ის, რაც წლების განმავლობაში გამივლია, სიტყვებით გადმოცემა წარმოუდგენელია. მხოლოდ შემიძლია, ძალიან მოკლედ გითხრათ იმის შესახებ, თუ რა დღეები გადავიტანე გიორგის მდგომარეობის გამო.
არ არსებობს ოჯახი, რომელიც არ ფიქრობდეს, რომ ოჯახში ეზრდებოდეს ძე, რომელიც მის გვარს გააგრძელებს. ორი გოგონა მყავს – ნინო და თამარი. როცა მესამე ბიჭი შემეძინა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მიხაროდა ყველაფერი, გაჭირვებაც კი. მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული. ოთხი თვის გიორგის ექიმმა დაუსვა დიაგნოზი – დაუნის სინდრომი.
ეს სიტყვა მაშინ გავიგონე პირველად. თავზარი დამეცა, ვერაფერი გავიგე. მხოლოდ ექიმის სიტყვები ჩამესმოდა, ბავშვი ვერ გაივლის, ვერ იმეტყველებს და რა ვიცი, კიდევ რა… ბავშვის საავადმყოფოში დატოვებაც კი შემომთავაზეს…აზრი დავკარგე. სამი-ოთხი საათი ვერაფერს ვგრძნობდი. გონზე რომ მოვედი, ჩემი გიორგი მოვიკითხე. მომიყვანეს. ჩავიხუტე გულში და რაც ძალა და ღონე მქონდა, საავადმყოფოდან გამოვიქეცი.
იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ნერვიულობა, სტრესი, უარყოფითი ემოციები… სულ ცუდად ვიყავი. გოგონებსაც სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. ვხვდებოდი, რომ მალე დავიღუპებოდი და შვილები ობლად, დედის გარეშე დამრჩებოდნენ. მაგრამ ძალა მოვიკრიბე და დავიწყე სირბილი ერთი საავადმყოფოდან მეორეში, ერთი ექიმიდან მეორესთან.
ძალიან გვიჭირდა, გიორგის ძვირადღირებული წამლები სჭირდებოდა, ყოველ სამ კვირაში თბილისში ექიმთან უნდა ჩამეყვანა. ყველაფერი ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ახლაც არ ვიცი, ამ დრომდე როგორ მოვედი. არ ჩამიგდია წამლობის არც ერთი კურსი. მარტო 700 ამპულა ნემსი ჩემი ხელით გავუკეთე ჩემს გიორგის. მეც, რა თქმა უნდა, ვმკურნალობდი, რომ ნევროზი დამეძლია და ჩემი შვილებისთვის სამაგალითო და საყვარელი დედა ვყოფილიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მუდმივი ყურადღება და განსხვავებული თანადგომა სჭირდებოდა, შევძელი და ჩემს უფროსს შვილებსაც არ ვაკლებდი ზრუნვასა და სითბოს. დღეს მე ბედნიერი დედა ვარ.
ვიქტორ ჰიუგო ამბობს, რომ „ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი.“ ამ სიტყვებს ჩემი გამოცდილებიდან ვეთანხმები. მართლაც, ძლიერი დედა ვარ. ჩემი დედობის ღირსების სია ძალიან გრძელია და როცა განვლილ გზას გავყურებ, საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გმირი დედა ვარ, რადგან ჩემი ძალისხმევით დღეს ჩემი გიორგი დადის, დარბის, საუბრობს, ფეხბურთს თამაშობს, უყვარს ხატვა, სიმღერა, საკუთარი ხელით ჭამს და იცვამს, იბანს და საოჯახო საქმეებში მეხმარება, უყვარს ტელევიზორი – მის განკარგულებაშია პულტი. უყვარს თავისი დები, მამა, ნათესაობა და ჩემს გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებს, გვერდიდან არ მიშორებს. ხანდახან ვეტყვი ხოლმე ჩემს მეუღლესა და შვილებს, რომ მე და გიორგიმ ასი წელი უნდა ვიცოცხლოთ ერთად და მერე ერთად წავალთ ამქვეყნიდან-მეთქი.
მინდა დედებს თხოვნით მივმართო: ნუ მიატოვებთ თქვენს შვილებს. თქვენ თქვენი ძალითა და ენერგიით შეგიძლიათ შვილი გვერდით გყავდეთ და იამაყოთ კიდეც. და კიდევ ერთი თხოვნა: თქვენს შვილებს ნუ გამოიყენებთ სავაჭროდ, ნუ დაამცირებთ, „დამეხმარეთ, შვილი მყავს ავად,“ – ნუ აკადრებთ ამ სიტყვებს. ამ დროს ისინი ძალიან იტანჯებიან.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დაუნის სინდრომის მქონე პირებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლეს. ჩემი გიო ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. ცოტა მორიდებულად იქცეოდა, თუმცა, აღტაცებული დარჩა პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან შეხვედრით. ჩემთვის უბედნიერესი დღე იყო, გიოს რომ ასე გახარებულს ვხედავდი.
მას თავისი სამყარო აქვს. ალბათ ბევრს ფიქრობს და ყველაფერს არც მეუბნება. პრეზიდენტმა 20 მარტს გვიმასპინძლა. 21 მარტს კი ქუთაისში, იმერეთის გუბერნატორთან, გაიმართა შეხვედრა. მას შემდეგ გიომ მეკითხება, აბა, კიდევ სად წავალთო. ქუთაისში ბავშვები კარგად გაერთვნენ – აცეკვეს და ამღერეს. რაც მთავარია, სითბო, სიკეთე და სიყვარული იგრძნობოდა ყველგან, რასაც დაუნის სინდრომის მქონეები განსაკუთრებულად ამჟღავნებენ.
იმ ოჯახებსა და მშობლებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავთ, მინდა ვუთხრა, რომ სტრესში ნუ ჩავარდებიან. ეს არ არის განაჩენი, პირიქით, ჩვენ უფალმა დაგვაჯილდოვა ასეთი შესანიშნავი შვილებით. ჩემი გიორგი ძალიან კეთილი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. მე ვამაყობ ჩემი გიორგით, ასევე იამაყეთ თქვენც.
მარინა ნავაძე
ფოტოზე: გიორგი კალანდაძე და გიგო შიუკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობისას, 2017 წ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი