ხარაგაულში, სოფელ ხორითში მცხოვრები, დაუნის სინდრომის მქონე გიორგი კალანდაძე საზოგადოებაში თითქმის არ ჩნდება.
ის თავისთვის, ჩუმად ატარებს გულში ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულს, ურთიერთობს მეზობლებთან და ოჯახის წევრებთან, ერთი სული აქვს, როდის დათბება, რომ სოფელში გავიდეს და ბურთით ითამაშოს.
გიორგისთან ჩვენი დიალოგი მისი დედის, მარინა ნავაძის, მხარდაჭერით შედგა. რა უყვარს და რა წყინს, რა უხარია და რაზე ოცნებობს, რას შეცვლიდა სოფლის გამგებელი ან პრეზიდენტი რომ იყოს, – ამ შეკითხვებზე გიორგიმ საინტერესო პასუხები გაგვცა.
„ამქვეყნად ყველაზე ძალიან დედა მიყვარს, – ამბობს გიორგი კალანდაძე, – დედა ჩემთვის ყველაფერია. დილით რომ ვიღვიძებ, პირველი დედას ვხედავ. 24 წელია, ის ჩემს გვერდით იძინებს და იღვიძებს. დედა თვალის გახელისთანავე უნდა მომეფეროს, რომ მერე მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყო.
დედაჩემი გმირია, სულ ჩემზე ზრუნავს, თვალებში მიყურებს, ხომ არაფერი მეწყინა. ალბათ ძალიან იღლება. ერთხელ სახლიდან გავეპარე და ინერვიულა. მე კიდე დამალობანას თამაში მინდოდა. ახლა ყოველთვის ვეუბნები, თუ სადმე წასვლა მინდა. ხშირად ვსტუმრობ რუსო დეიდას, გიორგაძეს. როგორც კი ჩამოვა, თუ მაშინვე თავად არ მნახა, მასთან მე მივდივარ.
ძალიან მიყვარს ჩემი დები და მამა. ერთხელ გავბრაზდი, როცა მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაშინვე ჩემ დებს დავუძახე და ვუთხარი, რომ სამსახური ეშოვათ, მამას რომ არ ენერვიულა და ფული მისთვის მიეცათ. იმ დღეებში მამას რომ ვუყურებდი, სულ მეტირებოდა.
დაიკოები მანებივრებენ – ჩემთვის ტკბილეული და ბანანი მოაქვთ. ბურთის თამაში მიყვარს. კარგი ამინდები რომ გამოვა, მამა სტადიონზე წამიყვანს და მათამაშებს. მიხარია, როცა ჩვენთან სტუმრები მოდიან და პირველ რიგში მე მეკითხებიან, გიო როგორ ხარო.
მიყვარს ადამიანები. ჩვენთან ხშირად მოდიოდა ინგა მაღრაძე, რუსუდან გურგენიძე, ნოდარ ებანოიძე, ნიკო თოფურიძე. ნოდარი ჩემსავით ბუთხუზაა და მისი დანახვა მიხარია.
ზოგჯერ მომინდება და ვხატავ. ჩემი ნახატები იზა ვეფხვაძემ წაიღო და გამოფენა მოაწყო. კიდევ სიმღერა და ცეკვა მიყვარს. თუმცა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მუსიკებს აღარ ვუსმენ…
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ვიყავი შეხვედრაზე. გიგო შიუკაშვილი იქ გავიცანი. ტელევიზორში ხშირად ვხედავდი და მინდოდა, ჩემზეც გადაეღოთ ფილმები. პრეზიდენტთან ბევრი ბავშვი იყო და ცოტა შემრცხვა. მათ ბევრი რამ იცოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ხმაურობდნენ და დავიღალე.
მკლავჭიდიც მომწონს. მამა მავარჯიშებდა ხოლმე. მინდა, ვინმეს შევეჯიბრო და გავიმარჯვო.
სოფლები ღამე რომ განათებულია, ძალიან მომწონს. ჩვენს სოფელში გარე განათება არ არის. თბილისში რომ ჩავედი, იქ ბევრი ნათურა ენთო და სულ გარეთ ყოფნა მინდოდა.
გამგებელი რომ ვიყო, ხორითში განათებას მოვაწყობდი. პრეზიდენტი თუ გავხდები, ომს შევწყვეტ. გული მტკივა, ბავშვები რომ იღუპებიან. ბავშვებს ტყვია და ბომბები არ უნდა მოხვდეთ“, – ამბობს გიორგი კალანდაძე.
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომლებიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.
ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის მემკვიდრეობითი არ არის.
რატომ 21 მარტი? დაუნის საერთაშორისო ორგანიზაციამ თარიღად მესამე თვის 21 რიცხვი შეარჩია, რადგან დაუნის სინდრომს 21-ე ქრომოსომის გასამება – ტრისომია განაპირობებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: გიორგი კალანდაძე დედასთან, მარინა ნავაძესთან ერთად
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
მარინა ნავაძე – იამაყეთ თქვენი შვილებით
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს
რა იციან ხარაგაულელებმა დაუნის სინდრომთან დაკავშირებით (ვიდეო)
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი