

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში წყალმომარაგების პრობლემაა. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია: წყლის დეფიციტი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სეზონური პრობლემები. ჩვენ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, მაგალითად, საქარიქედში, შავიძეების უბანში; მარელისში, ცისკაძეების უბანში; ფარცხნალში, სასახლის უბანში; ლეღვანში, კიბაბოურის უბანში სასმელი წყალი არის პრობლემა.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, 2030 წლისთვის მოსახლეობის წყალმომარაგება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია იქნება. ჯერჯერობით მუნიციპალიტეტების უმრავლესობას, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, წყლის რესურსების მართვის კონკრეტული გეგმა არ აქვს.
როგორ აპირებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება სოფლებში წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს:
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ხარაგაულში წყლის მიწოდების კუთხით ყველგან დეფიციტია. ზოგიერთი პრობლემური ადგილია, – ისიც პერიოდულად. ბუნებრივი კატაკლიზმიდან გამომდინარე, – სოფელში არსებული მიწოდების ხაზების გამართული თუ გაუმართავი მუშაობის მიუხედავად, დებეტმა მოიკლო, – წყალი ვერ მივიდა მოქალაქემდე საკმარისი რაოდენობით. ხშირ შემთხვევაში წყალი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ვერ მიდიოდეს მოქალაქემდე.
თქვენ საქარიქედი დაასახელეთ. საქარიქედზე ჭაბურღილსაც ვაფუნქციონირებთ, გავაძლიერეთ კიდევაც შესაბამისი სათავე ნაგებობა, – იქ ორი მრავალტონიანი ავზია. მანდ წყალი გავყავით. ერთი მიმართულება კიცხის იგორეთისკენ მიდის, მეორე – საქარიქედის მიმართულებით. წყალი ორივეში თანაბრად შედის, მაგრამ ვინ როგორ მოიხმარს, მერე ამაზეა დამოკიდებული.
ვიღაც ზაფხულში მობრძანდა და ათტონიანი ავზი უნდა რომ გაავსოს; ვიღაც სოფელში მუდმივად ცხოვრობს, მასაც აქვს შესაბამისი ავზები, რომელსაც დღის განმავლობაში ავსებს და შემდგომ, სარწყავად იყენებს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ოჯახების ნაწილი მუდმივად სარგებლობს ამ წყლით, ხოლო დანარჩენი საერთოდ ვერ სარგებლობს.
ეს პრობლემა რომ დარეგულირებულიყო, „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებაში“ თანამშრომელიც კი ავიყვანეთ, რომელმაც ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. მაინც ვერ დარეგულირდა. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს ამ წყლის გამოყენება მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით არ აკმაყოფილებთ. მათ სურთ, რომ სარწყავი წყალი ჰქონდეთ.
– სჭირდებათ კიდევაც.
– ჩვენ მზად ვიქნებოდით, სარწყავი წყალი მიგვეწოდებინა მათთვის, თუ ამის რესურსი იქნებოდა. თუ არ არსებობს ამის რესურსი, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? მაშინ უნდა ვეცადოთ, თუნდაც შორი მანძილიდან მოვიყვანოთ მეტი წყალი მოქალაქის სახლამდე.
საქარიქედს ასეთი რესურსი, მიმდებარედ, არ აქვს. პრობლემა სწორედ ეს არის. სადაც არის წყლის რესურსი, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ასეთია სარგვეში, სადაც წყლის დებეტი იმდენად დიდია, რომ მაქსიმალურად დიდი გამავლობის წყლის მიწოდების ხაზს ვაშენებთ. დაახლოებით, 150 ტონამდე მოცულობის რეზერვუარები გვექნება, მაგრამ მომავალში ეს კიდევ შეგვიძლია გავზარდოთ.
წყალმომარაგების კომპანიას ჩვენ ვესაუბრებით, რომ მიმდებარე სოფლებში გაფართოვდეს წყლის მიწოდება ისე, როგორც დაბა ხარაგაულშია და მიაწოდოს მაგალითად, თეთრაწყაროს ნაწილს, ლაშის ნაწილს, სადაც შეიძლება, რომ თვითდინებით ეს წყალი წავიდეს.
– სარგვეშის გარდა, კიდევ ხომ არ აპირებთ რომელიმე მიმართულებით წყალსადენის მშენებლობას?
– ვაპირებთ, სადაც ვნახავთ შესაბამის წყლის დებეტებს. კიცხში არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად განვახორციელეთ ჭაბურღილის პროექტი, რომელმაც არ იმუშავა. სულ ოცამდე ჭაბურღილი გვაქვს; აქედან 70% მუშაობს, დანარჩენი – ვერა.
