ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკაა.
რას სთავაზობს სახელმწიფო ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელს ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში, – ამ შეკითხვით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს, გოჩა გიორგიძეს მივმართეთ.
„ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება ძალიან სერიოზული პრობლემაა ახალგაზრდებისთვის და საზოგადოებისთვის, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ეს პრობლემა საუკუნეებს ითვლის. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების წინააღმდეგ ღონისძიებები ყოველთვის ტარდებოდა, – მაგალითად, ცნობადი სახეების მონაწილეობა ანტინარკოტიკულ კამპანიებში.
ახალგაზრდები, ძირითადად, 13-14 წლის ასაკში ინტერესდებიან ფსიქოაქტიური ნივთიერებებით და ეს ხშირ შემთხვევაში არის მარიხუანა, რომელსაც ნარკოტიკების სამყაროში „კარიბჭეს“ უწოდებენ.
ერთჯერადი მოხმარების დროსაც კი მარიხუანამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ბიპოლარული აშლილობა, სისხლძარღვების შევიწროვება, თრომბოზები და თრომბოემბოლიები. მარიხუანას მოწევის შემდეგ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს თრომბი განუვითარდეს, მოულოდნელად გარდაიცვალოს და მისი სიკვდილის მიზეზი ვერავინ გაიგოს.
მარიხუანას მოხმარება ადამიანის ემოციურ გამოფიტვას იწვევს. პირები, რომლებიც ამ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მოიხმარენ, უადგილოდ იცინიან ან ტირიან, არიან აგრესიულები და მოძალადეები“.
საქართველოში ფუნქციონირებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, რომელიც ნარკომანიისა და ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ ნარკოლოგიური მიმართულებით ამბულატორიულ, სტაციონარულ და სარეაბილიტაციო პროგრამებს უზრუნველყოფს.
ცენტრში ფუნქციონირებს მეთადონითა და სუბოქსონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამები.
„მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად, ადამიანი ქმედუნარიანიხდება და ცხოვრებას უბრუნდება. ქუთაისში, მაგალითად, 2 ათასი ადამიანია ჩართული ამ პროგრამაში. ისინი აღარც ფულს იპარავენ ნარკოტიკისთვის და აღარც არალეგალურად შეძენაზე ფიქრობენ. ბევრი მათგანი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების წინააღმდეგ საგანმანათლებლო კამპანიებში ჩაერთო.
ამ მიმართულებით ბევრი რამ მაინც დასახვეწია, – ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის რეგიონულ ცენტრებში უნდა გაძლიერდეს ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის პროცესი.
მარტო ის, რომ მე მეთადონი დავლიე და გამიშვი, საკმარისი არ არის. პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგი და სოცმუშაკი, რომლებიც პირს სოციალიზაციაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარებიან“.
ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას პიროვნება თავად იღებს. შესაბამის დაწესებულებაზე მიმართვის შემდეგ მისი მდგომარეობა შეფასდება და სპეციალისტებისგან ინდივიდუალური პროგრამა დგება.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ 19 ფილიალი აქვს. მათ შორის იმერეთიდან ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში.
„მკურნალობის გარდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მუდმივად, რუტინულად ტარდება პრევენციული ღონისძიებები, ძირითადად, ინფორმაციული შეხვედრები მოზარდებთან, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – გასული სასწავლო წლის ბოლოს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში პირადად შევხვდი ახალგაზრდებს.
ეს იყო სკოლის ადმინისტრაციის, ქიმიის პედაგოგისა და ჩვენი ცენტრის ერთობლივი პროექტი. ასეთი შეხვედრების რიცხვი უნდა გავზარდოთ. მუდმივად, წვეთ-წვეთად უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მოზარდებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ.
ავტორიტარული მიდგომა, – თუ შენ ნარკოტიკს მოიხმარ, დაგიჭერ და ციხეში ჩაგსვამ, ან მისი მოხმარებით მოკვდები, – შედეგს ვერ მოიტანს. ასეთ ძალადობრივ მეთოდებს არ ვემხრობი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდებს რისკები მაქსიმალურად სწორად დავანახოთ.
საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ესეც დაუშვებელია. მიმღებლობა და სოციალიზაციაში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
საზოგადოების განწყობებსა და შეხედულებებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებზე დიდი გავლენა აქვთ, რათა მათ დროულად მიმართონ მკურნალობისა და ზრუნვის ცენტრებს. ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი სამუშაოა“.
ნინო კაპანაძე
ეს სტატია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ჩემი ხარაგაული“ და სტატიის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ამავე თემაზე
ინფორმირებულობა ძლიერი ინსტრუმენტია ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
სკოლის როლი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას სწორი პრევენციული ღონისძიებები შეამცირებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი