„ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრისას ხშირად ვამბობთ, რომ ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ. კი არ უნდა ვებრძოლოთ, პრობლემა უნდა ვმართოთ და მოვაგვაროთ, – ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, – „ბრძოლის“ ენა გადაიქცევა ხოლმე ნარკოდამოკიდებული ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლად, ვუშვებთ მას ციხეში და მასთან ერთად მისი ოჯახის წევრებსაც ვაუბედურებთ“.
რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, რა იგულისხმება ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემის მართვასა და მოგვარებაში, რა უნდა გააკეთოს სკოლამ, საზოგადოებამ და სახელმწიფომ პრევენციისთვის, – ამ საკითხებზე ჯანა ჯავახიშვილი გვესაუბრება.
– ფსიქოაქტიური იმიტომ ჰქვია ამ ნივთიერებებს, რომ ისინი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას ცვლიან. იმის მიხედვით, თუ რა მიზნით იყენებს მათ ადამიანი, ზემოქმედება განსხვავდება. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლები, სანარკოზე საშუალებები სამედიცინო მიზნით გამოიყენება. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში, მაგალითად, შედის ყავა, მაგარი ჩაი და ისინიც გვიცვლის ცნობიერებას – უფრო აქტიურ მდგომარეობაში გადავდივართ. თუმცა, ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია.
ბრიტანელმა ექიმებმა 1951-2001 წლებში იკვლიეს თამბაქოს ზემოქმედება ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხანგრძლივობაზე. ამ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა ძალიან მყარი მტკიცებულება, რომ თამბაქოს მოხმარება სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებს და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ალკოჰოლიც ფსიქოაქტიური საშუალებაა და ცნობიერებას გვიცვლის. ალკოჰოლური სასმელების მიღება ჩვენი კულტურის ნაწილია, – გვიყვარს სუფრაზე დროის გატარება, ერთმანეთს კომპლიმენტებს ვუძღვნით, სადღეგრძელოებს ვამბობთ, ვმღერით. ამავე დროს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, კვლევების მიხედვით, პირდაპირ დაკავშირებულია ქუჩისა და ოჯახურ ძალადობასთან, საავტომობილო ავარიებთან.
რამდენიმე ათწლეულის წინ ჩატარებული ექსპერიმენტით აღმოჩნდა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ალკოჰოლის რეკლამირება შეიზღუდა, საავტომობილო კატასტროფების რაოდენობა შემცირდა.
ადამიანის ფსიქიკის მდგომარეობას განსაკუთრებულად ცვლიან არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებები. თუმცა, არალეგალური ნივთიერებებით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზარალი ათჯერ ნაკლებია ლეგალური ნივთიერებებით, მაგალითად, ალკოჰოლის მოხმარებით მიყენებულ ზარალზე.
ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ახასიათებს მიჩვევა, – მასზე დამოკიდებული ადამიანი, მისი მოხმარების გარეშე, ფიზიკურად ცუდად ხდება – დემოტივირებულია, უგუნებოდაა, ადვილად ღიზიანდება, უიმედოდაა და ა.შ.
პრევენციაზე საუბრისას მახსენდება ერთი ექსპერიმენტი – „თაგვების სამოთხე“. თაგვებს ორი ვოლიერი ჰქონდათ – ერთში იყო მხოლოდ ნარკოტიკები, მეორეში – ნარკოტიკებთან ერთად ბევრი გასართობი და საჭმელი. აღმოჩნდა, რომ პირველ შემთხვევაში თაგვები ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებული ხდებოდნენ, მეორეგან კი – გასინჯავდნენ და თავს ანებებდნენ, რადგან უფრო საინტერესო რამ ჰქონდათ ვოლიერში.
ცხოვრების პირობები უნდა გავაუმჯობესოთ, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე, დასაქმებაზე, კარგ განათლებაზე, სერვისების ხელმისაწვდომობაზე, სოციალური დაცულობის ამაღლებაზე. ეს არის ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია.
შეცდომაა მოზარდებისთვის მხოლოდ იმის ახსნა, თუ რა საშიშია ნარკოტიკის მოქმედება, როგორ დეგრადირდები, დახატავენ ჩონჩხებს და ნარკოტიკის სახარშ კოვზს. ეს არ მუშაობს. მათთვის, ვინც უკვე დამოკიდებულია, ხელმისაწვდომი მკურნალობა უნდა არსებობდეს. მათთვის, კი, ვინც რისკის ქვეშ არის – დასაქმებისა და გართობის შესაძლებლობები. საკონცერტო ბილეთი, სპორტული წრეები ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
შვეიცარიაში, სადაც ცხოვრება ძალიან ძვირია, საცურაო დარბაზის აბონემენტი წელიწადში ხუთი ევრო ღირს. სახელმწიფო ყველანაირ პირობებს უქმნის მოქალაქეებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. აი, ეს არის პრევენცია.
მასშტაბურ ანტინარკოტიკულ კამპანიას აწარმოებდნენ აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი და მსახიობი კლინდ ისტვუდი. ისინი ტელევიზიით რეგულარულად გამოდიოდნენ და ამბობდნენ – „არა ნარკოტიკს“. აღმოჩნდა, რომ პირიქით, ნარკოტიკს პოპულარიზაცია გაუწიეს. ორი ცნობილი ადამიანი საუბრობდა ნარკოტიკზე. ადამიანების ფსიქიკამ ისინი ნარკოტიკთან გააიგივა და მათი საუბრის შინაარსს არ მოუსმინა. ასე რომ, გამაფრთხილებელი ან დამაშინებელი კამპანიები დადებით როლს ვერ შეასრულებენ.
მოზარდობის ასაკში გარკვეული ფსიქოაქტიური საშუალებებისადმი ინტერესი ჩნდება. ჩვენი ამოცანაა, რომ მოზარდმა მისი მოხმარება არ დაიწყოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლაში ზოგად კლიმატს. საზოგადოების დამოკიდებულების გამო დასავლეთის ქვეყნებში სიგარეტის მოხმარება სამარცხვინოც კი გახდა. ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა გახდეს პრესტიჟული. მტკიცებულებები გვაჩვენებს, რომ კამპანიები – „არ მოწიო“, „ნარკოტიკი არ მოიხმარო“, მოზარდზე არ მოქმედებს.
რამდენად ხელმისაწვდომია ფსიქოლოგების მომსახურება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის და რა შეუძლია სახელმწიფომ გააკეთოს ამ სერვისის მისაღებად, ჩვენს ამ შეკითხვაზე ჯანა ჯავახიშვილი გვპასუხობს:
– ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. არ არსებობს სახელმწიფოსგან დაფინანსებული ასეთი სერვისები. საქართველოში კლუბ „სინერგიის“ ორი ცენტრი თბილისსა და ბათუმში, ევროკავშირის დაფინანსებით, უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლის იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარებასთან, აზარტულ თამაშებთან და ინტერნეტის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ძალიან კვალიფიციურად მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი და ახალგაზრდების ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების გარდა, მათ ოჯახებსაც ემსახურება, რადგან ბავშვის ქცევა ოჯახური პრობლემების ნიშანია.
მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფომ ეს ორი ცენტრი არ დააფინანსა. მეტსაც გეტყვით, რადგან ეს ცენტრები ევროკავშირისგან ფინანსდება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების გამო, ამ წლის ბოლოს დაიხურება და პრობლემების მქონე ასობით მოზარდი და ახალგაზრდა კვალიფიციურ სერვისს ვეღარ მიიღებს.
ასე რომ, პრევენციაზე როცა ვსაუბრობთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. ქვეყანაში უნდა გვქონდეს კარგი სკოლა, სადაც ბავშვს მისვლა უხარია. სკოლაში ყოფნა ეს უკვე დაცვითი ფაქტორია ნარკოტიკების პრევენციის თვალსაზრისით.
ნინო კაპანაძე
ეს სტატია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ჩემი ხარაგაული“ და სტატიის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ამავე თემაზე
ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას სწორი პრევენციული ღონისძიებები შეამცირებს
სკოლის როლი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
საზოგადოების განწყობები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია
ინფორმირებულობა ძლიერი ინსტრუმენტია ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი