სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულები, შესაძლოა, თავად გახდნენ ამ უწყების ბენეფიციარები. თუ მძიმე შრომითი პირობები არ გაუუმჯობესდათ, სოცაგენტები სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდებიან. ისინი თავიანთ მდგომარეობას, მეორე წელია, აპროტესტებენ.
ქეთევან ბოლქვაძე, 16 წელია, ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოში სოცაგენტად მუშაობს. ის ამბობს, რომ ბოლო ორი წელია, ის და მისი კოლეგები ხელფასების მატებას, სამედიცინო დაზღვევას, გზის ხარჯს, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას თუ სხვა პრობლემების მოგვარებას ჯანდაცვის სამინისტროსგან უშედეგოდ ითხოვენ.
„ჩვენი მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაუარესდა, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, – სოცაგენტების ხელზე ასაღები ხელფასი 200 ლარია. ერთი ოჯახის დეკლარაციის შევსებისას ხელზე 4 ლარსა და 80 თეთრს ვიღებთ.
თუ ჩვენგან შემოწმებულ ოჯახში 18 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, მათი მდგომარეობის შესწავლა და სპეციალური კითხვარის შევსება გვევალება. თავიდან ამაში ფულს არ გვიხდიდნენ. ახლა ერთ ბავშვზე შევსებულ რეფერირების ფორმაში 1 ლარი და 20 თეთრი გვეკუთვნის. ბოლო ორი წელია, ჩემი ხელფასი 300-350 ლარს ვერ გაცდა.
წლებია, სოფლებში მისასვლელად გზის თანხის ანაზღაურებას ვითხოვთ. გასულ კვირაში ხარაგაულიდან 40 კილომეტრით დაშორებულ მაღალმთიან სოფელ გოლისში ვიყავი. უკან ვეღარ წამოვედი და იძულებული გავხდი, ერთ-ერთ ოჯახში დავრჩენილიყავი. ასეთ პირობებს ბევრი ვერ უძლებს და ამიტომ, ქალები, რომლებიც სოცაგენტებად მუშაობდნენ, იძულებულნი გახდნენ, სამსახური დაეტოვებინათ.
პანდემიის გამო რიგი სამუშაოების შესრულება აღარ გვიწევს. ეს, ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ შემოსავალი მოგვაკლდა. იკლო დახმარების დანიშვნის განცხადებებმა. ხარაგაულის სოციალურ სააგენტოში თვეში საშუალოდ 50 ოჯახის განცხადება შემოდის. სამი აგენტი ვმუშაობთ და თითოეულს, საშუალოდ, 16 ოჯახის გადამოწმება გვხვდება.
უპირველესი ადამიანის ჯანმრთელობაა. სამედიცინო დაზღვევის პაკეტს ვითხოვთ. თავიდან სამედიცინო დაზღვევაში 15 ლარს თავად ვიხდიდი, მაგრამ 25 ლარი რომ გახდა, შევწყვიტე, ჩემი ხელფასით ამას ნამდვილად ვეღარ შევძლებ.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამედიცინო დაზღვევის საუკეთესო პაკეტი აქვთ. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი თანამშრომლების უფლებებს ვერ იცავს და სხვებისას როგორ დაიცავს?!
მალე სოცაგენტები სიღარიბის ზღვარს მიღმა თავად აღმოვჩნდებით. პანდემიის გამო შეღავათები და ფულადი დახმარებები იმ ოჯახებმაც მიიღეს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 ათასია. იმ ოჯახების სტუდენტებმა, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასზე დაბალია, სწავლის გადასახადზე შეღავათით ისარგებლეს. მე, როგორც სოციალური სააგენტოს თანამშრომელს, რაიმე შეღავათის მოთხოვნის უფლება არ მაქვს“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 12 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან კოლექტიური შრომითი დავა დაიწყეს. ისინი მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას შეხვდნენ. დასაქმებულთა უფლებებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელი“ იცავს.
„მედიაცია უშედეგოდ დასრულდა, – ამბობს დავით ომსარაშვილი, „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის თანადამფუძნებელი და მთავარი იურისტი, – ახლა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებზეა დამოკიდებული, გაიფიცებიან, თუ არა.
მედიაციის პროცესში მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია დასაქმებულებს დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხები 15 ნოემბრისთვის ექნება. სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს კანონიერი გაფიცვის უფლება მოპოვებული აქვთ.
ჯანდაცვის სამინისტრო თავის უწყებაში დასაქმებულთა შრომის უფლებებს ვერ იცავს. 2021 წლის მაისში „სოლიდარობის ქსელმა“ სოციალური სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო პირობების შესწავლა შრომის ინსპექციისგან მოვითხოვეთ. მათ სერიოზული დარღვევები დააფიქსირეს.
„სოლიდარობის ქსელი“ სოციალურ სააგენტოში დასაქმებულებს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას ვუცხადებთ“.
„ჩემი ხარაგაულის“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, სოცაგენტებს მოთხოვნებზე პასუხს 15 ნოემბრისთვის გასცემენ. კონკრეტულად რას შესთავაზებს მათ სამინისტრო, არ დაგვიკონკრეტეს და გვითხრეს, რომ ამ საკითხებზე მუშაობენ.
სოცაგენტები მოითხოვენ:
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე:
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები 17 იანვრიდან გავიფიცებით – ქეთევან ბოლქვაძე
ჯანდაცვის სამინისტროსგან სიტყვიერ დაპირებას აღარ ვენდობით – ამბობენ გაფიცული სოცაგენტები
გაფიცული სოცაგენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა გაფიცვა დასრულდა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.