა-ლაბი“ ფარგლებში გამართა ვებინარი თემაზე – „ამერიკის სასკოლო კვების პრაქტიკა“. საკითხი CTC-ის მკვლევარმა თამარ უზანაშვილმა წარმოადგინა. ვებინარში სასკოლო კვების თემაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

როგორ კვებავენ მოსწავლეებს ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში

ამერიკის შეერთებულ შტატებში სასკოლო კვება ყველა მოსწავლისათვის 1946 წელს „ნაციონალური სკოლის სადილის აქტის“ საფუძველზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იქამდეც არსებობდა მინიმალური დახმარებები გაჭირვებული ბავშვებისათვის, თუმცა ამას ერთიანი, სისტემური ხასიათი არ ჰქონდა.

2010 წელს მიიღეს „ჯანმრთელი, შიმშილისაგან თავისუფალი ბავშვების აქტი“, რომელიც ეფუძნება სასკოლო კვების ახალ სტანდარტებს და მედიცინის ინსტიტუტის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეკომენდაციებს. აქტი არეგულირებს კვების რაციონს, რაც მოიცავს ყოველდღიურად ხილისა და ბოსტნეულის შეთავაზებას და ბავშვის ასაკის მიხედვით კალორიების რეგულირებას.

ამერიკაში მოქმედებს სასკოლო საუზმისა და ლანჩის პროგრამა, ასევე მზადდება სახლში წასაღები ულუფები და კონკურენტუნარიანი საკვები („Smart snacks“), რომელიც მოიცავს წასახემსებელ საკვებს ავტომატებიდან. აღნიშნული ავტომატები სკოლის ტერიტორიიდან ცოტა მოშორებით არის ხელმისაწვდომი.

ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საუზმე, ლანჩი და სახლში წასაღები ულუფა სკოლაში, ადგილზე დამზადდეს. ლანჩისათვის გამოყოფილია 20 წუთი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ დროში არ შედის დასვენების დრო.

კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლაში კვების პროგრამის განხორციელება ამცირებს მოსწავლეების მიერ სკოლის გაცდენებს და ზრდის მათ ქულებს ტესტირებისას. ამ ეტაპზე აშშ-ში სახელმწიფო კვების პროგრამაში ჩართულია სკოლების 94% – დაახლეობით 31 მილიონი მოსწავლე.

აშშ-ში სახელმწიფო დონეზე სასკოლო კვების პროგრამას სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სურსათისა და კვების სამსახური ხელმძღვანელობს; როგორც კვების პროგრამის ნაწილი, იგი უზრუნველყოფს ფულად დახმარებას და სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების გადაცემას მარაგებიდან, რომელიც სახელმწიფოსთვის ჭარბია.

დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს შტატისა და ადგილობრივი სკოლების კვების ორგანიზაციებთან, რათა გააუმჯობესოს კვების მომსახურების მიწოდება პერსონალის გადამზადებითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერით.

 

რა დაჯდება ერთი მოსწავლის გამოკვება საქართველოში

მოძრაობა „ხმა“, უკვე ერთ წელზე მეტია, ამ თემაზე მუშაობს. ამ მოძრაობის წარმომადგენელი ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, ამერიკაში სასკოლო კვების ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი ადგილობრივი ფერმერების გაძლიერება იყო. სახელმწიფო საკვებ პროდუქტებს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და ამით მათაც აძლიერებს.

„პირველ ეტაპზე ჩვენთან ეს საკმაოდ რთულად მისაღწევი იქნება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მოხმარებული პურის 85%-ს რუსეთისგან ყიდულობს, – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი, – რა დაჯდება საქართველოში ერთი ბავშვის სასკოლო ულუფა, ამის დასადგენად სექტემბერში საქსტატიდან პროდუქტის საცალო ფასებზე ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ასევე საქსტატისგან მივიღეთ ინფორმაცია ე.წ. „ფასები ფერმერის კართან“, ანუ ის ფასი, როცა პროდუქტს უშუალოდ ფერმერისგან ყიდულობ. მათი შედარებისას აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 40% იქნება შეწონილი დანაზოგი საცალო ფასსა და საბითუმო ფასს შორის. ყველაზე უხეში გათვლებით, ერთ მოსწავლეზე  ხემსი მიტანით (ან ადგილზე დამზადება) დაახლოებით 3,5 – 4 ლარი დაჯდება (ამაში წყალი არ შედის).

გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეს შიმშილისგან გული წაუვიდა – ეს არ არის ერთეული შემთხვევა საქართველოში. კვლევაში მონაწილე ყველა მასწავლებელმა გაიხსენა ან საკუთარი, ან კოლეგის  გამოცდილება, როცა ბავშმა შიმშილისგან გონება დაკარგა და გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის პირველი შეკითხვა არის – „ნაჭამი ხარ?“ და რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლეს რცხვენია აღიარება, რომ მშიერია.

ბავშვებს თუ გაესაუბრებით, გაიგებთ, რომ სქემა აქვთ შემუშავებული, როგორ არ უნდა თქვან, რომ  ვერ ჭამეს და შიათ; მაგალითად, კითხვაზე, – რატომ არ ყიდულობ ბუფეტში რაიმეს? – პასუხია, „დიეტაზე ვარ“. ბავშვები შიმშილის რეალურ მიზეზს მალავენ. მასწავლებლები შაქრის ნატეხებითა და ტკბილი სითხეებით დადიან სკოლებში, რომ თუ მოსწავლე ცუდად ხდება, მათ იციან, რომ ამის  გამომწვევი მიზეზი შიმშილია“, -ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

სოციალური მუშაკი ნათია მექვაბაური ამბობს, რომ ბავშვები არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ხშირ შემთხვევაში სახლშიც შიმშილობენ.

„ოჯახებში ხშირად არ აქვთ ჩაიში ჩასაყრელი შაქარი და ბავშვები უშაქრო ჩაის სვამენ. ერთ-ერთ ოჯახში ასეთი საუბარიც კი მოვისმინე, – დედა ეუბნებოდა შვილს, რომ დღეს უშაქრო ჩაი უნდა დალიო იმიტომ, რომ გუშინ შაქრიანი ჩაი დალიეო. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობა თანდათან უფრო მძიმდება“, – ამბობს ნათია მექვაბაური.

 

საქართველოს სკოლების უმეტესობაში ბუფეტი არ ფუნქციონირებს

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ლალი შამუგია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს მოდელირება სასკოლო კვებაში.

„სად მომზადდება საკვები, როგორ მოხდება მისი ტრანსპორტირება, მისი განფასება, – ეს ძალიან მნიშვნელოვნია. დღეს საქართველოს საბავშვო ბაღებში კვება უფასოა და საკვები ადგილზე მზადდება. საინტერესოა, რამდენად არის სკოლებში ამის პირობები. თუ კვება უფასო იქნება, სად დამზადდება საკვები მოსწავლეებისათვის, რამდენად უსაფრთხო იქნება ის ბავშვისათვის, – ამაზე წინასწარი მოკვლევა უნდა შემუშავდეს და მასში სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირინა ხანთაძე ამბობს, 2019 წლის კვლევის მიხედვით საქართველოს სკოლების 75%-ში ბუფეტები არ ფუნქციონირებს.

„ქართულ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და, შესაბამისად, საკვების ადგილზე დამზადება შეუძლებელი იქნება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს. შეიძლება იყოს შერეული მოდელი, – იმ სკოლებში, სადაც ეს შესაძლებელია, საკვები ადგილზე დამზადდეს. იმ სკოლებში, სადაც ინფრასტრუქტურა არ პასუხობს სტანდარტს, შეიძლება მზა საკვების მიტანის სერვისი დაინერგოს.

ნებისმიერ შემთვევაში, სპეციალისტებისგან უნდა მოხდეს პროცესის სტანდარტიზება, როგორც საკვების დამზადების, ასევე შემადგენლობის, შეფუთვისა და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის.

 

რას აკეთებს განათლების სამინისტრო

– სკოლაში უფასო კვების დანერგვაზე განათლების სამინისტრომ საუბარი გასულ წელს არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყო, – ამბობს კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირინა ხანთაძე, – ამაში ჩაერთო იუნისეფის წარმომადგენლობა საქართველოში და შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. თითქმის ერთი წელია, ამ თემაზე არანაირ განცხადებას არ აკეთებს განათლების სამინისტრო; არ არის ცნობილი, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხის მოკვლევა, ან რა მიმართულებით მუშაობენ. არც ერთი ანგარიში, ინფორმაცია ამ დრომდე მათი მხრიდან არ გაკეთებულა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში და მის სამოქმედო გეგმაში აღნიშნული საკითხი ასახულიც არ არის.

თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე
სკოლებში უფასო კვების დანარგვა ტრანსპორტირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია