„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს. ამჯერად ფერმერი საშიკო ხიჯაკაძე სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სწორად ზრდა-განვითარების მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველები პირდაპირ არიან ადამიანების ცხოვრებასთან დაკავშირებული. მათგან ვიღებთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სწორი ზრდა-განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები იმიტომ, რომ ორგანიზმში მიდიოდეს სწორი მეტაბოლიზმური პროცესები.

ცილები ორგანიზმის საშენი მასალაა და მნიშვნელოვანია მათი იმ რაოდენობით მიღება, რაც საჭიროა ორგანიზმის მდგრადობისთვის. ცილის დაბალანსება სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი – როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავენ ცილას.

შესაძლოა, ფიქრობთ – რა შუაშია ეს ინფორმაცია ცხოველთა კეთილდღეობასთან. ნამდვილად რომ კავშირშია და უფრო მეტიც – ცხოველური წარმოშობის პროდუქტები რომ ჯანსაღი და სასარგებლო იყოს, აუცილებელია დავიცვათ ცხოველების კეთილდღეობის პრინციპები, რაც გულისხმობს ცხოველისთვის საჭირო ოპტიმალური პირობების შექმნას, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველის დასტრესვა.

სტრესის მიღების შემთხვევაში ორგანიზმში გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ცხოველზე, ასევე მისგან მიღებულ პროდუქტებზე. რიგ შემთხვევაში უვარგისსაც კი ხდის პროდუქტს. მაღალი სტრესის მიღებისას, შესაძლოა, ცხოველისთვის ფატალური შედეგი დადგეს.

ამ და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ცხოველთა კეთილდღეობის ნორმების დაცვა.

აუცილებელია, რომ ცხოველი იმყოფებოდეს თავისუფალ გარემოში. არ უნდა იყოს მუდმივად დაბმული; უნდა ვაძლევდეთ სუფთა საკვებსა და სუფთა წყალს. მათი ნაკლებობა სტრესის გამომწვევია.

სადგომი უნდა იყოს მუდმივად სუფთა მდგომარეობაში. ცხოველებს მუდმივად უნდა ჰქონდეს სუფთა ჰაერი. სადგომში დაცული იყოს ყველა ზოოჰიგიენური ნორმა; არ იყოს იყოს ზედმეტი და მოულოდნელი ხმაური. მომვლელს უნდა ეცვას მუდმივად ერთი ფერის უნიფორმა.

მომვლელი ხშირად არ უნდა იცვლებოდეს და ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს ახალი მომვლელის მიჩვევა. ცხოველი უნდა მოიწველოს ერთი და იგივე დროს თანაბარი ინტერვალით. ეს მნიშვნელოვანია როგორც ცხოველისთვის, ასევე ფერმერისთვის მეტი ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, რადგან ამ დროს ხდება უფრო მეტი პროდუქციის მიღება.

მნიშვნელოვანია, ცხოველზე მანიპულაციის განხორციელება არ მოხდეს პირდაპირ და უეცრად; არამედ ცხოველი ნელ-ნელა უნდა შევაგუოთ მოსალოდნელ მანიპულაციას.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნორმის შესრულება ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხის გარანტიაა. ამით დავიცავთ ცხოველის უფლებებსაც, რაც გულისხმოს მისი გამრავლების, გადაადგილების, სუფთა საკვების, სუფთა წყლისა და ჰაერის მიღების შესაძლებლობას.

საბოლოო ჯამში მივიღებთ ჯანსაღ და უვნებელ პროდუქტს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივებას. ცხოველთა კეთილდღეობა და ექსპლუატაციის ნორმები განსაზღვრულია კანონით.

საშიკო ხიჯაკაძე

ფერმერი

ამავე თემაზე

როგორ დავძლიოთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესის გავლენა ცხოველებზე

რატომაა აუცილებელი და რაში გვეხმარება ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

ზოოჰიგიენის მნიშვნელობა და წვლილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვაში