სოციალური აგენტების საქმიანობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ძალიან გაართულა.
„როგორ ვართ, რა მდგომარეობაში ვმუშაობთ, რა გვიჭირს და რა გვილხინს, ჩვენს ამბავს, გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ გარდა არავინ კითხულობს“, – ამბობს ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცაგენტი ქეთევან ბოლქვაძე. ის თავისი და კიდევ ორი სოცაგენტის მდგომარეობას გვიყვება.
მათი უმთავრესი პრობლემა ტრანსპორტირებას უკავშირდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა აკრძალულია. ამიტომ მანქანით მომსახურებას ახლობლებს ან თანამშრომლებს სთხოვენ, რადგან ტაქსის დაქირავებას საკუთარი ხელფასით ვერ შეძლებენ.
2021 წელს საქმიანობა 8 იანვრიდან განაახლეს. ერთი კვირის წინ ხევში თანამშრომლის ავტომანქანით წავიდნენ. საწვავი ნისიად ჩაასხეს, – ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი ახლობელია და ენდობა.
„ბევრი დეკლარაცია არ იყო შესავსები, მაგრამ თუ გეგმა არ შეასრულე, ფიქსირებულ ხელფასსაც აღარ გვაძლევენ, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, – ამ წელში არც პირბადე, არც ხელთათამანი, არც სადეზინფექციო ხსნარი არ მიგვიღია. აღჭურვილობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ხიდარში აგენტი ბერიკა ბრეგვაძე კორონავირუსით ინფიცირებულთა ოჯახებში დადიოდა. თუ განცხადებაზე რეაგირება დავაგვიანეთ, ახსნა-განმარტება უნდა დავწეროთ, კონკრეტულ მისამართზე დროულად რატომ ვერ მივედით.
გასული წლის ივლისიდან ჩვენი ფიქსირებული ხელფასი 100 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა. ერთ შევსებულ დეკლარაციაზე 4 ლარი და 80 თეთრი გვეკუთვნის. საპროტესტო აქციები რომ გავმართეთ, ხელფასი მაშინ მოგვიმატეს. დაგვპირდნენ, რომ დეკლარაციების თანხაც გაიზრდებოდა, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა. ერთწლიანი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ, მაგრამ 2021 წლის იანვრიდან ხელი ისევ ერთთვიან ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ დეკემბერში მათ გაეროს ბავშვთა ფონდიდან მიღებული პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი და დეზობარიერები იმერეთის ყველა განყოფილებას გადასცეს. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სოცაგენტების სოფლებში გადაადგილებისთვის მანქანასაც გაუგზავნიან. იგეგმება თუ არა სოცაგენტების ხელფასების ზრდა, – ამის შესახებ ნინო ჭიღლაძე ინფორმაციას არ ფლობს.
„სოცაგენტებს უახლოეს ხანში ჩხერიმელას ხეობის სოფლებში წასვლა მოუწევთ, – ამბობს ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი კიაზო გამრეკელაშვილი, – რეგიონიდან მანქანას მაშინ მოვითხოვ“.
სოცაგენტების უფლებებს „სოლიდარობის ქსელი“იცავს. ამ ორგანიზაციის იურისტი დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სოცაგენტები მოატყუა.
„2020 წლის ივლისში, როცა სოცაგენტები გაიფიცნენ, დამსაქმებელმა ექვსთვიანი ხელშეკრულება გაუფორმა, – ამბობს დავით ომსარაშვილი, – ახლა, იანვარში ისევ ერთთვიანი ხელშეკრულებები გამოუგზავნეს. ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც თავად უნდა იცავდეს დასაქმებულთა უფლებებს, საკუთარ თანამშრომლებს ასე უპასუხისმგებლოდ ექცევა.
ბრძოლას გავაგრძელებთ. ვუკავშირდები სოცაგენტებს და მათთან კონსულტაციის შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დავგეგმოთ. ხელშეკრულების ვადების შევცლის მოთხოვნით კი სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.