საქართველოს 650 სკოლაში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა დაიწყო.
ამ ხუთწლიან პროგრამაში მონაწილეობისთვის იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) შეირჩა.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა რეგიონების ცენტრალურ ქალაქებში წარადგინეს. ქუთაისში 30 სექტემბერს გამართულ ღონისძიებაში საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები, შერჩეული სკოლების დირექტორები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ჩვენი მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა, – ამბობს პროგრამის იმერეთის რეგიონის მენეჯერი ნუგზარ კოხრეიძე, – ხუთი წლის განმავლობაში შერჩეულ სკოლებში გათვალისწინებულია ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობა, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირება.
ყველა მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ხელი უნდა შევუწყოთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბების გაძლიერებას. ამ მიზნით ტრენინგი უკვე ჩავატარეთ. გარდა ტრენინგებისა და კონსულტაციებისა, სკოლებს კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო რესურსებს შევუძენთ.
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია, ქმნის სკოლების თვითმმართველობების ქსელს, რომლის მეშვეობითაც პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
მეორე პარტნიორის, „ჯეოლაბის“ მიერ შეიქმნება სამოქალაქო განათლების პორტალი, რომელზეც განთავსდება სხვადასხვა ციფრული რესურსები მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის. ეს რესურსები სკოლებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილისა და აქტივობების საინტერესოდ წარმართვაში დაეხმარება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ცოდნა ვებდიზაინში, პროგრამირებაში, მობილური აპლიკაციებისა და სამოქალაქო განათლების თემაზე თამაშების შექმნაში. ამ ცოდნის გამოყენებით ისინი ეფექტიანად განახორციელებენ სამოქალაქო განათლების პროექტებს.
ამერიკული ორგანიზაცია „რეზონანსი“ დაეხმარება ამ პროგრამას სკოლების მხარდასაჭერად კერძო სექტორის მობილიზებაში, სკოლებსა და ბიზნესკომპანიებს შორის კავშირების დამყარებაში, რათა ბიზნესმა სკოლის მოსწავლეთა ინიციატივები დააფინანსოს.
საბოლოო მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სკოლაში დემოკრატიული კულტურის შექმნაა“.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამისთვის სკოლები განათლების სამინისტრომ შეარჩია. მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში სკოლაში დატვირთულ და შემოქმედებით საქმიანობას გეგმავენ.
„განვახორციელებთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც თემს წაადგება. კონკრეტული პროექტების ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტებს დავამზადებთ და მოსახლეობაში გავავრცელებთ. ვგეგმავთ თანამრომლობას მერიის კულტურის სამსახურთან, რომელიც ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებას აპირებს. მიხარია, რომ დემოკრატიული კულტურის განვითარებაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილს შევიტანთ“.
ბორის სკოლის დირექტორი მაია გაგოშიძე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება, თუ მას მყარი საფუძველი არ აქვს. სამოქალაქო საზოგადოებას კი აქტიური, განათლებული, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდები გააძლიერებენ. „დემოკრატიული კულტურა სკოლაში უნდა შევქმნათ და თემში გავაძლიეროთ. ეს პროგრამა ბევრი აქტივობის დანერგვისა და განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს“, – ამბობს მაია გაგოშიძე.
კიცხის სკოლაში გასულ წლებში სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავლის თაობა“ მოქმედებდა. ამიტომ კიცხის სკოლას პროექტების განხორციელების კუთხით კარგი გამოცდილება აქვს. ამ სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ეკა მელქაძე ამბობს, რომ მათი სამოქალაქო კლუბი უფრო მეტად სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარებასა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე იმუშავებს.
„სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება, – ამბობს ხარაგაულის #3 სკოლის „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი ნათია ბაბლიძე, – უფლებებთან ერთად მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი წილი პასუხისმგებლობები გავიაზროთ და გავიზიაროთ. ახლა სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და ამ მიმართულებით ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოგვადგება“.
ბორითის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე საბა წიქარიშვილი სკოლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. მან ტრენინგზე მიიღო ცოდნა, როგორ წარადგინოს კონკრეტული პროგრამა და არჩევის შემთხვევაში, აღებული ვალდებულებები როგორ შეასრულოს.
„სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, რაგული კალანდაძის დახმარებით, კლიმატის ცვლილების კვირეულში ჩავერთეთ, – ამბობს საბა, – დავამზადეთ ბუკლეტები თემაზე – როგორ მზადდება კომპოსტი და სოფლის მოსახლეობაში დავარიგეთ. ოჯახები დაინტერესდნენ და კომპოსტის გაკეთების სურვილი გამოთქვეს. მსგავს აქტივობებს, მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, ამ პროექტის ფარგლებში გავაგრძელებთ“.
ხარაგაულის #2 სკოლიდან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში მეშვიდეკლასელი ანასტასია ხარაბაძე ჩაერთო. მას იმედი აქვს, რომ სკოლის მოსწავლეებთან ერთად პროექტების წერას და განხორციელებას შეძლებს. სამოქალაქო კლუბი კი სკოლაში თვითმმართველობის რეალურად მუშაობას ხელს შეუწყობს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
საზოგადოების გააქტიურება სკოლიდან იწყება
„საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილს შევიტანთ“
ხარაგაულში პოსტერების კონკურსი – „გახდი ტოლერანტი“ გაიმართა
„სამოქალაქო განათლების პროგრამა“ ცოდნის მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს“
ტაბუირებულ თემებზე ღიად მსჯელობა მომავალში პრობლემებს აგვაშორებს
კიცხის სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსის გამარჯვებულია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი