„იმერეთის ასი ძეგლი“ – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც ახლახან გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, გიორგი დვალაშვილის ავტორობით გამოიცა.
რას მოგვითხრობს ეს წიგნი და როდიდან იქნება ის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ გიორგი დვალაშვილს ვესაუბრეთ. „იმერეთის ასი ძეგლის“ გამოცემის იდეა მას „საქართველოს ბუნების ასი საოცრების“ დაბეჭდვის შემდეგ გაუჩნდა.
„საქართველოს ბუნების ას საოცრებაში იმერეთიდან მხოლოდ 13 ღირსშესანიშნავი ძეგლი მოხვდა, – ამბობს გიორგი დვალაშვილი, – ამიტომ დავიწყე მუშაობა პროექტზე და წლების განმავლობაში ექსპედიციების დროს მოძიებულ მასალებს – კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებსა და ბუნების ძეგლებს, თავი მოვუყარე.
ამ წიგნში მოცემული ბევრი ინფორმაცია სრულიად ახალ ობიექტებზეა და სხვა წყაროებში ამას ვერ ნახავთ. ამიტომ ეს უნიკალური გზამკვლევია გიდებისა და მოგზაურებისთვის.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან წიგნში შევიტანეთ მუზეუმები, როგორც მუნიციპალიტეტების სავიზიტო ბარათი. წიგნში მოცემულია კონკრეტული მუნიციპალიტეტის რუკა, მისამართები, მდებარეობა ზღვის დონიდან, მისასვლელი გზები და მანძილები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ცენტრიდან.
ზემო იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტზე უფრო დეტალურად მოგახსენებთ.
ხარაგაულიდან წიგნში შესულია – დევის ხვრელი, ჩხერის ციხე, ვახანის ციხე, უბისის ტაძარი, კახორის წმინდა გიორგის ტაძარი, ლეღვანის ტბა, ცაშეკრულას კანიონი, ზვარესა და ნუნისის ხეობა, რკინიჯვარის მთა. ცაშეკრულას კანიონი და ლეღვანის ტბა შედარებით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის.
ჭიათურა დახუნძლულია ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით. ამ წიგნში შესულია – სვერის ციხე, კლდეკარი, კაცხის სვეტი და მაცხოვრის ტაძარი, თირის ეკლესია, დარკვეთის წმინდა გიორგის ტაძარი, ითხვისის ნაქალაქარი, მღვიმევის მონასტერი, ძუძუანის მღვიმე, ციხისწყლის კანიონი, ხრეითის ქვაყუნტია და მანდაეთის მღვიმე.
სვერის ციხეზე, უკვე წლებია, სათავგადასავლო ბანაკები ეწყობა. ულამაზესია თირის ეკლესიის მიმდებარე ხეობა და ჩანჩქერი. ციხისწყალის კანიონზე თუ ინფრასტრუქტურა მოეწყობა, წალკის კანიონს დიდ კონკურენციას გაუწევს.
ზესტაფონს ტრანზიტულ ქალაქად მიიჩნევენ და ჰგონიათ, რომ აქ სანახავი ბევრი არაფერია. არადა, შორაპნის ციხე კავკასიაში გამორჩეული ადგილია. ბუჯის ციხე, ბოსლევის წმინდა გიორგის ტაძარი, ტაბაკინის ტაძარი, სამცვერას ჩანჩქერი, შროშა, ჭალატყის თაღოვანი ხიდი – წიგნში ამ მნიშვნელოვან ძეგლებზეა საუბარი.
საჩხერის მუნიციპალიტეტიდან წიგნში შეხვდებით – ღოდორის წმინდა გიორგის ტაძარს, ქორეთის მაცხოვრის ეკლესიას, სავანის წმინდა გიორგის ეკლესიას, სპეთის მაცხოვრის ტაძარს, ჯრუჭის წმიდა გიორგის მონასტერს, მოდინახეს ციხეს, დევისა და ხახიეთის ტბებს.
ჩვენდა სამწუხაროდ, ხახიეთის უნიკალური ტბა, რომელიც მიწისძვრის შედეგად წარმოიშვა, ოკუპირებულ, პერევის ტერიტორიაზეა.
წიგნი „იმერეთის ასი ძეგლი“ ხელმისაწვდომია ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. ნოემბრის ბოლომდე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ამ წიგნის პრეზენტაცია იგეგმება. ვფიქრობ, სკოლები და თვითმმართველობები პრეზენტაციის შემდეგ წიგნის შეძენით მეტად დაინტერესდებიან“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ წიგნის საზოგადოების წინაშე წარდგენა 22 ნოემბერს იგეგმება. წიგნის ავტორთან შეხვედრის ადგილი ჯერ დაზუსტებული არ არის.
გიორგი დვალაშვილის თქმით, მომავალ წელს ეს წიგნი რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
როდის დაიწყება ხარაგაულში ბუნების ძეგლების გამოკვლევა
ზესტაფონელი მოსწავლეები ხარაგაულში ცაშეკრულას კანიონზე
ბუნებრივი ძეგლები იმერეთში – ბაღდათის სეპტარიები
ყველაზე გრძელი მღვიმე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
ჭიათურაში კარსტული მღვიმეების მიმართულების საფეხმავლო მარშრუტების მანიშნებლები დაიდგა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.