3 ივლისს სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ.
მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართეს. სოცაგენტები ფიქსირებული 80 ლარიანი ხელფასის გაზრდას, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას და ტრანსპორტირებისთვის ცალკე თანხის გამოყოფას ითხოვენ.
ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცაგენტი ქეთევან ბოლქვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
„ჩვენი სახელფასო ანაზღაურება 100 ლარია და ხელზე 80 ლარს ვიღებთ, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, ამას ემატება თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე ხელზე ასაღები თანხა 4 ლარი და 80 თეთრი. თვეში დაახლოებით 300 ლარამდე ვიღებდით.
პანდემიის გამო ოჯახებში აღარ დავდიოდით, რადგან მომართვიანობა არ იყო. გენერალური სიებით გადამოწმების პროცესი ჯანდაცვის სამინისტრომ შეაჩერა და დახმარებების გაცემა ავტომატურად გრძელდება. თუ პანდემიამდე დღეში საშუალოდ ათ ოჯახს ვამოწმებდით, ახლა კვირის განმავლობაში ერთ ან ორ ოჯახში მივდივართ.
წარმოიდგინეთ ხარაგაულის ცენტრიდან 30-50 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში ნადაბურსა და წიფაში რომ მიხვალ და ერთ დეკლარაციას შეავსებ. ფაქტობრივად, თვეში მხოლოდ 80 ლარის ამარა დავრჩით“.
ქეთევან ბოლქვაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გუშინ, 30 ივნისს, იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტის სოცაგენტებს შეხვდნენ.
„ივლისიდან ხელფასის 250 ლარამდე მომატებას დაგვპირდნენ, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, – ხელზე 200 ლარს ავიღებთ. დაგვპირდნენ, რომ გრძელვადიან ხელშეკრულებებს გაგვიფორმებენ. ასევე არ დაგვიქვითავენ ხელფასს, თუ რაიმე შეცდომას დავუშვებთ.
ვნახოთ, რა იქნება. შესაძლოა, აღარ გავიფიცოთ. 2021 წლის იანვრიდან ხელფასების მომატებას კიდევ დაგვპირდნენ.
სოცაგენტების უფლებებს ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“იცავს. ამ ორგანიზაციის იურისტი დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, პირველ რიგში, მოლაპარაკებები მათთან უნდა გამართოს.
– ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებებში ჩართვაზე უარი გვითხრა და რეგიონებში სოცაგენტებს ჩვენს გარეშე ხვდებიან, – ამბობს დავით ომსარაშვილი, – კოლექტიური დავის მხარე პროფკავშირია. სამინისტრო აგენტებთან შეხვედრებითა და ზეპირი დაპირებებით ცდილობს, რომ ჩვენი ერთობა დაშალოს.
ის, რასაც სოცაგენტებს ჰპირდებიან, დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს. ამიტომ არის აუცილებელი შეხვედრებზე პროფკავშირის იურისტების დასწრება, რომ ეს დაპირებები ნამდვილად შესრულდება.
ჯერჯერობით, გაფიცვის თარიღი – 3 ივლისი ძალაშია“.
სოციალური აგენტების პროტესტს უერთდებიან:
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილება
ამავე თემაზე – სოცაგენტები მეგობრების ავტომობილების იმედად ხარაგაულში
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.