„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია იწყებს ახალ რუბრიკას – „ფერმერი გვირჩევს“. ამ რუბრიკას გაუძღვება საშიკო ხიჯაკაძე, – შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ კურსდამთავრებული ფერმერი.

საშიკო ხიჯაკაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ცხოვრობს და 2009 წლიდან დღემდე საკუთარ ოჯახურ შერეულ მეურნეობაში საქმიანობს, მემცენარეობა-მეცხოველეობის მიმართულებით.

მან 2013 წელს დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი, 2019 წელს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, სატყეო საქმის ბაკალავრის ხარისხით. ამჟამად სწავლობს ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგიის მიმართულებით.

საშიკო ხიჯაკაძე 2022 წლის სექტემბერში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა შვეიცარიაში, სადაც პრაქტიკულად შეისწავლა სადედე და მეხორცული მიმართულების საკითხები მეღორეობისა და მესაქონლეობის ფერმებში. ეს ფერმები ფუნქციონირებენ ბიო მეურნეობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ის შვეიცარიაში ასევე მონაწილეობდა ცხოველთა საკვების დამზადება-კომბინირების პროცესში.

ამჟამად საშიკო შვეიცარიაში მესაქონლეობისა და მეღორეობის ფერმაში მიღებულ რჩევებს, ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში ნერგავს. მას სურს, რომ უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაინტერესებულ პირებს ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან გაუზიაროს.

უპირველეს ყოვლისა, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზანი ცხოველების დაავადებების კონტროლია, რომელიც ფერმერს ეხმარება დაავადებული ცხოველის იდენტიფიცირებაში, რაც საშუალებას აძლევს, დაიცვას სხვა ცხოველები დავადების გადადებისგან;

მოახდინოს ჯოგიდან დაავადებული ცხოველის იზოლირება;

შეძლოს დავადებული ცხოველის მკურნალობის სწორად აღწერა; დაიცვას მედიკამენტების მიღების დროს დაყოვნების პერიოდი, რაც უზრუნველყოფს ბაზრისთვის ჯანსაღი და სუფთა პროდუქტის მიწოდებას.

ეს, პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესებს ემსახურება, რათა მათ მიიღონ ჯანსაღი პროდუქტი. ეს, ბუნებრივია, გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს ცხოველის მეპატრონისგან.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ფერმერს ასევე ეხმარება, რომ სწორად განსაზღვროს გენიოლოგიური ხაზი, მოახდინოს ცხოველის წარმომავლობის აღრიცხვა, რაც შემდგომში დაეხმარება სწორად შეარჩიოს შესაწყვილებელი ჯიში; ასევე გამორიცხოს ახლო ნათესაური შეჯვარება, რაც იწვევს ცხოველის პროდუქტიულობის შემცირებას.

ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ასევე იძლევა ინფორმაციას ცხოველის წარმომავლობისა და ადგილმდებარეობის შესახებ, შესაძლებელს ხდის მის მიკვლევადობას, რაც შემდგომში ფერმერს დაეხმარება მომავალი თაობების სანაშენედ არჩევაში, რადგან შესაძლებელი იქნება მშობლების თაობისა და ბებია-ბაბუის თაობის პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ასევე დაეხმარება ჯიშის გაუმჯობესებაში, რადგან შეეძლება განსაზღვროს, რომელი ცხოველი უფრო მაღალპროდუქტიული ხაზის წარმომადგენელია და ეს შეაჯვაროს შედარებით ნაკლებ პროდუქტიულზე, რაც მისცემს საშუალებას, გააუმჯობესოს პროდუქტიულობა.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულია მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტებია ნიშანდება, მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაცია, სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია და სადგომის/დროებითი სადგომის წიგნაკის წარმოება.

საშიკო ხიჯაკაძე

ფერმერი