საქართველოს 650 სკოლაში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა დაიწყო.
ამ ხუთწლიან პროგრამაში მონაწილეობისთვის იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) შეირჩა.
ამ პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებისთვის იმერეთში ტრენინგ-სემინარები ეტაპობრივად მიმდინარეობს. ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებიდან ჩართული სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა პროექტის წერა უკვე შეისწავლეს. საგრანტო დაფინანსების მოპოვების შემდეგ მათ კონკრეტული აქტივობები უნდა დაიწყონ.
როგორ მიმდინარეობს სკოლებში სამოქალაქო განათლების პროგრამა, ამჯერად ხარაგაულის #2 და #3 სკოლების მაგალითზე გიამბობთ.
ხარაგაულის #3 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ მაქაძე მიიჩნევს, რომ სწორი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად სამოქალაქო განათლება გადამწყვეტია. პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ეს სკოლა გეგმავს, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზეც ისწავლება. თუმცა, შესაბამისი რესურსების შესაძენად დონორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„ტრენინგზე შევისწავლეთ, როგორ უნდა დავწეროთ კონკურენტუნარიანი პროექტი, – ამბობს თამარ მაქაძე, – გადამწყვეტია ის, თუ რა მოთხოვნები და მოლოდინები აქვს დონორს, რას შევცვლით ჩვენი აქტივობებით და რა შედეგზე გავალთ.
ამ პროგრამაში ჩართვით მომავალი თაობა გაითავისებს, რა არის თანამედროვე მოქალაქის უნარ-ჩვევები, – ეს არა მხოლოდ უფლებები, არამედ ის მოვალეობები და პასუხისმგებლობებია, რაც ამ უფლებებს მოჰყვება. ეს ყველაფერი პრაქტიკულად განხორციელდება. შესაძლოა, ხუთი და ათგვერდიანი გაკვეთილი მოსწავლემ არ დაისწავლოს, მაგრამ პრაქტიკულად სწავლება, აუცილებლად შედეგიანი იქნება.
იცით, ეს აქტივობები რატომ მომწონს? ახალგაზრდა, თინეიჯერი მოსწავლე სკოლის პერიოდშივე გაერკვევა, რა და როგორ უნდა მომავალ ცხოვრებაში. პროექტში ჩართული სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს ეცნობიან და ურთიერთობებს ამყარებენ, გამოცდილებას იზიარებენ.
ტრენინგზე 14 პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა. ხარაგაულის #3 სკოლის გუნდი ვგეგმავთ, რომ მოვამზადოთ პროექტი თემაზე – „კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“.
ჩვენი პროექტით ვაპირებთ სასკოლო თემის გააქტიურებას და ზოგადად სათემო აქტივობასაც – კიბერბულინგის თემაზე მოქალაქეებს გამოვკითხავთ, შემდეგ დავამზადებთ საინფორმაციო ბუკლეტებს და მოსახლეობაში დავარიგებთ
ცნობიერება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ჩაკეტილობამ მოსწავლეები ინერტული გახადა. კიბერბულინგი, ამ მასობრივი კარჩაკეტილობის შემდეგ დიდი პრობლემაა. ამას ძალიან განვიცდი და USAID-ის ამ პროგრამაზე დიდ იმედებს ვამყარებ. მჯერა, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ამ პროექტში ყველა მოსწავლე ჩაერთვება“.
ხარაგაულის #3 სკოლის მოსწავლეები – ლიზა დევდარიანი და მარიამ ტაბატაძე ამბობენ, რომ სამოქალაქო განათლება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ პროექტის წერის უნარ-ჩვევები შეისწავლეს და მიიჩნევენ, რომ ეს ცოდნა სკოლასა და მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ.
ხარაგაულის #2 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მადონა ულუმბელაშვილი მოხარულია, რომ განათლების სამინისტრომ ამ პროექტისთვის ეს სკოლა შეარჩია. ის თვლის, რომ პროექტებით სწავლება მეტად შედეგიანი აღმოჩნდება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს.
„ამ პროგრამაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებას, ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას ეთმობა, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ მაღლაფერიძე, – უახლოეს ტრენინგზე ბიზნესთან თანამშრომლობის მეთოდებსა და სამოქალაქო კლუბების საქმიანობის წესებს შეგვასწავლიან.
ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია, პროექტს რა თემაზე მოვამზადებთ. ათეული წელია, სკოლაში ვასწავლი და მოსწავლეთა თვითმმართველობა ფორმალურ ხასიათს ატარებს. ახლა მოსწავლეები გააქტიურდნენ.
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ლიზა შარიქაძემ, კლუბები ჩამოაყალიბა და მორიგ შეხვედრაზე მათ სამოქმედო გეგმის წარდგენა მოსთხოვა. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევაა.
ამ პროგრამით მოსწავლეები გუნდურ მუშაობას, ერთმანეთთან ჯანსაღ კომუნიკაციას დაეუფლებიან. სასიკეთოდ შეიცვლება მათი დამოკიდებულებები გარემოს მიმართ. დიდი მოტივავია და ინტერესი გვაქვს, ეს პროგრამა სკოლაში წარმატებით განვახორციელოთ.
სასკოლო საზოგადოების გააქტიურება, საბოლოოდ, მთელი საზოგადოების გააქტიურებას ნიშნავს.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად მეშვიდეკლასელი ანასტასია ხარაბაძე შევარჩიეთ. ეს პროგრამა ხუთწლიანია. საინტერესოა, როგორი იქნება ანასტასიასა და მისი თანატოლების ცნობიერება ხუთი წლის შემდეგ“.
13 ნოემბრამდე ამ პროგრამაში ჩართულ სკოლებს ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთის ან რამდენიმეს არჩევის უფლება აქვთ. სკოლის თვითმმართველობა, სამოქალაქო კლუბი, სკოლის დირექცია უფლებამოსილია, ამ თემებზე შექმნილი პროექტისთვის დაფინანსება ცალ-ცალკე მოითხოვოს. ეს თემებია:
ამ პროექტის განხორციელებაში წარმატებებს ვუსურვებთ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ჩართულ ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის სკოლებს. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ შემდეგ ნომრებში დანარჩენი სკოლების შესახებ გიამბობთ.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული ხარაგაულის #2 და #3 სკოლებში აქტივობები იგეგმება
ამავე თემაზე
სამოქალაქო საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებით გაძლიერდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი