„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს. ამჯერად ფერმერი საშიკო ხიჯაკაძე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვაში ზოოჰიგიენის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

ზოოჰიგიენა ვეტერინარიის ძირითადი პროფილაქტიკური დისციპლინაა, რომელზეც დამოკიდებულია ცხოველის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა.

ზოოჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ცხოველის პროდუქტიულობის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მისი ჯანმრთელობის დასაცავად, ჯანსაღი და სუფთა პროდუქციის მისაღებად. ცხოველის ჯანმრთელობა და მისი პროდუქტიულობა პირდაპირ კავშირშია ისეთ გარემო პირობებთან, როგორიცაა წყალი, ჰაერი, საკვები, ნიადაგი, ასევე – სადგომი  და სხვ.

ზოოჰიგიენის ნორმების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგიები, რაც უარყოფითად აისახება ცხოველის ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობაზე, წარმოებული პროდუქციის ხარისხზე და რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ფატალური შედეგიც კი დადგეს.

აუცილებელია, რომ მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების სადგომი იყოს მაღალჭერიანი, ნიავდებოდეს, უზრუნველყოფილი იყოს სუფთა ჰაერით; მიღებული იყოს ყველა საჭირო ზომა, რათა გამოირიცხოს ამიაკის დაგროვება, რომლის მაღალი დონეც სადგომში, ხანგრძლივი დროით, იწვევს ცხოველთა მძიმე მოწამვლას.

სადგომი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა წყლით; მკაცრად კონტროლდებოდეს წყლის შესაძლო დაბინძურება; შესაბამისი ნორმებისა და ვადების დაცვით, ლაბორატორიულად უნდა მოწმდებოდეს წყალი და საკვები, რათა თავიდან ავიცილოთ კოლიბაქტერიოზისა და სხვა ისეთი დაავადებების გავრცელება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საკვებისა და წყლის დაბინძურებამ.

წყლისა და საკვების დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები. ასევე მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს საკვების შემოსატანი გზები, შესანახი ადგილიდან საკვები ცხოველებთან მოტანამდე რომ არ ბინძურდებოდეს.

ისე უნდა იყოს დაგეგმილი სადგომის შესასვლელი და გასასვლელი, რომ საკვების შემტანი გზები არ კვეთდეს სადგომიდან ფერმის დასუფთავების შედეგად ნარჩენების გასატან გზას.

სადგომის ჰიგიენა მნიშვნელოვანია მეცხოველეობაში. მისი დაცვა თავიდან აგვარიდებს ინფექციურ, ინვაზიურ და არაგადამდები დაავადებების გაჩენას და გავრცელებას ფერმაში. ზოოჰიგიენის მიზანია, განსაზღვროს ცხოველის მოვლის, შენახვის, კვების ექსპლოატაციის ნორმები. იგი განსაზღვრავს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საწინააღმდეგო ქმედებებს.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უგულვებელყოფისას მეცხოველეობის ფერმები აბინძურებენ  გარემოს პათოლოგიური მიკროორგანიზმებით, მავნე ნაერთებით და პარაზიტული დაავადებების აღმძვრელებით. ზოოჰიგიენა სხვა ბევრ სფეროსთან ერთად მჭიდრო კავშირშია პარაზიტოლოგიასთან.

ზოოჰიგიენის პრინციპეპის სწორად დაცვით ფერმერი მინიმუმამდე შეამცირებს დაინფიცირების შანსს, რადგან არსებობს პარაზიტები და დავადებები, რომლებიც შეიძლება ადამიანზე გადმოვიდეს ცხოველისგან. ამიტომ საჭიროა სადგომის და ცხოველის დროული ეფექტური დამუშავება პარაზიტებზე.

რეკომენდირებულია, ცხოველების მომვლელმა ადამიანებმა დროდადრო ჩაიტარონ კვლევები პარაზიტოლოგიის ცენტრში ისეთ დავადებებზე, რომელიც შეიძლება უნებლიეთ გადაედოს ცხოველისგან.

დაზღვეული რომ ვიყოთ რაიმე უარყოფითი მოვლენისგან, აუცილებელია ზოოჰიგიენურ ნორმებთან ერთად მომვლელმა დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები, – ფიზიკურად რომ არ დაზიანდეს ან გაუფრთხილებლობის გამო ჯანმრთელობა არ დაიზიანოს.

გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ცხოველს შევუქმნათ ყველა ოპტიმალური პირობა, რომ მივიღოთ მისი მაქსიმალური პროდუქტიულობა; ასევე მივიღოთ ჯანსაღი და სუფთა პროდუქტი, რაც ჩვენი – თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის, მაღალი იმუნიტეტის, დიდხანს და ბედნიერად ცხოვრების საწინდარია.

საშიკო ხიჯაკაძე

ფერმერი

ამავე თემაზე 

როგორ დავძლიოთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესის გავლენა ცხოველებზე

რატომაა აუცილებელი და რაში გვეხმარება ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია