

ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობა, სამი წელია, რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელს ითხოვს.
ამისთვის მოსახლეობამ, წერილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც არაერთხელ მიმართა.
ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს ვკითხეთ.
– ბატონო კობა, ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობები ამოწურული გაქვთ საიმისოდ, რომ ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობისთვის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი დაემატოს?
– არ გვაქვს ამოწურული. ჩვენ ამ საკითხებზე, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ გვქონდეს საუბრები საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. მათ შორის, როგორც ხუნევი-გედსამანიისთვის არის პრობლემა, რომ გარკვეული დამატებითი მანძილის გავლა უწევთ ავტობანზე მოსახვედრად, ასევე საკუთრივ დაბა ხარაგაულისთვისაც ეს პრობლემაა. ჩვენ ბორითიდან ან უბისიდან გვიწევს ავტობანიდან ჩამოსვლა, ან თითქმის ზესტაფონში უნდა ჩავიდეთ, რომ იქიდან შემდგომ აღმოვჩნდეთ იმ გზაზე, რომლითაც დაბა ხარაგაულში ვბრუნდებით.
ხარაგაულთან მიმართებაში საბოლოოდ შევჯერდით – შროშაში, სადაც განთავსებულია ე.წ. ახალი სავაჭრო ცენტრი, – ეთნოგრაფიულ კუთხეს ვგულისხმობ, – ავტობანზე ასასვლელის მოწყობაც შეიძლება და ჩამოსასვლელისაც.
იმ ტერიტორიაზე, ჩემი და ზესტაფონის მერის ერთობლივი თხოვნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტზე არაერთგზის მიმართვით, მივედით იმ შედეგამდე, რომ იქ, მდინარე ძირულაზე გაკეთდება ხიდი. ეს ბევრად მოგვაახლოვებს ხარაგაულის გადმოსასვლელთან.
როგორც ვიცი, პროექტირება დასრულებულია და უახლოეს ხანში ტენდერი უნდა გამოცხადდეს იმ ხიდის მშენებლობაზე. ანუ, ავტობანიდან ხარაგაულის ასავლელისა და ჩამოსასვლელის მოწყობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
გედსამანიასა და ხუნევს რაც შეეხება, – სანამ ეს საკითხი მოწესრიგდება, ჩვენ იქ დავნიშნეთ მუნიციპალური ტრანსპორტი. უახლოეს ხანში მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით შევიძენთ ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსებს. ამ ავტობუსებით რეგულარული მარშრუტები გვექნება ხევიდან ხარაგაულის მიმართულებით.
– ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი ხუნევი-გედსამანიას ექნება თუ არ ექნება?
– რასაც ხუნევში მაცხოვრებლები ფიქრობენ – ძველ გზაზე, გვირაბთან რომ გაიხსნას გასასვლელი, – ეს არის ყველაზე მარტივი გზა. თუმცა, ამ პრინციპს ვერ ითვალისწინებს ავტობანის საერთაშორისო გზის სტანდარტი.
რასაც ამ ეტაპზე გვთავაზობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არის ის, რომ შეგვიძინონ ავტობუსები, რომ ამ ხალხს ამოვასუნთქოთ, რეგულარული „რეისებით“.
– კი ბატონო, ეს უფრო მარტივია და დროში სწრაფად იქნება. თუმცა, მაინც ჩაგეკითხებით, – ხუნევიდან ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელის გაკეთება არის შესაძლებელი, თუ არ არის შესაძლებელი. დასრულდა რიკოთის ავტობანის მშენებლობა. როცა იცი, რომ არ იქნება, ცრუ მოლოდინი მაინც აღარ გექნება ხუნეველ ადამიანს.
– თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელი იქნება, დამერწმუნეთ, ჩვენ არ დავაკლებთ არაფერს და არც კოლოსალური თანხები დასჭირდება.
– ანუ, ჯერ არ ვიცით, ტექნიკურად არის თუ არა შესაძლებელი?
– ჯერ ის ვიცით, რომ ტექნიკურად შესაძლებლად რასაც მივიჩნევთ, – რომ გაიხსნას ავტობანზე შესასვლელი არსებული ძველი გზიდან, – ამაზე უარს გვეუბნებიან, ავტობანის საერთაშორისო სტანდარტიდან გამომდინარე.
ალტერნატიულს რაც შეეხება, – სხვა ადგილზე, სხვა შესასვლელი რომ განვიხილოთ, ამაზე იყვნენ ჩამოსულები საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. გედსამანიის ცოტა ქვემოთ, ძველ გზაზე, არსებობს სახიდე გადასასვლელები და ერთ-ერთ ვარიანტად ამასაც განიხილავენ, რომ შეიძლება მოაწყონ ავტობანზე შესასვლელ-ჩამოსასვლელი.
ამუშავებენ ამ ვარიანტს და პასუხს გვეტყვიან, – არის შესაძლებლობა, თუ არ არის. ჩემ თავს ვერ ვაძლევ უფლებას, რომ წინასწარ რაიმე დაპირება მივცე მოქალაქეებს. როგორც კი მეცოდინება, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებ.
ამავე თემაზე
ხუნევი ისევ ჩიხშია – მოსახლეობა რიკოთის ავტობანზე დაპირებულ ასასვლელს უშედეგოდ ელის
რიკოთის ავტობანის მიღმა ჩიხში დარჩენილები…
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ვრცელ ინტერვიუს გაეცანით ბმულზე.
ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობა, სამი წელია, რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელს ითხოვს. ამისთვის მოსახლეობამ, წერილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც არაერთხელ მიმართა. ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში წყალმომარაგების
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალში,
დღეიდან, 8 ივნისიდან, საგარეუბნო მატარებელი ხაშური-ზესტაფონი-ხაშური