

სოფლების გაზიფიცირების დაჩქარება, მუდმივი და ხარისხიანი წყალმომარაგება, მიგრაცია, რიკოთის ავტობანის მშენებლობის გამო ავტობანის მიღმა დარჩენილი სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტირების პრობლემები, სოფლებში ახალი საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობის საჭიროება, ღვერკი-ხემაღალის მეწყერით მოსალოდნელი საფრთხეები – ეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ის პრობლემებია, რომელთა შესახებაც შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ
საუბარი მერიასა და მუნიციპალურ სამსახურებში დაგეგმილი რეორგანიზაციით დავიწყეთ.
– ბატონო კობა, რას ითვალისწინებს მერიასა და მუნიციპალურ სამსახურებში დაგეგმილი რეორგანიზაცია – ახალი ადმინისტრაციული მოდელი როგორი იქნება; რამდენი საშტატო ერთეულის შემცირება გახდება აუცილებელი; როდის დაიწყება და რა ვადაში დასრულდება რეორგანიზაციის პროცესი?
– მერიის რეორგანიზების შესახებ ბრძანება გამოცემულია. პროცესი დაწყებულია. შესაბამისად, – როგორი სტრუქტურული ცვლილებები იქნება და რამდენი საშტატო ერთეული დარჩება საბოლოო ჯამში, – ამაზე ვმუშაობთ. დაახლოებით ორ თვეში, ივლისისთვის, რეორგანიზაციის პროცესი უნდა დავასრულოთ.
თუმცა, მანამდე, – ამ ბრძანების შესაბამისად, – მოთხოვნილი მაქვს სამსახურებისთვის, წარმოადგინონ ინფორმაცია, – რამდენი განყოფილებაა საჭირო, რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს კონკრეტულ პოზიციებზე, რას აკეთებენ ეს სპეციალისტები.
ზოგიერთი პრაქტიკულად, ე.წ. „მკვდარი“ შტატია, – წლის განმავლობაში დატვირთული რომ ვერ არის. აი, მაგალითად, ჩვენ გვაქვს შტატი გარემოს დაცვის მიმართულებით. ზოგადად, გარემოს დაცვაზე ცენტრალიზებული სტრუქტურებია პასუხისმგებელი და შეიძლება, რომ ადგილზე დარჩეს შტატი იმ ფუნქციური დატვირთვით, რომელიც უფრო მიზანშეწონილია; მაგალითად, გეოლოგის სპეციალობით. გარემოს დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ნაკლებია და გეოლოგის პროფესიის მქონე ადამიანი ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. თვე ისე არ გავა, რამდენიმე მოქალაქემ რომ არ მოგვმართოს, მეწყერული პროცესიდან გამომდინარე. ეს მოქალაქეები მათი მდგომარეობის შესწავლას ითხოვენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური დეპარტამენტი გვეუბნება, – სადაც ხედავთ, რომ რისკი დიდია, გამოიძახეთ ჩვენი გეოლოგი. ამას დრო სჭირდება და თვეობით ლოდინი გვიწევს. მცირე შეფასებებისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, მერიაში დასაქმებული გეოლოგი მივიდეს და შეაფასოს სიტუაცია, რამდენად რისკის შემცველია.
მერიაში ათი სამსახურის ფუნქციონირების შესაძლებლობა გვაქვს. მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახური თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, მერიაში ცხრა სამსახური დარჩა. არ არის გამორიცხული, შევქმნათ მეათე, – საჭიროებიდან გამომდინარე.
ზოგიერთი განყოფილება, შესაძლებელია, გაუქმდეს; ზოგიერთები – გაერთიანდეს. რამდენიმე განყოფილება გვაქვს ისეთი, სადაც შეერთება არ გამოიწვევს არანაირ დისკომფორტს, არც თანამშრომლებისთვის და არც ფუნქციური დატვირთვისთვის.
სტრუქტურა როგორც კი იქნება გამართული, დასამტკიცებლად მივმართავთ საკრებულოს. საშტატო განრიგი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
რაც შეეხება რიცხოვნობას, – თითქმის 25 შტატი, რომელზედაც კონკურსები უნდა გამოცხადებულიყო და თანამშრომლები აგვეყვანა, უკვე შევამცირეთ. ამის გარდა, ჩვენ კიდევ გვაქვს საშტატო ერთეულები, რომლებიც არ არის დატვირთული და ამ შტატებზე აუცილებლად კონკურსები გამოცხადდება.
ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ეს პროცესი და იმავდროულად, მაქსიმალური აქცენტები გაკეთდეს პროფესიონალიზმზე.
განყოფილებების შეერთებაზე როცა ვსაუბრობ, შესაძლებელია, კონკურსის გამოცხადება არ დაგვჭირდეს. მათ შორის ვინც უფრო ოპტიმალური იქნება და წამყვანი, ის განყოფილება დარჩება თავისი განყოფილების ხელმძღვანელით. სამსახურებშიც ასევე შეიძლება მოხდეს.
ვაკანტურია მერიის კულტურის სამსახურისა და საფინანსო სამსახურის უფროსების თანამდებობები. დამატებით თუ ერთი სამსახური შეიქმნება, გამოვა, რომ სამი სამსახურის უფროსის შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ.
საჯარო მოხელეებმა ზოგადი გაფრთხილება უკვე მიიღეს, – რომ იგეგმება რეორგანიზაცია. პერსონალურად, ამ პროცესის ფორმიდან და შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტულ საჯარო მოხელეებს ინფორმაცია დადგენილ ვადებში მიეწოდება.
– რეორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და არა მარტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში?
– მე როგორც მაქვს ინფორმაცია, რეორგანიზაციის პროცესი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
– ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის რაც არის განსაზღვრული საშტატო რაოდენობა, – ამის გათვალისწინებით, მოგიწევთ ადამიანების სამსახურიდან გაშვება, დამატება, თუ ეს ჯერ გასარკვევია? ადამიანებს წასვლა მოუწევთ სამსახურებიდან?
– რეორგანიზების პროცესში, არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთი საშტატო განრიგით გათვალისწინებული პოზიციები აღარ გვქონდეს. ამიტომ კონკრეტული თანამშრომლები იმ პოზიციებზე ვეღარ იმუშავებენ, მაგრამ მათი პოტენციალი თუ სხვა მიმართულებით შესაძლებელია გამოვიყენოთ და იმავდროულად, სხვა მიმართულებით ვაკანტური თანამდებობები დაგვრჩება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.

როდის გაზიფიცირდება ხარაგაულის სოფლები
– ლაშის იგორეთში, კიცხის იგორეთსა და ღუდუმექედში გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია. თუმცა, გამრიცხველიანება არ დაწყებულა იმის გამო, რომ ცენტრალური გაზსადენები „სოკარგაზისთვის“ ჯერ გადაცემული არ არის. ცენტრალური გაზსადენების „სოკარგაზისთვის“ გადაცემის თარიღს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვერ აკონკრეტებს.
– ვერ დააკონკრეტებს. ის ქონება, რომელიც შექმნა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, – რა სამუშაოებიც შეასრულა, – სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფომ ეს ქონება უნდა გადასცეს „სოკარს“, რომ მოსახლეობაში დაქსელვა დაიწყოს. ქონების აღწერასა და გადაცემას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, მიმაჩნია, რომ დაჩქარებაც შესაძლებელია.
შესაბამის სტრუქტურებთან გვაქვს საუბრები ამ თემებზე, მათ შორის – პასუხისმგებელ პირებთან. 27 მაისს სამხარეო ადმინისტრაციაში დაგეგმილ თათბირზე „სოკარის“, წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლობას ვხვდებით და ამ საკითხებს გავააქტიურებთ. იმედია, კონკრეტული პასუხები გვექნება.
