„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს. ამჯერად ფერმერი საშიკო ხიჯაკაძე ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდასა და ჯიშის გაუმჯობესებაში ხელოვნური განაყოფიერების მნიშვნელობაზე საუბრობს.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ეკონომიკური ღირებულება განისაზღვრება მათი პროდუქტიულობის და ჯიშის მიხედვით. ჯიში ერთ-ერთი წინაპირობაა ცხოველის პროდუქტიულობის განსასაზღვრად, ასევე  მისი დავადებებისა და კლიმატურ პირობებთან გამძლეობის კუთხით.

რამდენად მარტივად ეგუება ახალ კლიმატურ პირობებს, რთულ რელიეფს და რამდენად ამტანია დაავადებების მიმართ – ამის გათვალისწინებით ხდება სასოფლო-სამეურნეო ცხოველის შერჩევა.

მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი ჯიშები დაბალპროდუქტიულია, რაც გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში არასწორი შეჯვარებით, ნათესაური ხაზების შეჯვარებით, ასევე ბუნებრივი შეჯვარების დროს ვერ ხერხდება ინფექციური დავადებების პრევენცია, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ცხოველის პროდუქტიულობაზე.

თვალსაჩინოებისთვის, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს.

პროდუქტიულობის შედარება უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, – მაგალითად, მერძეული მიმართულების ფერმის ქონის შემთხვევაში წლიური მონაწველი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 4500 ლიტრს, რომ ფერმამ ფუნქციონირება შეძლოს.

აქვე აღვნიშნავ, როგორ ითვლება წლიური ნაწველი მერძეული მიმართულების ფური. უნდა მოვწველოთ წელიწადში 305 დღე და დავასვენოთ 60 დღე. 305 დღის ნაწველის რაოდენობას შევკრიბავთ და ეს იქნება ცხოველის წლიური მონაწველი.

ადგილობრივ ჯიშებს, საშუალოდ, შეუძლიათ წლიურად მოიწველონ 1500-დან 2000 ლიტრამდე რძე, რაც არარენტაბელურია. ამიტომ საჭიროა, მოხდეს ჯიშის გაუმჯობესება, რისთვისაც ყველაზე ეფექტური და ხელსაყრელი არის ცხოველის ხელოვნური დათესვლის გზით გამრავლება. ეს მეთოდი ეფექტურია როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე დავადებების გადატანის პრევენციის კუთხითაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერისთვის.

ბუნებრივი შეჯვარების პირობებში ერთ ბუღამწარმოებელს უწევს სხვადასხვა ფურის განაყოფიერება. შეჯვარების დროს სავსებით შესაძლებელია მისი დაინფიცირება, თუ მოხდა შეჯვარება ინფიცირებულ ცხოველთან. ამის შემდეგ ბუღამწარმოებელი იქნება ამ დაავადების მატარებელი და გამავრცელებელი. დაინფიცირების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ცხოველის ორგანიზმში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, რაც ხელს უშლის როგორც მის გამრავლებას, ასევე პროდუქტიულობას.

თუ ანთება მიმდინარეობს გამრავლების ორგანოებზე, ცხოველი არ დამაკდება. ასევე ხდება პროდუქტიულობის მკვეთრი შემცირება. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ღორებშიც.

ხელოვნური განაყოფიერებით ჯიშის გაუმჯობესება ამცირებს კურომწარმოებლის და კერატის შენახვის ხარჯებს. ჯიშის გაუმჯობესებისთვის ხდება მაღალპროდუქტიული ცხოველის ბიომასის (სპერმის) აღება, შესაბამისი პროცედურების დაცვით მისი შენახვა. შემდგომ, როდესაც ცხოველი მოდის ახურებაში, ხდება ამ ბიომასით განაყოფიერება. ცხოველის ახურება ხდება მე-18 დღიდან 24 დღემდე.

ახურების სამი ფაზაა:

1) ახურების დაწყება – რა დროსაც ცხოველი ხდება მოუსვენარი; ღორების შემთხვევაში ცოტა აგრესიული, ნაკლებ საკვებს მოიხმარს;

2) შუა პერიოდი – არის ციკლის ოცდამეერთე – ოცდამეორე დღე და

3) დაცხრომის ფაზა – ოცდამესამე – ოცდამეოთხე დღეს.

განაყოფიერების ეფექტურ დროდ ითვლება ოცდამეერთე დღე. თუმცა, ეს ყველა ცხოველისთვის ინდივიდუალურია. ამიტომ ფერმერმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს ცხოველის ახურებაზე გასინჯვის მეთოდები, რადგან სწორ დროს მოახდინოს განაყოფიერების გაკეთება.

ეს დრო მერყეობს 6-დან 12 საათამდე; ანუ, როცა დავადგენთ, რომ ცხოველი ნამდვილად ახურებულია, მისი განაყოფიერება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 12 საათისა, რადგან ამ დროს კვერცხსავალში არის გადმოსული კვერცხუჯრედი, რომელიც მომწიფებულია და შეუძლია განაყოფიერდეს. თუ ამ დროს მოხდება განაყოფიერება, მომწიფებულ კვერცხუჯრედს შეხვდება სპერმიები, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში 500 000 შეადგენს და მათგან ერთი მოახდენს განაყოფიერებას. თუ არასწორ დროს მოხდება ცხოველის დათესვლა, – არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მეთოდით, – განაყოფიერება ხელოვნურად თუ ბუღამწარმოებლით, –  არ დადგება მაკეობა.

აუცილებელია მკაცრად დავიცვათ ზემოთ აღნიშნული დრო ორივე მეთოდის შემთხვევაში.

ახლა რაც შეეხება დაავადებების გავრცელების პრევენციას, – ხელოვნური დათესვლის დროს გამოიყენება შპრიც კათეტერი, რომლის დეზინფექციაც ხდება; გამოიყენება ერთჯერადი გამოყენების სტერილური დამცავი შალითა, რომელშიც თავსდება შპრიცკათეტერი; გამოიყენება ერთჯერადი გამოყენების ხელთათმანი, რომელიც ყველა ცხოველისთვის ინდივიდუალურია.

ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ თუ რომელიმე ცხოველი არის ისეთი ინფექციური დაავადების მატარებელი, რომელიც ცხოველების შეწყვილების გზით გადამდებია, ხელოვნური დათესვლის მეთოდი თავიდან ააცილებს ფერმერს ამ პრობლემას.

მთესლავი ოპერატორი როდესაც მიდის ცხოველის გასანაყოფიერებლად, ის აკეთებს სამეანო კვლევას, რისი საშუალებითაც შეუძლია დაადგინოს, ხომ არ არის რაიმე ანთებითი პროცესი საშვილოსნოზე ან ხომ არ მიმდინარეობს რაიმე ისეთი პროცესი, რაც მაკეობას შეუშლის ხელს.

ამ ყველაფერთან ერთად, ფერმერი მიიღებს უფრო მაღალპროდუქტიული გენური მახასიათებლის მატარებელ თაობას თავისი დაბალპროდუქტიული ცხოველისგან, რაც, საერთო ჯამში, მისცემს საშუალებას, მისი საქმიანობა იყოს უფრო რენტაბელური, ვიდრე აქამდე.

მიღებული თაობა მისცემს მეტ პროდუქტს, ექნება მეტი საბაზრო ღირებულება, იქნება უფრო მეტად გამძლე დავადებების მიმართ, რაც უზრუნველყოფს ფერმერის სტაბილურობას როგორც ფინანსურად, ასევე ფერმაში მიმდინარე პროცესების მართვის კუთხით.

საშიკო ხიჯაკაძე

ფერმერი

ამავე თემაზე

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები რომ ჯანსაღი იყოს, აუცილებელია დავიცვათ ცხოველების კეთილდღეობა

როგორ დავძლიოთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესის გავლენა ცხოველებზე

რატომაა აუცილებელი და რაში გვეხმარება ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

ზოოჰიგიენის მნიშვნელობა და წვლილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვაში