ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის ღონისძიებები საგანმანათლებლო სფეროში არასაკმარისი და არასისტემურია. ამას ამბობენ მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში ფსიქოაქტიური ნივთიერებების – ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების – მოხმარების თავიდან არიდებას ასწავლიან.

„სპეციალისტებისგან მომზადებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიები დარგის სპეციალისტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს, – ამბობს წიფის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე, – სასკოლო სახელმძღვანელოებში პროგრამა უფრო სიღრმისეულად უნდა იყოს მოცემული.

ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი სკოლის არც ერთი მოსწავლე სიგარეტს არ ეწევა. შედეგი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების უარყოფით გავლენებზე ცნობიერების ამაღლებით მიიღწევა. დაშლა და ლოზუნგები, – „არა ნარკოტიკსა და ალკოჰოლს“, – მაინცდამაინც შედეგის მომტანი ვერ იქნება“.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ მაღლაფერიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოებში მოცემული მასალა ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის შესახებ ყოველთვის დამატებითი მასალების მოძიება უწევს.

„რამდენიმე მოსწავლეს შევნიშნე, რომ სიგარეტს ეწეოდა, – ამბობს თამარ მასწავლებელი, – მაშინვე მშობელს ვაცნობე. ერთმა მშობელმა მადლობა გადამიხადა, მეორემ კი მითხრა, რომ მის შვილს სიგარეტის მოწევას ვაბრალებდი. ამით იმის თქმა მსურს, რომ მარტო სკოლა ამ პრობლემის დასაძლევად ვერაფერს გახდება.

სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები სისტემატური უნდა იყოს. ჩვენი სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული და ამ კუთხით პროექტი განვახორციელეთ.

აპრილში სკოლაში მოვიწვიეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე და პოლიციიდან სპეციალურად ამ მიმართულებით გადამზადებული თანამშრომელი გიორგი კვირიკაშვილი.

საინფორმაციო კამპანიებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეები განსაკუთრებით პოლიციელთან შეხვედრით დაინტერესდნენ. მსმენია, თუმცა, პირადად არ მინახავს, რომ გოგონებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები მატულობს.

ამიტომ სამართალდამცველები უნდა აკონტროლებდნენ ისეთ ადგილებს, სადაც, შესაძლოა, ასეთი ფაქტები ხდებოდეს. ერთმანეთთან თუ არ ვითანამშრომლეთ, არაფერი გამოვა“.

2022 წელს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა „ნარკოვითარების წლიური ანგარიში 2020“. ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოკითხული მოსწავლეების 14%-ს ერთხელ მაინც მოუხმარია კანაფი ან კანაფის ფისი (ჰაშიში). 2015 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსწავლეების 3%-მა კანაფი ან მისი პროდუქტები პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოიხმარა.

2019 წელს გამოკითხულ მოსწავლეთა 85%-ს ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი; თამბაქო მოუწევია გამოკითხულ მოსწავლეთა 12%-ს.

2024 წელს ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ შეიძლება არსებობდეს საგანგაშო კავშირი მარიხუანას მოხმარებასა და რეპროდუქციულ პრობლემებს შორის. ამ კვლევის დასკვნების მიხედვით, მამაკაცებში მარიხუანას კვირაში თუნდაც ერთხელ მოხმარება ასოცირდება პარტნიორში სპონტანური აბორტის უფრო მაღალ რისკთან.

მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი და ბიოლოგიის მასწავლებელი ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მაჩვენებელი საგანგაშოა და გამოსავალი პრევენციაშია.

„ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ ინფორმაციები ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებშია მოცემული, – ამბობს ვერა ოდიკაძე, – ამას გარდა, პროექტული და კლუბური საქმიანობა სკოლაში ამ მიმართულებით წარვმართეთ და ამ სასწავლო წელს მარელისის სკოლაში სამი ღონისძიება მოეწყო – ადგილობრივი ხელისუფლების – გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით, სკოლის ექთნის პრეზენტაციით და ბიოლოგიაში სასკოლო კონფერენციით.

სკოლაში ორგანიზებული ღონისძიებების გარდა, მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და სოფლის მოსახლეობაში გაავრცელეს. ამ კამპანიის გაგრძელებას ისევ ვაპირებთ.

ამჟამად სკოლაში სიგარეტის მწეველი მოსწავლეები არ გვყავს. ბიჭები სპორტით არიან დაკავებულები და ხარაგაულის სპორტულ სკოლაში სხვადასხვა სექციებზე დადიან.

ცნობიერების ამაღლებისთვის სისტემატური საინფორმაციო კამპანიები, მშობლებთან მუშაობაა აუცილებელი.

რამდენიმე წლის წინ მშობელმა მოგვმართა, რომ მისი შვილი მარიხუანას მოიხმარდა და როგორმე ამ მავნე ჩვევის დაძლევაში დავხმარებოდით. მოსწავლეს რამდენჯერმე ინდივიდუალურად ვესაუბრეთ, მის კლასში ფილმების ჩვენება მოვაწყვეთ, რაც შეგვეძლო, ყველაფერი ვეცადეთ და გამოგვივიდა. დღეს ის პიროვნება რომ მხვდება, მადლობას მეუბნება, რომ დროულად და სწორად ჩავერიეთ.

წელს ყველა კლასის დამრიგებელმა რამდენიმე საათი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მავნებლობას დაუთმო. ასე რომ, ამ პრობლემის დასაძლევად ყურადღება ყველამ უნდა გავამახვილოთ“.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ მაქაძე გვიამბობს, რომ სკოლაში რამდენჯერმე მოსწავლეები ენერგეტიკული სასმელის – რედბულის მოხმარების გამო ცუდად გახდნენ.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მოვიდა და მოზარდები გადარჩნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, – ამბობს თამარ მაქაძე, – სკოლაში ამის შემდეგ ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები დავგეგმეთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისთვის. ცალკე პრეზენტაცია მოაწყო სკოლის ექიმმა, ბიოლოგიის მასწავლებელმა.

ჩვენი სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული და ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრში პროექტი – „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ – განვახორციელეთ. სისტემატური საინფორმაციო კამპანიები სპორტული აქტივობებით დავასრულეთ.

ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს საზოგადოების დამოკიდებულებას.

სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლები ექსკურსიაზე ყაზბეგში წავიყვანეთ. ღამით ქუჩაში სეირნობისას ლუდის შეძენა გადაუწყვეტიათ. არც ერთი მაღაზიის გამყიდველმა არასრულწლოვანებს ლუდი არ მიჰყიდა, როგორც ამას კანონი მოითხოვს.

ჩვენს მოსწავლეებს ეს გაუკვირდათ, რადგან აქ, ხარაგაულში, ასეთი შეზღუდვა არ მოქმედებს. ყველამ უნდა გაითავისოს და არასრულწლოვანს ალკოჰოლი და სიგარეტი არ უნდა მიჰყიდოს. მესმის ბიზნესია, მაგრამ ბავშვის და ახალგაზრდის სიცოცხლის ხარჯზე უნდა გამდიდრდე?!

უფროსი ასაკის ადამიანები უნდა ესაუბრონ ახალგაზრდებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მავნებლობაზე. ქუჩაში მოსწავლეს სიგარეტით რომ დაინახავ, თითი კი არ უნდა დაუქნიო და გალანძღო, მეგობრული დამოკიდებულებით უნდა აუხსნა მოსალოდნელი სავალალო შედეგები, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება“.

ნინო კაპანაძე

ეს სტატია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ჩემი ხარაგაული“ და სტატიის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ამავე თემაზე

ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას სწორი პრევენციული ღონისძიებები შეამცირებს