– ბატონო კობა, თქვენ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, – იმ 19 სოფლის გაზიფიცირება როდის დაიწყება, სადაც გაზიფიცირებისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია?
ამ 19 სოფლიდან (ბორი, ხიდარი, მიროწმინდა, სარგვეში, ღორეშა, უბისა, საბე, საღანძილე, ზარანი, ვანი, სხლითი, დიდვაკე, ლეღვანი, მარელისი, ბუდიანეთი, წყალაფორეთი, ლახუნდარა, პატარა ვარძია, ხონი) რომელი სოფლებია შერჩეული, რომელი სოფლის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ 2026 წელს ბუნებრივ აირს მიიღებს?
– ამაზედაც გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ. ჯერჯერობით, ჩვენთან შეთანხმებული არ აქვთ. თვითონვე სარგებლობენ საკუთარი კრიტერიუმებით, რომელ სოფელში უფრო ადრე მოხდეს გაზის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა და შემდგომ მისი „სოკარზე“ გადაცემა.
კიცხის ზონაში ბევრად უფრო გამართულად გვაქვს საქმე. იქ სოფლების 80% გაზიფიცირებულია და ჯობია, რომ ბოლომდე დაასრულონ.
ჩვენ თუ გვკითხავენ, შემდგომ აჯობებს დავიწყოთ ან ორი ეტაპი, ან ერთი ეტაპი – ორი მიმართულებით – საღანძილე და ღორეშა-სარგვეშის მიმართულებით. საღანძილის მიმართულებით ვახანი დაემატება. ჩვენი ინტერესია, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აშენდეს და რაც შეიძლება სწრაფად.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ რაოდენობით ხარაგაულის სოფლები ერთად რომ მოხვედრილიყო მთავრობის განკარგულებაში, ამ დრომდე არ ყოფილა, – 2-3 სოფელი იყო ხოლმე. იქაც დრო იჭიმებოდა, მაგრამ საბოლოოდ, შედეგს ვიღებდით. წინ მივიწევთ. შეიძლება, დაჩქარებული ტემპი არ არის. თუმცა, მთავრობამ თანხა გამოყო. სხვა რა პრობლემები აქვს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, ამას თვითონ უნდა ამბობდეს, უფრო სწრაფი ტემპით უნდა მუშაობდეს.
ქვეყანაში არ არის შესაბამისი კვალიფიციური კადრებიც, რომ გაზსადენები სწრაფად აშენდეს. ჯერ კიდევ IX მოწვევის პარლამენტში ჩემი ყოფნის დროს ანალოგიურ საკითხებზე ვმსჯელობდით – სამუშაოების დაჩქარებისა და თანხის გაზრდის მიმართულებით. გაზიფიცირებისთვის წელიწადში 20 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და მაშინდელი თვითმმართველობის კომიტეტის მოთხოვნით, 50 მლნ ლარამდე გაიზარდა. უფრო მეტს რომ ვითხოვდით, – ამბობდნენ, რომ მეტს ვერ შევძლებთ, რადგან კვალიფიციური კადრები არ გვყავსო. ახლაც, პარლამენტარ პაატა კვიჟინაძის დამსახურებაა, რომ ეს 19 სოფელი მოხვდა ამ განკარგულებაში. განკარგულებაში მოხვედრა ნიშნავს, რომ მისთვის დაფინანსება გათვალისწინებულია. კარგი იქნება, რომ ახალი განკარგულებით კიდევ დაემატოს სოფლები.
– დიდი ხანია, ხარაგაულის სოფლების მოსახლეობა ელოდება სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანას. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ 2021 წლისთვის უნდა ყოფილიყო ხარაგაულში ყველა სოფელი გაზიფიცირებული.
– „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით, – მე როგორც მაქვს ინფორმაცია, – დაახლოებით 87%-ზე მეტი არის გაზიფიცირებული იმ დაპირების შესაბამისად, რასაც თქვენ ბრძანებთ. ხარაგაულის 79 სოფლიდან ძალიან მცირე ნაწილია გაზიფიცირებული და წელს 14 სოფელია ჩასმული. ჯამში, ნახევარზეც რომ გავიდეთ, ამისთვის კიდევ გვჭირდება მიმდინარე წელი და თუ მიმდინარე წელს არ დასრულდა, შესაძლებელია, მომავალი წელიც. რა თქმა უნდა, როგორც თვითმმართველობის კუთხით ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, ყველგან ვააქტიურებ ამ თემას.
გაზის ტრანსპორტირების კომპანია აღებულ ვალდებულებებს თუ ვერ ასრულებს, ერთადერთი გზა რჩება, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყდეს. თუმცა, ქვეყანაში ამ სამუშაოების სხვა შემსრულებელი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, უნდა ვცადოთ, რომ დავაჩქარებინოთ, – ოღონდ, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გააჩნია. გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ბევრგან აღარ აქვს საწარმოებელი სამუშაოები. იმერეთის უმრავლეს მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირება დასრულებულია. ეს მას მეტ რესურსს გამოუთავისუფლებს, უფრო სწრაფი ტემპით რომ იმუშაოს ხარაგაულში.

წყალმომარაგება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
– ბატონო კობა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში წყალმომარაგების პრობლემაა. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია: წყლის დეფიციტი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სეზონური პრობლემები. ჩვენ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, მაგალითად, საქარიქედში, შავიძეების უბანში; მარელისში, ცისკაძეების უბანში; ფარცხნალში, სასახლის უბანში; ლეღვანში, კიბაბოურის უბანში სასმელი წყალი არის პრობლემა.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, 2030 წლისთვის მოსახლეობის წყალმომარაგება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია იქნება.
თუმცა, ჯერჯერობით მუნიციპალიტეტების უმრავლესობას, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, წყლის რესურსების მართვის კონკრეტული გეგმა არ აქვს.
როგორ აპირებთ სოფლებში წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას?
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ხარაგაულში წყლის მიწოდების კუთხით ყველგან დეფიციტია. ზოგიერთი პრობლემური ადგილია, – ისიც პერიოდულად. ბუნებრივი კატაკლიზმიდან გამომდინარე, – სოფელში არსებული მიწოდების ხაზების გამართული თუ გაუმართავი მუშაობის მიუხედავად, დებეტმა მოიკლო, – წყალი ვერ მივიდა მოქალაქემდე საკმარისი რაოდენობით. ხშირ შემთხვევაში წყალი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ვერ მიდიოდეს მოქალაქემდე.
თქვენ საქარიქედი დაასახელეთ. საქარიქედზე ჭაბურღილსაც ვაფუნქციონირებთ, გავაძლიერეთ კიდევაც შესაბამისი სათავე ნაგებობა, – იქ ორი მრავალტონიანი ავზია. მანდ წყალი გავყავით. ერთი მიმართულება კიცხის იგორეთისკენ მიდის, მეორე – საქარიქედის მიმართულებით. წყალი ორივეში თანაბრად შედის, მაგრამ ვინ როგორ მოიხმარს, მერე ამაზეა დამოკიდებული.
ვიღაც ზაფხულში მობრძანდა და ათტონიანი ავზი უნდა რომ გაავსოს; ვიღაც სოფელში მუდმივად ცხოვრობს, მასაც აქვს შესაბამისი ავზები, რომელსაც დღის განმავლობაში ავსებს და შემდგომ, სარწყავად იყენებს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ოჯახების ნაწილი მუდმივად სარგებლობს ამ წყლით, ხოლო დანარჩენი საერთოდ ვერ სარგებლობს.
ეს პრობლემა რომ დარეგულირებულიყო, „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებაში“ თანამშრომელიც კი ავიყვანეთ, რომელმაც ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. მაინც ვერ დარეგულირდა. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს ამ წყლის გამოყენება მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით არ აკმაყოფილებთ. მათ სურთ, რომ სარწყავი წყალი ჰქონდეთ.
– სჭირდებათ კიდევაც.
– ჩვენ მზად ვიქნებოდით, სარწყავი წყალი მიგვეწოდებინა მათთვის, თუ ამის რესურსი იქნებოდა. თუ არ არსებობს ამის რესურსი, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? მაშინ უნდა ვეცადოთ, თუნდაც შორი მანძილიდან მოვიყვანოთ მეტი წყალი მოქალაქის სახლამდე.
საქარიქედს ასეთი რესურსი, მიმდებარედ, არ აქვს. პრობლემა სწორედ ეს არის. სადაც არის წყლის რესურსი, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ასეთია სარგვეში, სადაც წყლის დებეტი იმდენად დიდია, რომ მაქსიმალურად დიდი გამავლობის წყლის მიწოდების ხაზს ვაშენებთ. დაახლოებით, 150 ტონამდე მოცულობის რეზერვუარები გვექნება, მაგრამ მომავალში ეს კიდევ შეგვიძლია გავზარდოთ.
წყალმომარაგების კომპანიას ჩვენ ვესაუბრებით, რომ მიმდებარე სოფლებში გაფართოვდეს წყლის მიწოდება ისე, როგორც დაბა ხარაგაულშია და მიაწოდოს მაგალითად, თეთრაწყაროს ნაწილს, ლაშის ნაწილს, სადაც შეიძლება, რომ თვითდინებით ეს წყალი წავიდეს.
– სარგვეშის გარდა, კიდევ ხომ არ აპირებთ რომელიმე მიმართულებით წყალსადენის მშენებლობას?
– ვაპირებთ, სადაც ვნახავთ შესაბამის წყლის დებეტებს. კიცხში არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად განვახორციელეთ ჭაბურღილის პროექტი, რომელმაც არ იმუშავა. სულ ოცამდე ჭაბურღილი გვაქვს; აქედან 70% მუშაობს, დანარჩენი – ვერა. ჭაბურღილები ძალიან ძვირადღირებული არ იყო – დაახლოებით ერთი ჭაბურღილის გაკეთება 20-25 ათასი ლარი გვიჯდებოდა. ოცი განხორციელებული პროექტიდან, ეს არ არის 100%-ით შედეგის მომცემი იმიტომ, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული გეოლოგის გათვლაზე, ტექნიკურ გამართულობაზე. წყალი შეიძლება დაიკარგოს, მეწყრული პროცესები განვითარდეს, სისტემა დააზიანოს და ა.შ.
იმ გადახდილი თანხის პროპორციულად, რაც დავხარჯეთ, ოცი გაკეთებული ჭაბურღილიდან, პირობითად, 15-მაც რომ იმუშაოს, ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მნიშვნელოვანია და ამ რისკებზე მივდიოდით. თუმცა, ახლა ვცდილობთ, რომ მასშტაბურ პროექტებზე გადავიდეთ და ვეძებთ რესურსებს. ასეთი საშუალება სარგვეშში მოგვეცა. იქნებ, კიცხის ზონაზეც მოვიძიოთ, ვზრუნავთ ამაზე.
– და ეს კონკრეტული გეგმის სახითაც გაიწერება, ალბათ.
– ეს გეგმა იქნება უახლოეს ხანში. ნებისმიერი გეგმა, ნებისმიერი ჩანაწერი გეგმაში, დაფუძნებული და დამყარებული იქნება აუცილებლად იმაზე, თუ სად გვაქვს წყლის რესურსები. ჩვენმა წარმომადგენლებმა, სოფლებში ასისტენტებმა და იქ მაცხოვრებლებმა ძალიან კარგად იციან, სად რა რესურსი არსებობს. ჩვენამდე როდესაც მოაქვთ ინფორმაცია, თუ სად შეიძლება განხორციელდეს მასშტაბური პროექტი და დიდი წყლის ოდენობა შეიძლება მივიტანოთ სოფლამდე, ყველგან ვერთვებით. ასეთი ადგილები ცოტა არ იქნება.
79 სოფლიდან ახლა რამდენიმე სოფლის უბანია, რომელსაც უჭირს. სხვა შემთხვევებში, პრაქტიკულად, წყლით მომარაგება იმ უბნის დონეზე არსებული კუსტარული სისტემებით უზრუნველყოფილია და ხალხი წყალს იღებს. თქვენც კრიტიკულად აფასებთ და ჩვენც ვიცით, რომ სადაც გამართულად მუშაობს სისტემები და წყლის რაოდენობებიც კარგია, ზაფხულში პრობლემები იქაც ჩნდება, პრაქტიკულად ნახევრდება რესურსები. ამ პერიოდში ემთხვევა ყველაზე მეტად ხარაგაულში მოქალაქეების სიმრავლე, წყლის დებეტი იკლებს და მოხმარება ორჯერ ან სამჯერ იზრდება.
– წყლის ხარისხი კიდევ ცალკე საკითხია.
– დაყენებული გვაქვს ჩვენ ეს საკითხი. წყალმომარაგების კომპანია არის პასუხისმგებელი ამაზე. სათავე ნაგებობა, მისი ფილტრაცია უნდა იყოს გამართული. დაახლოებით 8-დან 10 მილიონ ლარამდე სჭირდება სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიას თუ არ ექნება ამის რესურსები, მაშინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ალტერნატიული შესაძლებლობებიც უკვე გაჩნდა, როდესაც კომპანიას გადავეცით დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილების გარკვეული ნაწილი. წვიმის დროს წყალი ფილტრაციას ვერ ახერხებს და წყლის მილების ან ჩაკეტვა უწევთ და ან პირდაპირ ვთქვათ, – მიუღებელი ხარისხის წყალი მოდის. ამ დროს მათ შეუძლიათ ჭაბურღილებიდან ამოქაჩონ და სუფთა წყალი მიაწოდონ მოქალაქეებს.
უახლოეს ერთ თვეში ვგეგმავ, ხარაგაულში მოვიწვიო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი ბატონი კახა ენუქიძე. მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს და კომპანიამ არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა იზრუნოს. პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩემგან გააქტიურდება ეს საკითხი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეები გვექნება.
ამასთან ერთად დაყენებული გვაქვს წყალანირების კუთხით გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. არ გვაქვს მოსახლეობაში დაქსელვები ჯერ გაკეთებული, მაგრამ ძველი უნდა დაერთდეს ახალ საკანალიზაციო სისტემაზე, რომელიც დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გაკეთებულია და ჩადის დევების სკვერის მიმდებარედ. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა, თუმცა, დასრულებულად არ მივიჩნევთ და თვითონაც ვერ მიიჩნევენ. ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს.
– როდის?
– როგორც კი დაფინანსების წყარო მოიძებნება. საკანალიზაციო სისტემის ახალი ხაზი უნდა გაგრძელდეს, გადავიდეს ბაზალეთის ხიდს ქვემოთ. იქ უნდა გაკეთდეს გამწმენდი ნაგებობა, შესაბამისი ყველა თანამედროვე პარამეტრებით. ამის შემდგომ ჩაითვლება, რომ ეს ხაზი ფუნქციურად დატვირთვის შესაძლებლობას მოგვცემს. ძველმა სისტემებმა, შესაძლოა, იმუშაონ, ამ ახალ სისტემებთან კავშირში. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი სისტემა დაბა ხარაგაულისა და პატარა ხარაგაულის ტერიტორიაზე და, ეს საბოლოო ჯამში, იმ გამწმენდ ნაგებობამდე უნდა მიდიოდეს.
კონკრეტული თარიღი არ გვაქვს დასახელებული. თუმცა, წყლის კომპანიასთან ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. დაახლოებით 15 მლნ ლარი სჭირდება ამის მოგვარებას, – გამწმენდი ნაგებობისა და არსებული საკანალიზაციო სისტემის ახალზე დაერთებას. უფრო მეტი დასჭირდება, რომ შიგა ქსელი მოწესრიგდეს და ახალი გაკეთდეს.

ექნება თუ არა ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობას ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი
– ბატონო კობა, ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობა, სამი წელია, რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელს ითხოვს. ამისთვის მოსახლეობამ, წერილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც არაერთხელ მიმართა.
ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობები ამოწურული გაქვთ საიმისოდ, რომ ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობისთვის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი დაემატოს?
– არ გვაქვს ამოწურული. ჩვენ ამ საკითხებზე, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ გვქონდეს საუბრები საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. მათ შორის, როგორც ხუნევი-გედსამანიისთვის არის პრობლემა, რომ გარკვეული დამატებითი მანძილის გავლა უწევთ ავტობანზე მოსახვედრად, ასევე საკუთრივ დაბა ხარაგაულისთვისაც ეს პრობლემაა. ჩვენ ბორითიდან ან უბისიდან გვიწევს ავტობანიდან ჩამოსვლა, ან თითქმის ზესტაფონში უნდა ჩავიდეთ, რომ იქიდან შემდგომ აღმოვჩნდეთ იმ გზაზე, რომლითაც დაბა ხარაგაულში ვბრუნდებით.
ხარაგაულთან მიმართებაში საბოლოოდ შევჯერდით – შროშაში, სადაც განთავსებულია ე.წ. ახალი სავაჭრო ცენტრი, – ეთნოგრაფიულ კუთხეს ვგულისხმობ, – ავტობანზე ასასვლელის მოწყობაც შეიძლება და ჩამოსასვლელისაც. იმ ტერიტორიაზე, ჩემი და ზესტაფონის მერის ერთობლივი თხოვნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტზე არაერთგზის მიმართვით, მივედით იმ შედეგამდე, რომ იქ, მდინარე ძირულაზე გაკეთდება ხიდი. ეს ბევრად მოგვაახლოვებს ხარაგაულის გადმოსასვლელთან. როგორც ვიცი, პროექტირება დასრულებულია და უახლოეს ხანში ტენდერი უნდა გამოცხადდეს იმ ხიდის მშენებლობაზე. ანუ, ავტობანიდან ხარაგაულის ასავლელისა და ჩამოსასვლელის მოწყობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
გედსამანიასა და ხუნევს რაც შეეხება, – სანამ ეს საკითხი მოწესრიგდება, ჩვენ იქ დავნიშნეთ მუნიციპალური ტრანსპორტი. უახლოეს ხანში მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით შევიძენთ ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსებს. ამ ავტობუსებით რეგულარული მარშრუტები გვექნება ხევიდან ხარაგაულის მიმართულებით.
– ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი ხუნევი-გედსამანიას ექნება თუ არ ექნება?
– რასაც ხუნევში მაცხოვრებლები ფიქრობენ – ძველ გზაზე, გვირაბთან რომ გაიხსნას გასასვლელი, – ეს არის ყველაზე მარტივი გზა. თუმცა, ამ პრინციპს ვერ ითვალისწინებს ავტობანის საერთაშორისო გზის სტანდარტი.
რასაც ამ ეტაპზე გვთავაზობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არის ის, რომ შეგვიძინონ ავტობუსები, რომ ამ ხალხს ამოვასუნთქოთ, რეგულარული „რეისებით“.
– კი ბატონო, ეს უფრო მარტივია და დროში სწრაფად იქნება. თუმცა, მაინც ჩაგეკითხებით, – ხუნევიდან ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელის გაკეთება არის შესაძლებელი, თუ არ არის შესაძლებელი. დასრულდა რიკოთის ავტობანის მშენებლობა. როცა იცი, რომ არ იქნება, ცრუ მოლოდინი მაინც აღარ გექნება ხუნეველ ადამიანს.
– თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელი იქნება, დამერწმუნეთ, ჩვენ არ დავაკლებთ არაფერს და არც კოლოსალური თანხები დასჭირდება.
– ანუ, ჯერ არ ვიცით, ტექნიკურად არის თუ არა შესაძლებელი?
– ჯერ ის ვიცით, რომ ტექნიკურად შესაძლებლად რასაც მივიჩნევთ, – რომ გაიხსნას ავტობანზე შესასვლელი არსებული ძველი გზიდან, – ამაზე უარს გვეუბნებიან, ავტობანის საერთაშორისო სტანდარტიდან გამომდინარე.
ალტერნატიულს რაც შეეხება, – სხვა ადგილზე, სხვა შესასვლელი რომ განვიხილოთ, ამაზე იყვნენ ჩამოსულები საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. გედსამანიის ცოტა ქვემოთ, ძველ გზაზე, არსებობს სახიდე გადასასვლელები და ერთ-ერთ ვარიანტად ამასაც განიხილავენ, რომ შეიძლება მოაწყონ ავტობანზე შესასვლელ-ჩამოსასვლელი. ამუშავებენ ამ ვარიანტს და პასუხს გვეტყვიან, – არის შესაძლებლობა, თუ არ არის. ჩემ თავს ვერ ვაძლევ უფლებას, რომ წინასწარ რაიმე დაპირება მივცე მოქალაქეებს. როგორც კი მეცოდინება, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებ.

გზები, კულტურულ-საგანმანათლებო და სპორტული ცენტრები შენდება, მოსახლეობა ხარაგაულიდან მიდის
– ბატონო კობა, 2026 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 36 სოფელში ახალი გზის დაგებას აპირებთ, რისთვისაც 4 727 049 ლარია განსაზღვრული;
– სოფლებში კეთდება სპორტული მოედნები;
– ხარაგაულში ყოფილი უნივერმაღის შენობის სრულ რეაბილიტაციასა და თანამედროვე მრავალფუნქციურ ახალგაზრდულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას აპირებთ;
– მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის აშენება იგეგმება და ა.შ.
ამავდროულად, საქართველოს რეგიონებში, – მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ახალგაზრდა ოჯახების რაოდენობა კატასტროფულად იკლებს.
ახალი გზები, სპორტული კომპლექსი, ახალგაზრდული ცენტრი ძალიან კარგია. თუმცა, რამდენად საკმარისია ეს ახალგაზრდა ოჯახების ხარაგაულში დასაბრუნებლად?
თქვენ რომ ახლა ისევ პარლამენტარი იყოთ, როგორ ფიქრობთ, – რა სახის ახალი სახელმწიფო პროგრამები და პროექტებია საჭირო მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდებისთვის სასურველი პირობების შესაქმნელად, დასასაქმებლად, – შემოსავალიც რომ გაუჩნდეთ და საცხოვრებელი პირობებიც რომ ახალგაზრდებისთვის მისაღები იყოს.
– ნებისმიერ შემთხვევაში, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, აქვს ორი მხარე, – ერთი რომ მიზიდულობის ცენტრი სადაც არის, გადაადგილება ხდება იმ მიმართულებით და ეს მარტო ხარაგაულისა და საქართველოს პრობლემა არ არის. ჩვენზე ეკონომიურად მეტად განვითარებული სახელმწიფოები დგანან ამ პრობლემის წინაშე.
„ქართულმა ოცნებამ“ ხარაგაულში დავიწყეთ საქმიანობა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა მოწესრიგებული საბავშვო ბაღები, არ არსებობდა წყლის სისტემები, სასკოლო ინფრასტრუქტურა, გზები. ახლა მასშტაბურ პროექტებზე გადავედით. ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი ხარაგაულისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ისევე როგორც მულტიფუნქციური ცენტრი, საცურაო აუზი. იქ უკვე მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოისყიდა ტერიტორია ს/ს „ავტოტრანსისგან“; როდესაც ააშენებს, შემდეგ უკვე ჩვენ გადმოგვცემს.
