30 წლის გიორგი თბილისის ღამის კლუბებში სტუმრობისას ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარდა. თუმცა, თვეზე მეტია, მათზე უარი თქვა, რადგან მის გვერდით მყოფი მეგობარი, სავარაუდოდ, მისი მიღების გამო ცუდად გახდა.
„სასწაულმა გადაგვარჩინა იმ დღეს, – გვიამბობს გიორგი, – სასწრაფო გამოვიძახეთ. თუმცა, ექიმის მოსვლამდე კლუბში იმყოფებოდა პირი, რომელმაც ჩემს მეგობარს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ძალიან შემეშინდა და უარი ვთქვი კლუბურ ნარკოტიკზე“.
ნარკოტიკების ანუ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. თუმცა, მათი პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია.
რა არის ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ორგანიზმზე და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, – ამ საკითხებზე ნარკოლოგი მარიამ აბულაძე გვესაუბრება
– მარიამ, რა არის ფსიქოაქტიური ნივთიერებები და რა გავლენას ახდენენ ისინი ადამიანის ორგანიზმზე?
– ფსიქოაქტიური ნივთიერები ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ტვინის მუშაობაზე. უფრო კონკრეტულად კი, ფსიქოაქტიური ნივთიერება ადამიანის ემოციებს, ხასიათს, ფიქრებს, ქცევებს, აღქმის უნარს, ცნობიერებას ცვლის. აღსანიშნავია, რომ ყველა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას აქვს უნარი, ადამიანი გახადოს მასზე დამოკიდებული.
არსებობს ლეგალური და არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ლეგალურია – ალკოჰოლი, თამბაქო, ყავა, ჩაი და სხვ.
არალეგალურ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებები. მათი შენახვა, შეძენა, გაყიდვა კანონით ისჯება. არსებობს გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არა სამკურნალოდ, არამედ ნარკოტიკული ეფექტის მისაღწევად.
აღნიშნული მედიკამენტები მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. ეს მედიკამენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება ლეგალურად, თუ ის ექიმის მიერაა გამოწერილი და მკაცრადაა დოზები დაცული.
ნარკოტიკების მოხმარება, თუნდაც მცირე რაოდენობით, რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. აღნიშნული ნივთიერებების მიღებამ, შესაძლოა, ადამიანი ლეტალურ შედეგებამდე მიიყვანოს. ამასთან, ნარკოტიკები, რომლებიც არალეგალურად იყიდება, დამზადებულია კუსტარულად, არ გადის არანაირ შემოწმებას სპეციალისტის მიერ და შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებს.
მაგალითად, ე.წ. კლუბური ნარკოტიკები შეიძლება შეიცავდეს ისეთ სინთეზურ, ძლიერმოქმედ და საშიშ ნივთიერებას, როგორიცაა ფენტანილი, რისი მიღების შემდეგაც ჩერდება სუნთქვა. პირველივე წუთებში ექიმი თუ არ ჩაერია, სიკვდილი გარდაუვალია.
ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას შესაძლოა მოჰყვეს: დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, მეხსიერების დაქვეითება, წონის პათოლოგიური კლება, ფილტვების დაზიანება, განსაკუთრებით მარიხუანასა და თამბაქოს მოხმარებისას, ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები, სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება, ზედოზირება და ა.შ.
– რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ მოზარდმა არ დაიწყოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღება.
– იმისათვის, რომ არ მოხდეს მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება. ნარკოდამოკიდებული ადამიანების უმეტეს ნაწილს მარიხუანას მოხმარება სკოლის ასაკში აქვს დაწყებული.
მარიხუანა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ნარკოტიკული საშუალებაა, მას ყოველდღიურად მოიხმარს 200 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების გასინჯვით, ძირითადად, ინტერესდებიან მოზარდები 13-15 წლის ასაკში.
შესაბამისად, აუცილებელია, ამ ასაკში მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მოზარდებს, ავუხსნათ, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას.
გარდა ამისა, ძალიან დიდი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციაზე მოზარდებში. პროცენტული მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, მოზარდი, რომელიც ვარჯიშობს, ცეკვავს, ცურავს ან სხვა ნებისმიერი სპორტული აქტივობითაა დაკავებული, ნაკლებადაა შანსი ინტერესი გაუჩნდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისადმი.
– თქვენი, როგორც ნარკოლოგის აზრით, რა უნდა გააკეთოს ამისთვის სახელმწიფომ და საზოგადოებამ?
– სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ცნობადობა აამაღლოს ნარკოტიკებისა თუ სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობის შესახებ სკოლებში. სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს არა მარტო მოსწავლეები, არამედ პედაგოგები და მშობლები.
უნდა შეიქმნას კვალიფიციური კადრებისაგან ჯგუფები, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგებს და შეხვედრებს სკოლებში. გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ნარკოლოგების და/ან ფსიქოლოგებისაგან, ვინაიდან მოზარდების ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზია.
ერთმა არასწორმა წინადადებამ შეიძლება ჩვენთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, მოზარდს ინტერესი გაუღვივოს ნარკოტიკებისადმი.
სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ეფექტური იქნება ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც წაახალისებს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ძალიან ბევრ მშობელს არ აქვს საშუალება, შვილი ატაროს სავარჯიშო დარბაზებში, ცურვაზე, ცეკვაზე ან სხვა აქტივობებზე. სკოლის მოსწავლეებისათვის სასურველი აქტივობები უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
საზოგადოების ჩართულობას რაც შეეხება, როდესაც ადამიანი იზრდება არაჯანსაღ ფსიქოსოციალურ გარემო პირობებში, მაგალითად თუ აბულინგებენ, სცემენ, უყვირიან, ამცირებენ და ა.შ., მოზარდები ნარკოტიკების საშუალებით ცდილობენ რეალობიდან გაქცევას.
შესაბამისად, საზოგადოების, ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი გარემო. მოზარდები უნდა გრძნობდნენ საზოგადოების მხარდაჭერას ყველა წარმატებისა თუ მარცხის დროს.
ბოლო წლებში საქართველოში სავალალოდ გაზრდილია ნარკომომხმარებლების რიცხვი. სწორი პრევენციული ღონისძიებები საგრძნობლად შეამცირებს ამ მაჩვენებლებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ნარკოლოგი მარიამ აბულაძე
ეს სტატია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ჩემი ხარაგაული“ და სტატიის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
სკოლის როლი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი