ბორითის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პოსტერების კონკურსი გაიმართა. „გახდი ტოლერანტი“ – ამ თემაზე ბორითის, ვაშლევის, ვერტყვიჭალის, ხუნევისა და ნადაბურის სკოლების უფროსკლასელებმა საინტერესო პოსტერები შექმნეს.
კონკურსის მონაწილე სკოლებს ბორითის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრმა (ხელმძღვანელი შორენა გოგოლაძე) უმასპინძლა.
„მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ამ კონკურსში აქტიურად ჩაერთვნენ, – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, ბორითის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა რაგული კალანდაძემ, – ტოლერანტობა, თანასწორობა, განსხვავებულის მიმართ პატივისცემა და მიმღებლობა პატარა ასაკიდან უნდა ვისწავლოთ.
თუმცა, ერთია, რომ ვასწავლით და მეორე, თუ როგორ იგებენ ამას ჩვენი მოსწავლეები, როგორ აღიქვამენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ იქცევიან. კონკურსზე წარმოდგენილი პოსტერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ახალგაზრდები კარგად იაზრებენ ტოლერანტობის არსს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას“.
კონკურსის პარალელურად დოკუმენტური ფილმის „მრავალფეროვნების ძიებაში“ ჩვენება და განხილვა მოეწყო.
„საუკუნეებია, ქართველების გვერდით ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები, – ამბობს ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე, – მივესალმებით და ყოველთვის აქტიურად ჩავერთვებით ასეთ ღონისძიებებში, რომელიც მომავალი თაობის განვითარებას ხელს შეუწყობს“.
შეკრებილთ მიმართეს ბორითისა და ხუნევის სკოლების დირექტორებმა სერგო ლაბაძემ და გოჩა ჩადუნელმა, ბორითის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა გოგოლაძემ. მათი თქმით, განსხვავებული ეროვნების, კულტურის, რელიგიის პატივისცემა ბავშვობიდანვე უნდა გავითავისოთ და ადამიანებს ურთიერთობებში ნაკლები პრობლემა გვექნება.
ბორითის სკოლის XI კლასის მოსწავლე საბა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნების თანამედროვე გამოცდილება, ტოლერანტობის მიმართულებით, საინტერესო და მისაბაძია.
პოსტერების კონკურსსა და ფილმის ჩვენებას უბისის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დარეჯან ლომსაძე უკრაინელ მოსწავლესთან, მარინა კორტთან, ერთად დაესწრო. მარინა და მისი ოჯახი ხერსონიდანაა და მათ უკრაინა ომის გამო დატოვეს.
„ჩვენმა მოსწავლემ, მარინა კორტმა, თავად გამოთქვა ტოლერანტობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩართვის სურვილი, – ამბობს დარეჯან ლომსაძე, – მივესალმებით ასეთ აქტივობებს“.
პოსტერების კონკურსში – „გახდი ტოლერანტი“ ჟიურიმ სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა – ვერტყვიჭალის სკოლის XI კლასის მოსწავლეთა პოსტერი, ბორითის სკოლის X კლასელებისა და ხუნევის სკოლის უფროსკლასელთა პოსტერები.
საუკეთესო პოსტერების ავტორები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, საქართველოს 650 სკოლაში ხორციელდება. ამ ხუთწლიან პროგრამაში მონაწილეობისთვის იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) შეირჩა.
„ამ პროგრამის სიკეთე რაც შეიძლება ბევრ მოსწავლეს უნდა შეეხოს, აქტიურ, პასუხისმგებლიან და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებად რომ ჩამოყალიბდნენ“, – ამბობს რაგული კალანდაძე.
პოსტერების გამოფენის ამსახველი ფოტორეპორტაჟი ნახეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
სამოქალაქო საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებით გაძლიერდება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.