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრს, – რომელიც გადმონაშთი და მაგალითია იმისა, თუ როგორი წარსული გვქონდა, – წელს შეიცვლება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჩავიბარეთ და ყოფილი უნივერმაღის შენობის სარეაბილიტაციოდ ტენდერს უახლოეს ხანში გამოვაცხადებთ. წლის ბოლომდე ამ შენობის სახურავი უნდა შეიცვალოს, ვიზუალი მთლიანად უნდა განახლდეს, შენობა უნდა გამაგრდეს, შიგნითაც გარკვეული სამუშოები ჩატარდება. თუმცა ამით არ დასრულდება. მეორე ეტაპი გვექნება უკვე კეთილმოწყობა შიგნით, რომელსაც ალბათ გაისად განვახორციელებთ, ახალი ფინანსური ლიმიტებიდან. ეს შენობა, რომელიც თითოეული ხარაგაულელის გულისტკივილია, ჩემი გულისტკივილიც არის. რამდენი სტუმარიც მოდის, აი გაიხედავს და განახლებულია ხარაგაული, ქალაქის ტიპის დასახლებად ვიქეცით და ეს შენობა ყველაფერს აფუჭებს. სოფლებში სხვა პროექტებიც ხორციელდება – ღია სპორტული სივრცეები ეწყობა და ა.შ. ბევრი რამ ისეთი კეთდება, რომ სოფელში მოსული ადამიანი სიამოვნებით რჩება გაცილებით ხანგრძლივად, ვიდრე მანამდე რჩებოდა.
ახლა რაც შეეხება ახალგაზრდების წასვლას, საარსებო თუ შემოსავლის წყაროების გაჩენა იქნება უპირველესი პირობა იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი აღარ წავიდეს ან წასული დაბრუნდეს. საარსებო მინიმუმზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ – შემოსავლის წყაროების გაჩენაზე. საჯარო მოხელეების გარდა, შემოსავლები კერძო სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმაც უნდა მიიღონ. კერძო სექტორი ძლიერი ჯერ არ არის ხარაგაულში. მათ შორის კერძო სექტორის დიდი ნაწილი შემოიფარგლება მხოლოდ სახელმწიფო თანხებით, მშენებარე პროექტებით, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი ვერ საქმდება და კომპანიას თავისი მუშახელი თვითონ მოჰყავს. ამიტომ ეს ვერ იქნება გარანტია იმისა, რომ ადამიანებს რეგულარული შემოსავლები გაუჩნდეთ.
რეგულარული შემოსავლისთვის საჭირო იქნება სახელმწიფომ შეძლოს სტარტაპების მაქსიმალურად დაფინანსება, რაც ადამიანებს შემოსავალს მოუტანს. მათ შორის ხილ-კენკროვნების გაშენების პროგრამაზე არაერთხელ გვითქვამს. ეს პროექტი გედსამანიასა და სხვა სოფლებში, შესაძლოა, განვითარდეს და ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის, სამაცივრე სისტემების მოწყობა, სწავლება. რაც მთავარია, აუცილებელია ინიციატივა და სურვილი, რომ ადამიანებმა ამ მიმართულებით იმუშაონ.
სოფლის მეურნეობის პროდუქცია ძალიან გაძვირდა. ელემენტარულად, ტყემალი და მწვანილი რომ შეიძინო, საკმაოდ დიდი დანახარჯები გიწევს. სოფელში მაცხოვრებელი კაცი რომ ხარაგაულში სუპერმარკეტში ჩამოვა მწვანილისა და ტყემლის შესაძენად, ეს არ არის სწორად დაგეგმილი ცხოვრების ნაწილი. ყველას აქვს საშუალება, ბოსტანი გააკეთოს და ტყემალი თუ წინაპრების დარგული არ აქვს, თვითონ გააშენოს.
ჩვენც უნდა შევცვალოთ მიდგომები. ჭკუას არავის ვარიგებ. ალბათ ვიღაც მეტყვის, თუ კარგია, შენ იმუშავე და გააკეთეო. შრომა არ მეზარება და ჩემს ოჯახსაც სოფლის მეურნეობის კუთხით, ბევრი შრომა გვიწევდა და გვიწევს დღემდე. რაც გვჭირდება, ჩვენ სოფელში ყველაფერი გვაქვს. ამიტომ, თუ მე საჭიროება მექნება, რომ განვავითარო და განვავრცო სოფლის მეურნეობა და მეტ შემოსავლებზე ორიენტირებული გავხადო, მინიმუმ ახლებურად უნდა ვიფიქრო.
სახელმწიფოს პროგრამები უნდა ჰქონდეს, ჯიშიანი ცხოველები უნდა შემოვიყვანოთ. მისი მოვლის საჭიროებები, მისთვის საკვები პროდუქტების წარმოება უნდა ვისწავლოთ და ა.შ. ფერმერულ მეურნეობას, „მომთაბარე“ პოზიციიდან ვერ განავითარებ.
ამავდროულად, სოფელში თუ რამდენიმე ოჯახმა თავისი მცირე მიწები კოოპერატივის ფორმით არ გააერთიანა, არ იქნება მომგებიანი. შენთვის საკმარისს მოიყვან, მაგრამ თუ ბიზნესზე ხარ ორიენტირებული, სხვანაირად უნდა მოაწყო. ვფიქრობ, რომ ადამიანები ნელ-ნელა მივლენ ამ გადაწყვეტილებამდე. სახელმწიფომ ამას ხელი უნდა შეუწყოს.
შეიძლება ამ სიტყვებისთვის ვიღაცამ გამაკრიტიკოს. ვამბობთ, რომ ღარიბია ხარაგაულის მოსახლეობა, ვაკრიტიკებთ სახელმწიფოს, რომ თურმე ვერ უზრუნველყო სტაბილურობა და ვერ დაიცვა ფასები – ხორცი ძვირი ღირს და საწვავი 4 ლარი გახდა. ამ დროს ხარაგაულის ქუჩებში საცობებია. კი მაგრამ, ეს ხალხი, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარ ოჯახში 2 და 3 მანქანით რომ სარგებლობს, რანაირად არის ღარიბი; თუ ფინანსები არ გაქვს, როგორ დადიხარ ძალიან მაღალი ღირებულების მქონე ევროპული მანქანით.
რა თქმა უნდა, არის სეგმენტი სიღარიბის მიღმა, რომელზედაც სახელმწიფო ზრუნავს და ეხიდება.
ამბობთ, რომ ხარაგაულიდან ინტელექტუალური საზოგადოების ნაწილი გავიდა. ვინც დარჩენილია, იმან იმუშაოს საკუთარ თავზე, მეტი რომ შეძლოს და წარმატებას მიაღწიოს. ზოგს არ უნდა, არ სურს. თქვენ ამბობთ, რომ არ აქვთ შესაძლებლობები. სოფლის მეურნეობის წარმოებას, ინტელექტთან ერთად, შრომისმოყვარეობა სჭირდება. შესაძლოა, შრომისმოყვარემ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე ინტელექტის მქონემ, რომელსაც არ უნდა იშრომოს და სხვაგან იპოვა თავისი თავი. სოფელში რომ სოფლის მაცხოვრებელს ძროხა, ღორი და ქათამი ჰყავდეს, შვილიშვილს წიწილი დაუკლას, მაყვალი და ეკალა დაკრიფოს და შეინახოს; კომბოსტო რომ სეზონზე 20 თეთრი ღირს, მჟავე გააკეთოს და მერე 4 ლარად არ იყიდოს ის კომბოსტო, ამას რანაირი ცოდნა უნდა?! ეს ხომ პრაქტიკული ცხოვრებიდან გამომდინარეა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვნახე, – პიროვნებამ თავისი მოყვანილი მწვანილის ფოტო გამოაქვეყნა და თქვა, დამიკავშირდით, 5 ლარად ვყიდიო. დაუწყეს ლანძღვა, 10 და 15 ლარი ღირსო. ანუ, არაადეკვატურია ზოგჯერ დამოკიდებულება იმ პრობლემების მიმართ, რომლებზეც ვსაუბრობთ. როგორ შეიძლება ადეკვატური იყოს ის, რომ სოფელში მცხოვრებმა 20-30 კვმ მიწაზე არ გააშენო შენი სამყოფი მწვანილი და სახელმწიფოსგან მოცემული დახმარების თანხით სუპერმარკეტში გარბოდე, მწვანილის საყიდლად.

როდის დაიწყება ხარაგაულის მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია
– ხარაგაულის მუზეუმისა და კულტურის ცენტრის შენობების რეაბილიტაცია როდისთვის იგეგმება; მათ შორის მუზეუმის შენობის გაზიფიცირება?
– კულტურის ცენტრის შენობა გარედან რეაბილიტირებულია. დანარჩენი საჭიროებებისთვის ფინანსებს წლის განმავლობაში თუ ვერ მოვიძიებთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილ ლიმიტებში, – რომ აღვჭურვოთ და გავაკეთოთ.
ვფიქრობთ, რომ ხარაგაულში მუზეუმს ახალი შენობა სჭირდება და ეს ძვირადღირებული პროექტი იქნება. გაგვიჭირდება, რომ მუნიციპალიტეტმა ეს თავისი ბიუჯეტით უზრუნველყოს. ამ მიზნით თანხის მოზიდვაზე ვმუშაობთ. მუზეუმის გაზიფიცირებაც უნდა დავგეგმოთ, მაგრამ ჯერ ჩამოვყალიბდებით, ვტოვებთ მაგ მუზეუმს მუნიციციპალიტეტის ფორმატით, თუ ველოდებით სხვა მიმართულებით სიახლეებს. თუ სხვა მიმართულებით გვექნა სიახლე, მაშინ გაზიფიცირებას ამ ეტაპზე აზრი არ ექნება.
წელს ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდი ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რამდენიმე მასშტაბურ პროექტს გვიფინანსებს: მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი „ავტოტრანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცურაო აუზით; საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია ხელოვნური საფარით, ახალი შენობით, ტექნიკური ცენტრითა და ტრიბუნებით. ვფიქრობ, რომ ეს არანაკლებ 10 მლნ ლარი ღირებულების პროექტები იქნება. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, დიდ მადლობას ვუხდი მას. მისი ჩამოსვლა ხარაგაულში ყოველთვის სიახლით მთავრდება. ვფიქრობ, ამ მუზეუმის თემაში აუცილებლად დაგვეხმარება.
რეგიონური განვითარების მინისტრი კახა გულედანი და მისი მოადგილეები ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან ჩვენთან. შესაძლებლობები აქედანაც შეიძლება გაგვიჩნდეს. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინები სხვადასხვა ფონდებიდან. მაგალითად, მთის ფონდიდან წელს დაახლოებით 400 ათასი ლარის ფარგლებში გვინდა მოვაწესრიგოთ სოფელ ზვარეში საუბნო გზა და ბჟინევის გზის რეაბილიტაცია გავაგრძელოთ. თუმცა ეს იმხელა პროექტებია, ეს თანხა არ ჰყოფნის. ამ გზების პროექტირება უკვე დაწყებულია.
უახლოეს ხანში გამოცხადდება შესყიდვა მოლითიდან ნუნისის მიმართულებით ცენტრალური 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციაზე, რომელიც, შესაძლოა, 8 მლნ ლარამდე დაჯდეს. ეს უკვე გადაწყვეტილია. შეიძლება სამუშაოებიც წელსვე დაიწყოს. უკიდურეს შემთხვევაში, წლევანდელი წელი თუ პროცედურებს დასჭირდა, გაისად მაინც ეს გზა იქნება რეაბილიტირებული.
მერიის შენობაც არ არის გაზიფიცირებული, ცივ გარემოში ვმუშაობთ და როგორი კარგი შედეგები გვაქვს, – შევცვალეთ ხარაგაული. ახლა რომ შემოვიყვანთ ბუნებრივ აირს და თბილი გარემო იქნება, რეორგანიზაციასაც ჩავატარებთ, საჯარო მოხელეებს საუკეთესო პირობები ექნებათ. საკრებულოს ექნება ახალი დარბაზი, რომელიც უკვე გარემონტდა. თქვენ აყენებდით ხოლმე საკითხს, რომ მედია საკრებულოს სხდომებზე ვერ მუშაობდით საკადრის პირობებში. ყველანაირი პირობები შეიქმნება, – თავის ტრიბუნით, დასწრების მსურველი მოქალაქეებისთვის ადგილებით და ა.შ. საკრებულოს სხდომები თვეში ერთხელ ტარდება და იმ დარბაზს მერიაც გამოვიყენებთ.
– რადგან ნუნისი ახსენეთ, კურორტზე რომ ავალთ, გვინდა, რომ სამკურნალო წყლის ლიცენზია ჰქონდეს და ეს მომსახურება მივიღოთ. ამ დრომდე კურორტს ხელახალი ლიცენზია არ აქვს. თქვენ ხომ არ იცით, რაშია პრობლემა?
– პრობლემა არის ინვესტირების მოცულობაში. კომპანიის მფლობელებმა, რომლებმაც 20 წლის წინ შეისყიდეს კურორტი „ნუნისი“, იქ არაფერი შეუცვლიათ. მაგათზე გვიან შეისყიდა „საირმე“ მფლობელმა და დღეს საირმე ევროპული დონის კურორტია. ნუნისი არანაკლები პოტენციის მქონეა. კურორტის მფლობელი გვევაჭრება, – ჯერ უნდოდათ, 25 წლით პირდაპირ გაეგრძელებინათ ლიცენზია, რაზედაც მუნიციპალიტეტი იყო წინააღმდეგი. ჩვენ დაგვეთანხმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. დღემდე მიდის საუბრები ლიცენზიის 15 წლით მოპოვებაზე და ხუთ წელიწადში ერთხელ მილიონს ან მილიონ ნახევარ ლარს დავხარჯავთო. კურორტს ვერ განავითარებ 5 მლნ ლარით. ნუნისი მრავალსეზონური უნდა გახდეს. ყოველთვის ასახელებდნენ პრობლემად გზას, – ამდენი თანხა რომ ჩავდოთ, მოგებაზე ორიენტირებული ხომ უნდა ვიყოთო. ა, ბატონო, გზა. გზა დავასრულეთ და ნუნისამდეც მიგვყავს. ამიტომ მათ უნდა იზრუნონ, – ან ჩადონ უფრო მეტი ინვესტიცია, კურორტი მოიყვანონ შესაბამისობაში და დაამსგავსონ რეალურ თანამედროვე კურორტს, ან თვითონვე მოიპოვონ და მოიყვანონ ინვესტორები, ან გაასხვისონ მათზე, ვინც იქ ფულს ჩადებს. ამის მიღმა, მათ კერძო საკუთრებაში აქვთ ის ტერიტორია და ჩვენ არ ვეხებით, – რაც უნდათ, როგორც უნდათ, აფუნქციონირონ, – უნდათ კურორტად, უნდათ საკუთარ სახლად. სახელმწიფო ლიცენზიას გავცემთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, ლიცენზიის ამღები თუ დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რასაც ჰქვია კურორტის მოწყობა.
მუნიციპალიტეტს ნუნისის მიმდებარედ 2 ჰა ტერიტორია გვაქვს და ეს სამკურნალო წყალი იქაც თვითდინებით ჩაედინება. შესაძლებელია, ეს წყალი სხვა ტერიტორიაზეც გადავიყვანოთ, მათ შორის მიმდებარედ, თუ ვინმეს სურვილი ექნება. ჩვენ ვეცდებით, რომ გამოვაცხადოთ ლიცენზიაზე აუქციონი. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს. შევთავაზებთ არსებულ ტერიტორიას.
– დაახლოებით ასამდე ადამიანი მკურნალობდა ნუნისში ყოველწლიურად და ლიცენზიის არქონის გამო, დაზარალდნენ.
– კურორტის მიღმა არსებობს მეოთხე წყარო, რომელსაც სოფლის მოსახლეობა შეუზღუდავად იყენებს. ამიტომ კურორტზე მიხვალ დასასვენებლად, თუ მოსახლეობაში საოჯახო სასტუმროებში დარჩები, შეგიძლია მეოთხე წყაროზე მიბრძანდე და ბუნებრივ პირობებში მოიხმარო ეს წყალი.
ხევისა და ზვარის ამბულატორიები, წყალაფორეთისა და საღანძილის სკოლები, საბავშვო ბაღები
– ხევის ამბულატორია, მეცხრე თვეა, ტელემედიცინის საპილოტე პროექტში ვერ ერთვება, სათანადო შენობის არარსებობის გამო. თვითმმართველობის კომპეტენცია არ არის ხევში ამბულატორიის აშენება, თუმცა მოსახლეობა ხომ ჩვენი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია.
– ხევში ამბულატორიის მშენებლობა გაჭიანურდა. ცხადია, ჩვენ არ ვართ კმაყოფილები. მშენებლობას არ ზედამხედველობს მუნიციპალიტეტი, თუმცა, კომუნიკაციაში ვართ მშენებელთან.
მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამბულატორიის მშენებლობა დავაჩქარებინოთ. დიდი შენობა არ შენდება და წლობით ლოდინი არ უნდა სჭირდებოდეს. ვფიქრობ, რომ იმ კომპანიას რესურსი მოეძებნება, რომ დროულად ააშენოს, თუ არადა, მის ჩანაცვლებას მოვითხოვთ.
რაც შეეხება ხევის საბავშვო ბაღს, მშენებლობა დასრულებულია. ვფიქრობ, რომ ამ საბავშვო ბაღის ახალი შენობა მომავალი სასწავლო წლიდან გაიხსნება.
– წყალაფორეთსა და საღანძილეში სკოლა აშენდება? კონკრეტულად რას აკეთებთ ამისთვის?

– თუ წყალაფორეთში ამიშენეს ახალი სკოლა და ჩემი შვილი სკოლაში მარტო უნდა იჯდეს კლასში, ეს მირჩევნია თუ ის, რომ ბავშვი სარგებლობდეს ტრანსპორტის მომსახურებით და სწავლობდეს, პირობითად, კიცხში – ასევე ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში, თავის კლასელებთან და კვალიფიციურ მასწავლებლებთან აღიზარდოს. ასე დადგება საკითხი სამომავლოდ – იმ თემში, სადაც 2-3 სკოლაა და მათ შორის ყველა არის გამოსული მწყობრიდან და ყველა ასაშენებელია, სახელმწიფო ერთ 500 ან 300 ბავშვიან სკოლას ააშენებს და იქ მოახდენს მათ ტრანსპორტირებას. როცა დგას ზესტაფონში 500-ბავშვიანი ან სამტრედიაში 700-ბავშვიანი სკოლის აშენების საკითხი, მე ამ დროს ვსაუბრობ და კონკურენციაში შევდივარ, რომ იქ კი არ აშენდეს, არამედ აშენდეს წყალაფორეთში, – 25 თუ 26 მოსწავლე რომ დარჩა.
მე მინდა, რომ იყოს სკოლები, მაგრამ ზოგადად მეტი კომფორტი უნდა შევუქმნათ ბავშვებს, მეტი განვითარება უნდა ჰქონდეთ. ვინმეს თუ მიაჩნია, რომ კლასში ერთი ბავშვი კარგია, არ ვიცი. რამდენიმე სკოლაში მე-12 კლასი არ გვყავს. წელს 139-მა მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები. ზოგან პირველ კლასში ერთი ბავშვი შედის და ზოგან დამამთავრებელი კლასები სულ არ არის.
დღის წესრიგიდან არ გვაქვს მოხსნილი წყალაფორეთში სკოლის აშენების საკითხი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რომ წყალაფორეთში, დაპირებისამებრ, აშენდეს სკოლა. ვფიქრობ, ამას მივაღწევთ.
საღანძილეში სკოლა საბავშვო ბაღის შენობაში ფუნქციონირებს. ბაღის შენობის პირველ-მეორე სართულებს უნდა გაუკეთდეს დამატებითი მიშენება სკოლისთვის. მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ ამისთვის ფინანსები დახარჯოს. სხვა ალტერნატიული მიწა, სადაც საღანძილეში სკოლას ავაშენებთ, ვერ მოვიძიეთ. ამავე დროს, საღანძილე ხარაგაულის სამ სკოლასთან რამდენიმე კოლომეტრითაა დაშორებული. შეიძლება საღანძილედან ხარაგაულში კომფორტულად მოიყვანო და მიიყვანო მოსწავლეები. ამ შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მუნიციპალიტეტმა დახარჯოს ფინანსები და საღანძილის საბავშვო ბაღზე სკოლისთვის ფართი მიშენდეს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომ სკოლებში უფასო სასკოლო კვება დაინერგოს. ეს პროექტი ბორისა და ვარძიის სკოლებში ხორციელდება ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. იგივე ორგანიზაცია გეგმავს ჩვენთან შეხვედრას. ჩვენ ვთხოვთ, რომ უფასო სასკოლო კვება საღანძილის სკოლაშიც დანერგონ.
– ზვარის საექიმო ამბულატორია მეწყერსაშიშ ზონაშია.
– უნდა გავიტანოთ მეწყერსაშიში ადგილიდან და მოვძებნოთ ახალი ტერიტორია, რომელზედაც ავაშენებთ. ჩვენ ზვარეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გვინდოდა სკოლის მიმდებარედ. იქაც გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ერთადერთი, ასეთ შემთხვევაში რაც რჩება, ტერიტორიის გამოსყიდვაა. ახალი ამბულატორიის მშენებლობა, ზოგადად, ჩვენი ვალდებულება არ არის. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ტერიტორია გამოვისყიდოთ და შევთავაზებთ, რომ იქ ააშენონ.
– დაწყებულია საბავშვო ბაღების ავტორიზაცია. ავტორიზაციის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. იმ საბავშვო ბაღებმა, რომელთაც ახალი შენობები აქვთ, – ვერტყვიჭალის, საღანძილისა და ხუნევის, – ავტორიზაცია უკვე გაიარეს. არაერთ საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. მოლითსა და ბორითში საბავშვო ბაღების ახალი შენობებია საჭირო.
– ინფრასტრუქტურის მინისტრი დაგვპირდა, რომ ბორითში ახალ საბავშვო ბაღს აგვიშენებენ. ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ ტერიტორია მოქალაქეებისგან, რომლებსაც ის ჩინურ კომპანიაზე აქვთ იჯარით გაცემული. მფლობელების 99%-თან მივაღწიეთ შეთანხმებას და მზად არიან ტერიტორია მოგვყიდონ. უახლოეს ხანში დაიგეგმება სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზა და აუდიტის სამუშაოები, – ფასის დასადგენად; მუნიციპალიტეტმა რომ ეს ტერიტორია გამოისყიდოს და იქ ბაღისთვის ახალი შენობის აგება დაიწყოს.
მოლითის საბავშვო ბაღს რაც შეეხება, ან არსებული შენობა უნდა განახლდეს, ან ახალი აშენდეს. არ გამოვრიცხავ, რომ თუ ზვარის საბავშვო ბაღის მშენებლობის პრობლემა ვერ გადავწყვიტეთ, ზვარესთან მიახლოებულ ტერიტორიაზე სადმე ავაშენოთ საერთო ბაღი და ორივე თემმა ისარგებლოს ახალი, კომფორტული საბავშვო ბაღით.

და ბოლოს – ისევ მეწყერი!
– ბატონო კობა, მერიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ლაშე–ღვერკის მიმდებარედ, მდინარე ყარნებას შეგუბებული მონაკვეთის კონტროლისა და რისკების პრევენციის მიზნით, თანამედროვე მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა.
სპეციალისტებისგან რა ინფორმაცია გაქვთ, რამდენად იძლევა ეს სისტემა ადამიანებისთვის უსაფრთხოების გარანტიას; მაგალითად, ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე ან მატარებლით მოძრაობისას?
– ფაქტია, რომ მდინარის კალაპოტი არის ჩაკეტილი, მდინარის გარკვეული ნაწილი – შეგუბებული. შეგუბებული ოდენობიდან გამომდინარე, საშიშროების ალბათობა ძალიან ცოტაა. ასეც რომ მოხდეს, ასეთ შემთხვევას წინ უნდა უძღოდეს სხვა კატაკლიზმი, – ან უფრო მეტი შემოდინება უნდა მოხდეს მდინარის და კიდევ უფრო მეტად ამაღლება წლის დონის, ფერდის უფრო მეტი ჩამოშლა და ა.შ. ამ პროცესს, ერთის მხრივ, რკინიგზა აკონტროლებს; მეორეს მხრივ, – გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო და მუნიციპალიტეტი მონიტორინგს ერთად ვახორციელებთ. პრაქტიკულად, 24-საათიან კონტროლზეა აყვანილი იქ პროცესები – წყლის შემოსვლა, გასვლა, სიმაღლის მატება, ფერდის ჩამოშლის პროცესი. დამატებით მონიტორებს აყენებენ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, ფერდის მიმართულებით. სამი მონიტორი, პლუს წყალმზომები დაყენებულია, 2 თუ 3 მონიტორი რკინიგზას აქვს დაყენებული.
იქ არსებული მასა რომ გაირღვეს და წამოვიდეს, არანაირად საფრთხეს არ ქმნის, – მდინარე ჩხერიმელას კალაპოტი გაატარებს. რკინიგზას მონიტორები იმიტომ აქვს დაყენებული, თუ ასეთი რამ მოხდება, მოძრაობა უნდა შეაჩერონ. ხიდის ქვეშ არსებულ სივრცეში, რომელიც გაასუფთავეს და გააფართოეს, შეიძლება გაიაროს ამ წყალმა. თუმცა, წამოსული წყალი ბურჯს რომ დაეტაკება, წინასწარ ვერავინ გათვლის, რა მოხდება. დიდი ალბათობით გაატარებსო, – ასე ამბობენ.
იმ არეალში მოქალაქეები აღარ ცხოვრობენ. დარტყმის ქვეშ მოდის ძველი წისქვილის შენობა და ორი ნაგებობა, რომლებიც საცხოვრისად არ გამოიყენება. თუ წყალმა დაიწყო ზრდა და საშიშროება გაიზარდა, ასეთ შემთხვევაში ჩაირთვება შესაბამისი მექანიზმები ჩვენი მხრიდან, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გავიყვანოთ.
ამიტომ გავეცით შესაბამისი მითითებები, რომ მეწყერის ზონაში არ იყვნენ მოქალაქეები; ასევე ზედა არეალში. თუმცა, ადამიანები იქ მაინც მიდიან და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ამუშავებენ. წერილობით არიან გაფრთხილებულები, რომ იქ არ შევიდნენ. მათ სახელმწიფომ შესაბამისი კომპენსაციები გამოუყო, მათზეა დამოკიდებული, აიღებენ თუ არა. ისინი სამართლებრივ დავაში არიან ჩაბმულები. მიმართეს პროკურატურას გამოძიებისთვის და სასამართლოს, – საკომპენსაციო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.
რამდენიმე ხნის წინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, სამართლებრივი დავა რაში უშლით მათ ხელს, რომ აიღონ ეს თანხა და გამოიყენონ. ზოგს 30 ათასი ლარი უწევს, უმრავლესობას – 50 ათასი ლარი.
– თანხას თუ აიღებენ, მერე სახელმწიფოს ვეღარ შეედავებიან.
– დღესაც თუ ვინმეს უნდა შეედავონ, უნდა შეედავონ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს, ანუ შემსრულებელს, რა შუაში ვართ ჩვენ.
– ბეჟათუბანში გვირაბიდან გამოტანილი მიწის დიდი მასა ახალი მეწყერის საშიშროებას ქმნის. ხარაგაულის თვითმმართველობა რა ზომებს იღებს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლდ?
– ანალოგიური შესწავლა და მონიტორინგი, თუ საჭირო იქნება, უნდა განახორციელოს გარემოს დაცვის სააგენტომ. მუნიციპალიტეტი ვერაფერს დაგეგმავს. ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვაქვს და ეს ტერიტორია მონიშნული აქვთ, როგორც „საფრთხის შემცველი“. საბოლოოდ, როცა შეჯერდებიან, გვეტყვიან, იქ რა უნდა გაკეთდეს, ასე ხომ არ დარჩება ეს თემა.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში გვირაბების უხარისხოდ მშენებლობის, არასწორად მიწების განთავსებისა თუ დასაწყობების თემაზე ექსპერტად ხშირად მოჰყავთ ხოლმე ერთ-ერთი ხარაგაულელი პიროვნება, რომელიც ხარაგაულის მერიაშიც მუშაობდა და პირადად ევალებოდა მონიტორინგი ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მის მიერ დაწერილი მოხსენებითი ბარათები, რომელშიც ის წერდა, რომ ყველაფერი კანონიერად და კარგად კეთდებაო. დღეს რომ აღარ არის დასაქმებული და აღარ მუშაობს, საუბრობს, კარგად არაფერი გაკეთებულა, წესრიგში არაფერი არისო. ახლა გამოდის ეს პიროვნება, რომელსაც თურმე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და ჰყვება ზღაპრებს. ეს გაბუქებული თემაა, ვიღაცას სჭირდება და ვიღაცასთან კარგად იყიდება.
– ეს პიროვნება სოციალურ ქსელში წერს, – ცუდად რომ კეთდებოდა, – ამას რომ ვამბობდი, ამიტომ გამათავისუფლესო.
– ის წერს ასე, მაგრამ ეს რეალობას არ შეეფერება.
– ხარაგაულის ტერიტორიაზე რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის გაგრძელებაზე რა ინფორმაცია გაქვთ?
– ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში რკინიგზას ან რომელიმე სახელმწიფო უწყებას ინიციატივა არ წარმოუდგენია. თუმცა საუბრობს ხალხი, საუბრობენ რკინიგზაში დასაქმებული ადამიანები, რომ ამდაგვარი პროექტი განიხილება. ოფიციალურად, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ მაქვს.
ხარაგაულში მიმდინარეობს მუშაობა გაუმჯობესებული, მძლავრი ინტერნეტის შემოსაყვანად. ფონა-ჩუმათელეთის მიმართულებითაც მიდის სამუშაოები და ლაშედანაც. რაც შეეხება ინტერნეტის ფასებს, ეს არის მხოლოდ სადაო იმიტომ, რომ ევროპულ ქვეყნებში, როგორც ამბობენ, დაბალია ტარიფები და ალბათ, მოიცლის ამისთვისაც ხელისუფლება.
ლაურა გოგოლაძე
ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობა, სამი წელია, რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელს ითხოვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში წყალმომარაგების
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალში,
დღეიდან, 8 ივნისიდან, საგარეუბნო მატარებელი ხაშური-ზესტაფონი-ხაშური