ჭაბურღილები ძალიან ძვირადღირებული არ იყო – დაახლოებით ერთი ჭაბურღილის გაკეთება 20-25 ათასი ლარი გვიჯდებოდა. ოცი განხორციელებული პროექტიდან, ეს არ არის 100%-ით შედეგის მომცემი იმიტომ, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული გეოლოგის გათვლაზე, ტექნიკურ გამართულობაზე. წყალი შეიძლება დაიკარგოს, მეწყრული პროცესები განვითარდეს, სისტემა დააზიანოს და ა.შ.
იმ გადახდილი თანხის პროპორციულად, რაც დავხარჯეთ, ოცი გაკეთებული ჭაბურღილიდან, პირობითად, 15-მაც რომ იმუშაოს, ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მნიშვნელოვანია და ამ რისკებზე მივდიოდით. თუმცა, ახლა ვცდილობთ, რომ მასშტაბურ პროექტებზე გადავიდეთ და ვეძებთ რესურსებს. ასეთი საშუალება სარგვეშში მოგვეცა. იქნებ, კიცხის ზონაზეც მოვიძიოთ, ვზრუნავთ ამაზე.
– და ეს კონკრეტული გეგმის სახითაც გაიწერება, ალბათ.
– ეს გეგმა იქნება უახლოეს ხანში. ნებისმიერი გეგმა, ნებისმიერი ჩანაწერი გეგმაში, დაფუძნებული და დამყარებული იქნება აუცილებლად იმაზე, თუ სად გვაქვს წყლის რესურსები. ჩვენმა წარმომადგენლებმა, სოფლებში ასისტენტებმა და იქ მაცხოვრებლებმა ძალიან კარგად იციან, სად რა რესურსი არსებობს. ჩვენამდე როდესაც მოაქვთ ინფორმაცია, თუ სად შეიძლება განხორციელდეს მასშტაბური პროექტი და დიდი წყლის ოდენობა შეიძლება მივიტანოთ სოფლამდე, ყველგან ვერთვებით. ასეთი ადგილები ცოტა არ იქნება.
79 სოფლიდან ახლა რამდენიმე სოფლის უბანია, რომელსაც უჭირს. სხვა შემთხვევებში, პრაქტიკულად, წყლით მომარაგება იმ უბნის დონეზე არსებული კუსტარული სისტემებით უზრუნველყოფილია და ხალხი წყალს იღებს. თქვენც კრიტიკულად აფასებთ და ჩვენც ვიცით, რომ სადაც გამართულად მუშაობს სისტემები და წყლის რაოდენობებიც კარგია, ზაფხულში პრობლემები იქაც ჩნდება, პრაქტიკულად ნახევრდება რესურსები. ამ პერიოდში ემთხვევა ყველაზე მეტად ხარაგაულში მოქალაქეების სიმრავლე, წყლის დებეტი იკლებს და მოხმარება ორჯერ ან სამჯერ იზრდება.
– წყლის ხარისხი კიდევ ცალკე საკითხია.
– დაყენებული გვაქვს ჩვენ ეს საკითხი. წყალმომარაგების კომპანია არის პასუხისმგებელი ამაზე. სათავე ნაგებობა, მისი ფილტრაცია უნდა იყოს გამართული. დაახლოებით 8-დან 10 მილიონ ლარამდე სჭირდება სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიას თუ არ ექნება ამის რესურსები, მაშინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ალტერნატიული შესაძლებლობებიც უკვე გაჩნდა, როდესაც კომპანიას გადავეცით დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილების გარკვეული ნაწილი. წვიმის დროს წყალი ფილტრაციას ვერ ახერხებს და წყლის მილების ან ჩაკეტვა უწევთ და ან პირდაპირ ვთქვათ, – მიუღებელი ხარისხის წყალი მოდის. ამ დროს მათ შეუძლიათ ჭაბურღილებიდან ამოქაჩონ და სუფთა წყალი მიაწოდონ მოქალაქეებს.
უახლოეს ერთ თვეში ვგეგმავ, ხარაგაულში მოვიწვიო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი ბატონი კახა ენუქიძე. მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს და კომპანიამ არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა იზრუნოს. პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩემგან გააქტიურდება ეს საკითხი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეები გვექნება.
ხარაგაულის თვითმმართველობას წყლის რესურსების მართვის კონკრეტული გეგმა არ აქვს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ვრცელ ინტერვიუს გაეცანით ბმულზე.
ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობა, სამი წელია, რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელს ითხოვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში წყალმომარაგების პრობლემაა. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია: წყლის დეფიციტი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სეზონური პრობლემები. ჩვენ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, მაგალითად, […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალში,
დღეიდან, 8 ივნისიდან, საგარეუბნო მატარებელი ხაშური-ზესტაფონი-ხაშური