
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო პერიოდია. დავინტერესდით, რა მდგომარეობაშია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლის ინფრასტრუქტურა, როგორ და რა ვადაში აპირებენ არსებული პრობლემების მოგვარებას. ამ მიზნით ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მარინა ვეფხვაძეს მივმართეთ.
კიცხის, ვაშლევის, მარელისის, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებისა და ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის შენობები ახლადრეაბილიტირებულია. ახალი შენობები ესაჭიროება ზვარის სკოლის ჩრდილის დაწყებით , საღანძილისა და წყალაფორეთის სკოლებს.
მარინა ვეფხვაძე ამბობს, რომ „ბორისა და ვახანის სკოლების შენობები სასწრაფოდ სრულ რეაბილიტაციას საჭიროებენ. სხვა სკოლებში, ინფრასტრუქტურის მხრივ, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. თუმცა კოსმეტიკური რემონტი თითქმის ყველა სკოლას სჭირდება.
ამჟამად ხარაგაულის #2 სკოლაში ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში დიდი ხანია, არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, სკოლის შენობა ნორმალურ მდგომარეობაშია, – კარგად მოვლილია.
ვახანის, ბორის, ხუნევის, ბორითის სკოლების რეაბილიტაცია „საქართველოში საჯარო სკოლის შენობების ენერგოეფექტურობის“ პროგრამის ფარგლებში უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ეს პროგრამა გაურკვეველი დროით შეჩერდა. ინფორმაცია მოვიკითხე და მითხრეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად განახლდება, მაგრამ როდის, – უცნობია.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტით – „800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გედსამანიის, ხარაგაულის #2 და #3, ვარძიისა და ხიდრის სკოლების შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. თუმცა, როდის დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, არ ვიცით და ველოდებით“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.
გასულ წლებში ადგილობრივ თვითმმართველობებს ცენტრალური ბიუჯეტიდან სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხა ერიცხებოდა; 2022 წელს – 100 ათასი, ხოლო 2023 წელს – 170 ათასი ლარი გადმოირიცხა.
„2024 წელს თანხა აღარ ჩამორიცხულა. განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო ცდილობს, სკოლებში გადაუდებლად საჭირო ინფრასტრუქტურული პრობლემები თავად მოაგვაროს – ამბობს მარინა ვეფხვაძე, – ორი კვირის წინ შეიცვალა ბორის სკოლის სახურავი. ასევე ინფრასტრუქტურის სააგენტო ამ ზაფხულს ხიდრის სკოლის გადახურვასაც გეგმავს, – ხიდრის სკოლის სახურავი წელს მოსულმა უხვმა თოვლმა დააზიანა.
წელს სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს სკოლებს 20 ათასი ლარის ფარგლებში დაუფინანსებს. ხარაგაულის სკოლების ნაწილმა მოამზადა საპროექტო წინადადებები, რომლებიც ინფრასტრუქტურის სააგენტოშია გადაგზავნილი და ველოდებით დაფინანსებას.
სამინისტროდან მისაღები თანხით:
– ბორითისა და ბორის სკოლებში სკოლის ეზოს შემოღობვა და ჭიშკრის მოწესრიგება იგეგმება;
– ხარაგაულის #2 და ხუნევის სკოლებში ელექტროგაყვანილობის განახლება და კოსმეტიკური რემონტი;
– მოლითის სკოლაში სახურავიდან ჩამონადენი წყლის შემკრები ძაბრებისა და მილების რეაბილიტაცია-მონტაჟი;
– ხიდრის სკოლაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების შეძენა;
– ზვარის სკოლაში გათბობის სისტემის მოწესრიგება;
– უბისის სკოლაში საკლასო ოთახების გაყოფა იგეგმება.
სხვა სკოლებს, ჯერჯერობით, საპროექტო წინადადებები არ მოუმზადებიათ. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხარაგაულში მხოლოდ ორი სპეციალისტი ამზადებს და სკოლების ნაწილი ელოდება საპროექტო დოკუმენტაციის გამზადებას.
საღანძილის სკოლის შენობის მიმდებარედ მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება შეიქმნა. ამიტომ, გეოლოგების რჩევით, ამ სკოლამ საკუთარი შენობა დატოვა და 2024-2025 სასწავლო წელს სწავლა საღანძილის საბავშვო ბაღის შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე ამბობს, რომ საღანძილის სკოლის პრობლემის მოსაგვარებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასთან და პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროსთან ერთად მუშაობს. შესაძლოა, საღანძილის საბავშვო ბაღის გვერდზე აშენდეს სკოლისთვის ორსართულიანი შენობა. ეს წინადადება შევთავაზეთ ინფრასტრუქტურის სააგენტოს, რომლის წარმომადგენელიც ადგილზე უნდა ჩამოვიდეს და სიტუაციას გაეცნოს. თუმცა, როდის ჩამოვა, ზუსტად არ ვიცი“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე აცხადებს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, სამინისტროს ჩართულობით. „ყველაფერს გაგაგებინებთ. ამ წუთში ინფორმაციას თავადაც არ ვფლობ და თქვენ რა და როგორ გითხრათ“, – გვიპასუხა დავით კიკნაძემ.
„წყალაფორეთის სკოლისა და ჩრდილის დაწყებითი კლასებისთვის კორპუსის მშენებლობას რაც შეეხება, ველოდებით, – ამბობს მარინა ვეფხვაძე, – ამ სოფლებში ახალი შენობების ასაშენებლად პროექტები უკვე მომზადებულია; ტენდერებიც იყო გამოხდადებული, თუმცა, სამწუხაროდ, არ შედგა. ამჟამად ველოდებით, როდის გამოცხადდება განმეორებითი ტენდერი და დაიწყება მშენებლობა. სამივე ასაშენებელი სკოლა ხარაგაულში მცირეკონტინგენტიანია. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის სკოლების მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი. ხარაგაულში გვაქვს პრეცენდენტი, რომ ორი მოსწავლისთვის სოფელ ღარიხევში ახალი სკოლა აშენდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სოფლებშიც ახალი სკოლები აუცილებლად აშენდება“.
თამთა გოგოლაძე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო პერიოდია. დავინტერესდით, რა მდგომარეობაშია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლის ინფრასტრუქტურა, როგორ და რა ვადაში […]
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის