„ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ზოგჯერ ყველაზე ახლობელი ადამიანები გვიზიარებენ“, – ამბობს ერთ-ერთი ყოფილი მომხმარებელი, რომელიც დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ნებას“ კონსულტანტია.
ის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებებისა და მოზარდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე გვესაუბრება.
– რას ეტყვით მოზარდებს, მშობლებს, საზოგადოებას, ხელისუფლებას – რა და როგორ უნდა შეიცვალოს, რომ ახალგაზრდები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით არ დაინტერესდნენ?
– აუცილებელია, რომ მოზარდებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია „დამოკიდებულების“ შესახებ. როგორ ხდება მისი ჩამოყალიბება, როგორ შეიძლება გავიგოთ, ვართ თუ არა რისკ ჯგუფში. რისკჯგუფის წარმომადგენლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ე.წ. „მსუბუქი, კლუბური“ ნარკოტიკის მიღებასთანაც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს გავუზიაროთ ინფორმაცია, თუ როგორ ხდება „მოხმარების“ დამაზიანებელი ჩვევის ჩამოყალიბება, რატომ ვერ ამბობენ უარს ამ ქცევაზე ნარკომომხმარებლები.
მოზარდებს უნდა ვესაუბროთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზიანზე და გავუზიაროთ სტატისტიკა – რამდენი ადამიანი და განსაკუთრებით მოზარდი ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რამდენი ფატალური და უბედური შემთხვევის გამომწვევია ამ ნივთიერებების ზემოქმედება. დიდი მასშტაბის საფრთხის წინაშე ვდგავართ იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებები ძალიან სწრაფად მიჩვევადი და რთულად ჩანაცვლებადია.
მშობლებს ვეტყვი, რომ კარგი იქნება, თუ მოიძიებენ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას დამოკიდებულების, ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ. როგორ ზემოქმედებენ ისინი, როგორ გამოიყურებიან ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოზარდები, როგორი ქცევა ახასიათებთ. მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ და რაზე ესაუბრონ საკუთარ შვილებს. ინფორმირებულობა ძლიერი ინსტრუმენტია პრევენციისთვის.
მთავარია, უფროსებმა არ უარყონ და არ დამალონ პრობლემა, გააცნობიერონ, რომ თუ მათ ოჯახში ნარკოდამოკიდებულია – მათ სჭირდებათ პროფესიონალური დახმარება. სახლში მოზარდის გამოკეტვა პოზიტიურ შედეგს ვერ მოიტანს.
ძალიან მნიშვნელოვანია უფროსებმა იცოდნენ, ვის მიმართონ პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მოიძიონ ინფორმაცია სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ. მოზარდებში მიდრეკილებების დროულად აღმოჩენა ზრდის შესაძლებლობას, რომ ისინი ავარიდოთ ნარკოდამოკიდებულებას.
საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის, სწორი ქცევის ჩამოსაყალიბებლად ინფორმაციის სწორად მიწოდებაა აუცილებელი. ამჟამად საზოგადოებაში არსებული აზრი, პრევენციის ნაცვლად, პრობლემის დამალვაზეა ორიენტირებული. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გავრცელებას.
ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრევენციის დაწყება საჭიროა სკოლებიდან. მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აუცილებელი უნდა იყოს, რომ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულმა პირმა იძულებითი სარეაბილიტაციო კურსი გაიაროს. ამჟამად ამ ნივთიერებების ქვემ მყოფ პირებს ამისამართებენ ფსიქიატრიულ კლინიკებში, თუმცა იქ მათი დახმარება ვერ ხერხდება.
– რა მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს და თქვენი აზრით, რა და როგორ უნდა გაკეთდეს?
– პრევენციას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. შედეგებთან ბრძოლა ბევრად რთულია. როგორც ვიცით, ზოგიერთი ადამიანი მოწყვლადია მოხმარების მიმართ, ზოგიერთი – არა. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. როგორ და რის გამო უყალიბდებათ მოზარდებს მიდრეკილება.
ოჯახი, გარემო, საზოგადოება და სხვა მიზეზი ბევრია და ეს საკმაოდ დიდი თემაა. საჭიროა ამ საკითხზე ერთდროულად და სისტემურად მუშაობა მოქალაქეების, დამოკიდებულების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან. ძალიან საფრთხილოა პრევენციის გატარება მოზარდებში, აგიტაციის დიდი რისკია. ამიტომაც ამ საქმით მხოლოდ პროფესიონალები უნდა დაკავდნენ.
– რამდენად საკმარისია ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მკურნალობა-რეაბილიტაციასა და პრევენციაზე მიმართული?
– საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. ყველა არსებული პროგრამა აუცილებელია, თუმცა ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. ბაზარზე მუდმივად ახალ-ახალი საშუალებები შემოდის. მათ განსხვავებული ეფექტები და შედეგები აქვთ. აუცილებელია, დიდი რესურსის მიმართვა ამ სფეროსკენ, რათა სიახლეებს ფეხი ავუწყოთ.
დამოკიდებული ადამიანის ქცევა ხშირად ანტისოციალური და საზოგადოებისთვის მიუღებელია. ზედაპირულად თუ შევხედავთ, აღნიშნული ქცევა ნამდვილად არ არის მისასალმებელი და ნეგატიურ უკუკავშირს იწვევს.
ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარებლები უარყოფილნი არიან საზოგადოების, ოჯახის, მეგობრების მიერ. თუმცა, თუ საზოგადოება კრიტიკაზე მეტად დაინტერესდება პრობლემის არსით და მოგვარებით, გააცნობიერებს ამ ქცევების მიზეზებს, დამოკიდებულებაც შესაბამისად შეიცვლება.
უნდა გავიაზროთ, რომ რაც მეტად გავრიყავთ, მით მეტად შევუწყობთ ხელს ნარკომოხმარების გავრცელებას. თუ ერთად დავიწყებთ ამ ადამიანებზე ზრუნვას, რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
ნინო კაპანაძე
ეს სტატია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ჩემი ხარაგაული“ და სტატიის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ამავე თემაზე
საზოგადოების განწყობები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია
სკოლის როლი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას სწორი პრევენციული ღონისძიებები შეამცირებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი