20 ივნისს, სოფელ ლეღვანში მელანო (მედიკო) ცხოვრებაძე-ლაცაბიძემ 100 წლის იუბილე შვილების, შვილიშვილებისა და ახლო ნათესავების გარემოცვაში აღნიშნა.

საუკუნის წინ, 1925 წლის 20 ივნისს, სოფელ ნებოძირში ალექსანდრე ცხოვრებაძისა და ფედოსი გოგინაშვილის ოჯახში მესამე შვილი – მელანო დაიბადა. ამ ოჯახს მელანოს შემდეგ კიდევ ოთხი შვილი შეემატა. დღეს დედმამიშვილებიდან ცოცხალი მხოლოდ მელანო ბებოა.

შვიდი წლის მელანო ნებოძირის ოთხწლიან სასწავლებელში შეიყვანეს. დიდი სიყვარულით იხსენებს პირველ მასწავლებელს, იასონ მხატვრიშვილს, რომელმაც მას სწავლისადმი ინტერესი გაუღვივა. მოლითის სკოლის შვიდწლედის წარჩინებით დასრულების შემდეგ მელანო ცხოვრებაძეს უფროსმა ძმამ ურჩია, სწავლა თბილისში, საექთნო სასწავლებელში გაეგრძელებინა. შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ჩარიცხულიყო, რადგან ექიმობა სურდა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მისი გეგმები შეცვალა – ქალაქში გაჭირვების გამო ნებოძირში დაბრუნდა და ოჯახში საქმიანობას მიჰყო ხელი.

ერთხელაც, ნათესავმა მომავალ მეუღლეს შეახვედრა.

„ჩემი მომავალი მეუღლე, ვალიკო ლაცაბიძე მამაჩემს ძალიან მოეწონა, – გვიამბობს მელანო ბებო, – გაცნობიდან მალევე დავქორწინდით. კარგი, მშრომელი ბიჭი იყო. მძღოლად მუშაობდა და თან ხარაგაულის ანსამბლში კლარნეტზე უკრავდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი. დაოჯახების შემდეგ სულ ლეღვანში ვცხოვრობ, არსად მიმუშავია. ექვსი შვილი გავაჩინეთ – ორი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი. მთელი სიცოცხლე შვილებსა და ოჯახზე ზრუნვაში, მულხჩაუხრელ შრომაში გავატარე.

მრავალშვილიანობა მშობლებისგან მომდგამს – ცხრა დედმამიშვილი იყო დედაჩემის და ათი მამაჩემის ოჯახში. მეც სულ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. მეექვსე შვილი 40 წლის ასაკში გავაჩინე.

…ოჯახი რომ შევქმენი, თავიდან საკუთარი სახლი არ გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს მხარში ამოვუდექით და ყველაფერი ჩვენი ხელით შევქმენით. ძალიან მიზანდასახული და ინტერესიანი ვიყავი. ღამე თითქმის არ მეძინა. სად იყო სარეცხის მანქანა – სარეცხს სულ ხელით ვრეცხავდი. წყალს სახლიდან ერთი კილომეტრით დაშორებული წყაროდან ჩაფით ვეზიდებოდი.

გაჭირვების მიუხედავად, მე და ჩემმა მეუღლემ სიამტკბილობით ვიცხოვრეთ. ერთმანეთი არასდროს დაგვიმცირებია. ქმარს ზედმეტ სიტყვას როგორ ვაკადრებდი. ისიც დიდ პატივს მცემდა“.

შრომისგან დაღლილ მელანოს თავისი განცდები და ფიქრები ფურცელზე გადაჰქონდა. წერდა ყველაფერს, მათ შორის იმასაც ინიშნავდა, რამდენ მეტრ ფართობზე რამდენი ტარო სიმინდი და რამდენი კილო ლობიო მოიყვანა.

…შემდეგ ქალბატონი მელანოს შვილები დაოჯახდნენ და შვილიშვილების გაზრდა იტვირთა. მის ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული ჯერ მეუღლის, შემდეგ ორი შვილის გარდაცვალება იყო… ამ განსაცდელსაც გაუმკლავდა.

ასი წლის მელანო ცხოვერებაძეს 17 შვილიშვილი, 25 შვილიშვილის შვილი და 9 შვილიშვილის შვილიშვილი ჰყავს. 88 ნაშიერით ბედნიერი ვარო, – ამბობს და უფალს საუკუნოვანი სიცოცხლისთვის მადლობას უხდის.

„ცხოვრებაში მთავარია სიკეთე, კარგი ადამიანობა, პატიოსნება, – ამბობს მელანო ცხოვრებაძე, – არასდროს არავის დავმდურებივარ, არავინ დამიწყევლია, სხვისი არაფერი შემშურებია.

საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს. როგორი თავისუფლები, ლაღები, განათლებულები არიან. დარწმუნებული ვარ, უკეთეს ქვეყანას ააშენებენ. ყველას გლოცავთ საუკეთესო სურვილებით“.

ვულოცავთ 100 წლის იუბილეს მელანო ცხოვრებაძე-ლაცაბიძეს. მხნეობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

ნინო კაპანაძე