USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საჯარო სკოლა მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „მედიაწიგნიერება – თანამედროვეობის გამოწვევა“.
პროექტის ფარგლებში მოწვეული ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ამ სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„წლების წინ მეგონა, რომ სიტყვა მედიაწიგნიერება წიგნიერ ჟურნალისტს ნიშნავდა, – აღნიშნა დავით ლიკლიკაძემ შეხვედრაზე, – მედიაწიგნიერება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ საზოგადოების ყველა წევრს გვეხება – ვინც ინტერნეტ სივრცეში ვართ და სხვადასხვა სოციალური ქსელით ვსარგებლობთ.
მედიაწიგნიერება გვეხმარება, რომ ინფორმაციის ოკეანეში პროპაგანდის, პროვოკაციისა და სიცრუის მსხვერპლი არ გავხდეთ. მოვიწონოთ და გავაზიაროთ მხოლოდ სანდო ინფორმაცია.
ცხოვრებას რომ ფეხი ავუწყოთ, ციფრული განათლება და ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს ზუსტი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი, გადაამოწმოს სანდო წყარო. მედიაწიგნიერება ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.
ინტერნეტში ინფორმაციის ნახვისას კარგად დაფიქრდით, კრიტიკულად შეხედეთ, გაზიარებამდე გადაამოწმეთ. ტექნოლოგიები დღეს ამის შესაძლებლობას იძლევა. ჩემი მოსწავლეობისას მხოლოდ ერთი ტელევიზია და ერთი არხი არსებობდა და ყველა პროპაგანდის მსხვერპლი ვიყავით.
დღეს უამრავი ტელეარხი, ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა. ყურადღება მიაქციეთ, რომელიმე მედიის მიმართ მიკერძოებული ხომ არ ხართ, რადგან ასეთ დროს ადამიანი ადვილად იჯერებს იმას, რაც უნდა რომ მოხდეს. არ ენდოთ ე.წ. „მყვირალა სათაურებს“. ჯერ ინფორმაციას გაეცანით და თუ მისი შინაარსი სათაურს არ შეესაბამება, ნუ ენდობით.
ხშირად ვრცელდება ყალბი ფოტოები. აქაც დიდი დაკვირვება გვმართებს. შესაძლოა, ვიდეოკადრებზე ყალბი ხმა იყოს დადებული ან, საერთოდაც, ვიდეოში სიტუაცია იყოს დადგმული, დამახინჯებული. ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით, მართალია, ტყვიები არ გვაცვივა თავზე, მაგრამ სოციალურ ქსელში ჩვეულებრივი ინფორმაციული ომი მიმდინარეობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბრმად არ მიიღოთ არანაირი ინფორმაცია, ყოველთვის გადაამოწმეთ, თავი არავის მოატყუებინოთ. ბევრი იკითხეთ და ბევრი ისწავლეთ.
მადლობა ბორითის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, რაგული კალანდაძეს, რომელიც სკოლაში ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და საგნის სწავლებასთან ერთად მოსწავლეების სამოქალაქო შეგნების ამაღლებაზე ზრუნავს“.
ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო და მომავალში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს მეტი სიფრთხილით მოეკიდება.
ბორითის სკოლის მერვეკლასელი ქეთი კურტანიძე მედიაწიგნიერებით დაინტერესებულია. ის ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიერ გამოცხადებულ მედიაწიგნიერების შესახებ ესეების კონკურსშია ჩართული. ქეთი მიიჩნევს, რომ მედიაწიგნიერი ადამიანი კრიტიკულად აზროვნებს, სვამს შეკითხვებს და აზუსტებს მიწოდებულ ინფორმაციას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდის მსხვერპლი არ გავხდეთ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში საქართველოს 650 სკოლააა ჩართული. ეს პროგრამა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ხუთწლიან პროგრამაში მონაწილეობისთვის იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) შეირჩა.
ამავე თემაზე
დამოუკიდებელი და ეთიკური მედიის როლი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი