ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი ახორციელებს პროექტს „მდინარე რიონის აუზში ბუნებრივი ძეგლების შეფასება.“ მან პროექტის განხორციელება ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო – შეხვდა ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის თანამშრომლებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ბუნებით გამორჩეულია საქართველოში, დახუნძლულია ბუნების ძეგლებით. პროექტის მიზანია, ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილების შეფასება, მათი პასპორტიზაცია და ტურისტულ რუკაზე დატანა. მნიშვნელოვანია, რომ ბუნების ძეგლები გავხადოთ უფრო მეტად ცნობადი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. აუცილებელია, რომ ინფასტრუქტურაც იყოს მაქსიმალურად გამართული,“ – ამბობს გიორგი დვალაშვილი.
მისი ინფორმაციით, საქართველოში აღრიცხულია ბუნების 41 ძეგლი, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით მეტია. გიორგი დვალაშვილის თქმით, ხარაგაულში არსებული დევის ხვრელი მსოფლიო მნიშვნელობის მღვიმეა, მაგრამ მას ოფიციალური სტატუსი არ აქვს. „გამოსაკვლევია კოზმანის მღვიმე, ბერების კლდე, საჭიროა ნუნისისა და წიფის ჩანჩქერების მარკირება, – ამბობს გიორგი დვალაშვილი, – ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ ბაზალეთის სკოლასთან თანამშრომლობით ვიწყებთ, რადგან ეს სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოკლუბისგან გამოცხადებული არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია.“
გიორგი დვალაშვილის თქმით, პროექტის საბოლოო მიზანია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს მინიმუმ ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილი ჰქონდეს. „ალბათ, გაგვიჭირდება ხარაგაულში ყველაზე მთავარი ობიექტის შერჩევა. ამაში გვინდა ჩავრთოთ მოსწავლეები, მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ ყველა ბუნების ძეგლი აღვრიცხოთ“.
მისივე ინფორმაციით, ტურისტებისთვის ბუნების ძეგლები უფრო მეტად მიმზიდველია. ეს კი შემოსავალს მოუტანს მუნიციპალიტეტებს.
ბაზალეთის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ეკა მესხმა გიორგი დვალაშვილს დიდვაკე-საღანძილის ჩანჩქერის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სიხარულით ჩაერთვებიან პროექტში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჭიპაშვილმა პროექტის ხელმძღვანელს ხარაგაულის ბუნების ძეგლების შესახებ მათი სამსახურისგან მოძიებული ინფორმაცია გააცნო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსანაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბუნების ძეგლების შესწავლა. „ამ მიმართულებით ჩვენთვის ბევრი რამ უცნობია. ამიტომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს დავუჭერთ პროექტის განხორციელებას შესაძლებლობის ფარგლებში, – მათ შორის ფინანსურადაც,“ – ამბობს გამგებელი.
გიორგი დვალაშვილი განსაკუთრებით ბჟინევის მღვიმით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ბჟინევში ექსპედიციას დაგეგმავს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.