„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს. ამჯერად ფერმერი საშიკო ხიჯაკაძე გვირჩევს, როგორ დავძლიოთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესის გავლენა ცხოველებზე.

კლიმატის მკვეთრი გაუარესებით გამოწვეული ცვლილებები დიდი ზიანის მომტანია სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის. უხვი ნალექები იწვევს ნიადაგის გარეცხვას, დეგრადირებას, ეროზიას, რაც მიწას ნაკლებმოსავლიანს და ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის.

მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში არაერთი უარყოფითი შედეგი დგება – მცირდება ნიადაგის ტენიანობა და მცენარეები ზრდაში ჩამორჩებიან, მატულობს დაავადებების გავრცელების რისკი, იზრდება სარეველების რაოდენობა, რაც არახელსაყრელია სოფლის მეურნეობის ყველა დარგისთვის, განსაკუთრებით კი, მეცხოველე ფერმერებისთვის. მოგეხსენებათ, ცხოველისთვის ჯანსაღი და ყუათიანი საკვების სწორი პროპორციით მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.

კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით აზარალებს მეცხოველე ფერმერებს, რადგან მათ, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული მიზეზების გამო, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ახალ ინფორმაციებზე ხელი არ მიუწვდებათ.

ბევრისთვის, მაგალითად, უცხოა ისეთი საქმიანობა, როგორიცაა ნიადაგის მოხვნის გარეშე თესვა ან მინიმალური დამუშავება, თესლბრუნვა, ნიადაგის მულჩირება, საჭირო მინერალებისა და ნივთიერებების შეტანა და ამის ხარჯზე ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდა.

მეცხოველე ფერმერებში არ არის გავრცელებული ინფორმაცია შეთესილი ნაკვეთებისა და საძოვრების სწორად მართვის შესახებ. ამ საკითხების ცოდნა ხელს უწყობს, ერთის მხრივ, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებას და მეორეს მხრივ, ფერმერის შრომას ამცირებს, აძლევს მას მეტ ფინანსურ სარგებელს.

ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია ცხოველთა დაავადებების სწორად მართვის, მათი სწორი კვების შესახებ. ანტიბიოტიკების ნაკლებად გამოყენება ან მათზე საერთოდ უარის თქმა ჯანსაღი პროდუქტების მიღების წინაპირობაა.

მეცხოველე ფერმერებში დიდ პრობლემებს იწვევს ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული სტრესები – როგორც სიცხე, ასევე სიცივე. ნებისმიერი ცხოველის მოშენების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მარტო მის გენოტიპზე, არამედ იმაზე, თუ რამდენადაა შეგეუებული ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურება გარემო პირობებს. აქედან გამომდინარე, ცხოველის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა პირდაპირაა დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე.

გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ცხოველის ორგანიზმიდან სითბოს სათანადო გაცემა ვერ ხდება, რაც იწვევს ცხოველის გადახურებას. ამ დროს ცხოველებში ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასუნთქი გზებისა და გულსისხლძარღვთა პრობლემები,

მცირდება საკვების მიმართ მოთხოვნა, რაც პირდაპირ აისახება პროდუქტიულობაზე. შესაძლოა, ცხოველმა მიიღოს მზის დაკვრა, რის შემდეგაც ფატალური შედეგი დგება.

სითბური სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს ცხოველის რეპროდუქციულ ფუნქციაზე – ფურებში იწვევს ახურების პრობლემას, ჰორმონალურ დარღვევებს, მაკეობის დაბალ მაჩვენებელს; კურო მწარმოებლებში იწვევს სპერმის ხარისხის გაუარესებას, რაც საბოლოოდ ქმნის განაყოფიერების პრობლემას და ფერმერს დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს.

ცხოველს თუ დიდი ხნით უწევს მისთვის არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში ყოფნა, მისი პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა.

სითბური სტრესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, საძოვრებზე მოეწყოს საჩრდილებლები ხეების ან ფარდულების სახით. ასევე აუცილებელია, ცხოველებს ჰქონდეთ სუფთა სასმელი წყალი შეუზღუდავად, ან საძოვარზე გავუშვათ ღამით.

გასათვალისწინებელია ზამთრის პირობებში სიცივისგან გამოწვეული სტრესი, რომელიც აქვეითებს ცხოველთა იმუნიტეტს, პროდუქტიულობას და ნივთერებათა ცვლას.

ამ გამოწვევისგან თავის დასაცავად ფერმერმა უნდა მიიღოს შემდეგი ზომები: ცხოველები უნდა დაიცვას სისველისგან და ორპირი ქარისგან. ფერმაში უნდა ტრიალებდეს სუფთა ჰაერი, ცხოველს უნდა ჰქონდეს მშრალი ქვეშაგებელი ნამჯის ნახერხის ან დაფქული ჩალის სახით. ცხოველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა წყლით, მაღალყუათიანი და მაღალი ენერგეტიკული ღირებულების დაბალანსებული საკვებით.

საქონლისთვის სადგომში ოპტიმალური ტემპერატურა 5-დან  18 გრადუსამდეა. ასე რომ, არც ძალიან სიცხეა მათთვის მისაღები და არც ზედმეტი სიცივე, ყველა პირობის დაცვის შემთხვევაში, ცხოველი დაცული იქნება გაუთვალისწინებელი დაავადებებისგან. მას დასჭირდება მხოლოდ გეგმიური აცრები და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯამრთელობის მდგომარეობის კონტროლი. ეს კი, საბოლოო ჯამში, ფერმერს მეტ ფინანსურ სარგებელს მისცემს.

საშიკო ხიჯაკაძე

ფერმერი
ამავე თემაზე

რატომაა აუცილებელი და რაში გვეხმარება ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია