ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „სმარტკლუბი“, სკოლისა და თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ამ საქმიანობაში მათი მხარდამჭერები ქუთაისის მოზარდთა სახლი და ამერიკელი ქველმოქმედები არიან. ამერიკელებს ბორის სკოლასთან 26-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
ამჯერად, „სმარტკლუბის“ წევრები, სკოლის მოსწავლეებსა და თემში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სამოქალაქო განათლების პედაგოგ მაია ბარბაქაძესთან ერთად პროექტს „მეწარმეობა და მისი სარგებელი“ ახორციელებენ.
„პროექტის მიზანია, ახალგაზრდებმა გაიაზრონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე მეწარმეების როლი და მნიშვნელობა, – ამბობს მაია ბარბაქაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე მეწარმეს ვესტუმრეთ. პროექტის დასრულების შემდეგ უნდა გამოვცეთ წიგნი, სადაც გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას იმ მეწარმეების შესახებ, რომლებსაც პროექტის ფარგლებში შევხვდით.
ამ გზით გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რომ რეგიონებში მეწარმეობა არა მარტო ინდივიდუალური კეთილდღეობის მომტანია, არამედ ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“.
„სმარტკლუბის“ წევრები ბორში მცხოვრები მეფუტკრე ზურაბ მაჭავარიანის, მაქათუბანში მცხოვრები მეთუნე ზალიკო ბოჟაძისა და მოლითში მცხოვრები დიზაინერის, მარიამ თოდაძის საქმიანობას გაეცვნენ.
როგორ და რატომ გადაწყვიტეს მეწარმეობა, რა იყო მათი მოტივაცია, მიზანი და მიაღწიეს თუ ვერა სასურველ შედეგს, რა ხელშემშლელი ბარიერები ხვდებათ პროდუქციის რეალიზაციისას, როგორ ხედავენ მეწარმეობის მომავალს, – მოსწავლეთა ამ შეკითხვებს ხარაგაულელი მეწარმეები პასუხობენ.
„წინსვლის, განახლებისა და გამოცდილების შეძენის სურვილი მუდმივად უნდა გვქონდეს“
ბორში მცხოვრები ზურაბ მაჭავარიანი ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში სწავლისას მეფუტკრეობით პროფესორმა დავით ანდღულაძემ დააინტერესა. ის ოქროყანაში მეფუტკრეობის საცდელი სადგურის დირექტორად მუშაობდა და სტუდენტები პრაქტიკაზე საფუტკრეში ხშირად მიჰყავდა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ზურაბ მაჭავარიანი ხარაგაულში აგროსამრეწველო გაერთიანებაში ზოოტექნიკოსად გაანაწილეს. იქ გამოცდილი და კვალიფიციური მეფუტკრე გიორგი (კუკური) ნადირაძე მუშაობდა. ახალგაზრდა მეფუტკრეს ხშირად პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა. პირველი ძირი ფუტკარი ზურაბ მაჭავარიანმა კუკური ნადირაძესგან შეიძინა.
მალე საჯარო სამსახურს თავი დაანება და თავისი საფუტკრე მეურნეობის განვითარება-გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო. 40 წელია, ძირითადად, თაფლს აწარმოებს. 15 წლის წინ ფუტკრიდან რძის აღება დაიწყო. ამის გარდა, ფუტკრისგან შხამს, ჭეოს, ყვავილის მტვერს, დინდგელსა და სანთელს იღებს.
„მეფუტკრეობას ძალიან ბევრი, მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება, – ამბობს ზურაბ მაჭავარიანი, – შესაძლოა, სოფლის მეურნეობის რომელიმე სხვა დარგი უფრო შემოსავლიანი იყოს, ვიდრე მეფუტკრეობა, რადგან აქ მთლიანად დამოკიდებული ვართ ამინდზე. თაფლოვანი მცენარეების ყვავილობას თუ ცუდი ამინდები დაემთხვა, ჩათვალეთ, რომ იმ წელს თაფლის მოსავალი მცირე იქნება.
მეფუტკრეობა რომ დაიწყოს ადამიანმა, ეს საქმე უნდა აინტერესებდეს. ფუტკარი თუ არ გიყვარს, არაფერი გამოგივა. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ შხამზე ალერგია არ გქონდეთ. ფუტკრის შხამმა, შესაძლოა, კომა გამოიწვიოს“.
ზურაბ მაჭავარიანი ამბობს, რომ ძირითადი დაბრკოლება მეფუტკრეობაში დაავადება ვარვატოზთან ბრძოლაა, რადგან ამ დაავადების გამომწვევმა ტკიპამ მუტაცია განიცადა. შესაძლოა, დამწყები მეფუტკრე ამ დაავადებაში კარგად ვერ ერკვევა და მისი ფუტკარი ვარვატოზის გამავრცელებელი გახდეს. მოგეხსენებათ ფუტკარს ნექტარი 3-4 კილომეტრიდან მოაქვს.
ბატონი ზურაბი წუხს, რომ მწერების საწინააღმდეგო ჰერბიციდების არასწორი გამოყენების გამო ფუტკრის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მეფუტკრეობაში ერთ-ერთი გამოწვევა სპეციალური ვეტერინალური სამსახურის არქონაა.
ზურაბ მაჭავარიანის აზრით, აუცილებელია, პარლამენტმა მიიღოს „კანონი მეფუტკრეობის შესახებ“. 2002 წელს ამოქმედებული ეს კანონი 2010 წელს გაუქმდა. ახალი კანონი პრაქტიკოს მეფუტკრეებთან თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საფუტკრეების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.
ბატონი ზურაბი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი დახმარება, რაც მეფუტკრეეებმა ხელისუფლებისგან მიიღეს, 2016 წელს თაფლის ლაბორატორიული შემოწმების დაფინანსება იყო. ეს კვლევები რიგაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე საქართველოში წარმოებულ თაფლში ანტიბიოტიკები მცირდება.
„სოფლისთვის, ქვეყნისთვის მეფუტკრეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, – ამბობს ზურაბ მაჭავარიანი, – თაფლი არის უნიკალური ცოცხალი პროდუქტი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ფუტკარს მცენარეთა ჯვარედინ დამტვერვაში შეუცვლელი როლი აქვს. საფუტკრის ჰაერი ფილტვების სამკურნალოდ ძალიან კარგია.
დამწყებ მეფუტკრეებს ვურჩევ, რომ ყველამ ვიზრუნოთ ფუტკრის საკვები ბაზის გაზრდაზე, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ჯიშის თაფლოვანი მცენარე უნდა დავრგოთ.
ყველგან შრომა და გამოცდილებაა საჭირო. ის ცოდნა, რომელიც ათი წლის უკან გვქონდა, დღეს სრულიად არასაკმარისია. სოციალური ქსელით მეფუტკრეები ერთმანეთს და მეფუტკრეთა ასოციაციას ვუკავშირდებით. მუდმივად წინსვლის, განახლებისა და გამოცდილების შეძენის სურვილი და უნარი უნდა გვქონდეს“.
„შრომით და სიყვარულით ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევ“
წინაპრების საქმიანობას აგრძელებს მაქათუბანში მცხოვრები ზალიკო ბოჟაძე. ის ამბობს, რომ თიხის სიყვარული მემკვიდრეობით ერგო და რვა წლის ასაკიდან მეთუნეობას ეზიარა. პირველად კეცები დაამზადა და ფეხშიშველმა მამასთან ერთად კორბოულის ბაზრობაზე წაიღო.
გამომუშავებული ფულით რეზინის ფეხსაცმელი იყიდა. მას შემდეგ 62 წელი გავიდა და ზალიკო ბოჟაძის ოჯახის ძირითადი შემოსავალი თიხის პროდუქციის რეალიზაციაა. ეამაყება მეთუნეობა და ამ საქმის გარეშე მისთვის ცხოვრება წარმოუდგენელია.
„მეთუნემ თიხა თავად უნდა მოიპოვოს, – ამბობს ზალიკო ბოჟაძე, – ჩემს შვილებთან ერთად მთაში მივდივარ და თიხას საკუთარი ხელით ვჭრით. მთაში მოპოვებული თიხა სუფთაა. იქედან სამხიდიანი მანქანით ჩამოგვაქვს. ყველა პროცესში ჩართული ვარ. დიდი ძალისხმევა და რაც მთავარია, სიყვარული სჭირდება თიხაზე მუშაობას. არანაირ დანადგარს არ ვიყენებ, მხოლოდ ხელით ვმუშაობ.
ვამზადებთ კეცს, თონეს, დოქს, დერგს, უფრო ხშირად კი ქვევრს. ჩვენს საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდს. კარგი ამინდის შემთხვევაში, ქვევრი და თონე ორ კვირაში გამოშრება. თიხის სურვილს უნდა მივყვეთ და მას ვემეგობროთ. ჩვენი წინაპრები საჭმლის მოსამზადებლად და მის შესანახად ოდითგანვე თიხის ჭურჭელს იყენებდნენ. თიხა უვნებელია ჯანმრთელობისთვის“.
30 წელზე მეტია, ზალიკო ბოჟაძეს თიხის პროდუქციის შეძენის მსურველები ადგილზე, მაქათუბანში, აკითხავენ. მის შესახებ იცის ყველამ, ვისაც თიხის ნაწარმი სჭირდება. მომხმარებელი ვერც პანდემიამ და ვერც ავტობანის გახსნის შემდეგ „ძველ გზაზე“ დარჩენამ შეუმცირა.
მაქათუბნელი მეთუნის დიდი სურვილია, რომ ეს ხელობა ახალგაზრდებს შეასწავლოს. ზალიკო ბოჟაძეს განსაკუთრებით ეამაყება, რომ მისგან დამზადებული ქვევრი ჟენევაში, გაეროს შტაბბინის ეზოშია განთავსებული, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში. ის ამბობს, რომ მთელ მსოფლიოს ქვევრით გააცნო საქართველო და ხარაგაული. ზალიკო ბოჟაძე ხარაგაულის საპატიო მოქალაქეა.
„ჩემი დღე და მოსწრება კეთილ საქმეს ვემსახურები, – ამბობს ზალიკო ბოჟაძე, – სოფელი არ მიმიტოვებია. სულ იმას ვფიქრობ და ვცდილობ, კარგი კვალი დავტოვო. შრომით ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწევ. შენი საქმე უნდა გიყვარდეს, არ უნდა შეგეშინდეს, თუ რამეს ვერ დაძლევ. ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაგიმართლებს“.
„დასახული მიზნისკენ ჯიუტად იარეთ“
წელიწადნახევრის წინ მარიამ თოდაძემ მოლითში სახელოსნო გახსნა. ამ სახელოსნოში ის ხის მასალისგან სხვადასხვა ნივთებსა და მრავალფეროვან აქსესუარებს ამზადებს, კერავს ჩანთებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. სახელოსნოს ამოქმედება მარიამმა პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ მოპოვებული დაფინანსებით შეძლო.
პროფესიული განათლება მან თათა ვარდანაშვილის კოლეჯში, ასევე კოლეჯებში „მერმისსა“ და „მოდუსში“ მიიღო.
„ყოველთვის მინდოდა, საკუთარი ბიზნესი მქონოდა, – ამბობს მარიამი, – ჩანთების კერვა რვა წლის წინ დავიწყე. ლაზერული აპარატის საშუალებით უკვე ისეთ ჩანთას ვამზადებ, რომელიც ანათებს და მობილურ ტელეფონს მუხტავს. ამავე დანადგარზე ვამზადებ ხის ნივთებს.
წარმოების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვაა. დანადგარზე ყინვაც უარყოფითად მოქმედებს.
სიმართლე გითხრათ, ადგილობრივი მოსახლეობისგან უფრო მეტ დაინტერესებას ველოდი. ასეთი აპარატი ხარაგაულში, ზესტაფონსა და ხაშურში მხოლოდ მე მაქვს. თუმცა, ჩემი პროდუქციის უმეტეს ნაწილს სხვა ქალაქებში ვყიდი, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით. გამზადებული პროდუქცია კლიენტებთან ჩემს მეუღლეს მიაქვს. ის თბილისში მუშაობს. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მიკავშირდებიან.
პატარ-პატარა შეკვეთები მოლითის საბავშვო ბაღიდან და სკოლიდანაც მქონდა. ჩემი პროდუქცია საახალწლოდ ხარაგაულშიც ჩავიტანე. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ნებოძირში ვცხოვრობთ და სახელოსნოსთვის სახლი მოლითში დავიქირავე. თანდათან ცნობადი ვხდები. თუმცა, მომავალში, მეუღლის სამსახურიდან გამომდინარე, მაინც ქალაქში უნდა დავსახლდეთ. ჩემი სახელოსნო რუსთავში უნდა გადავიტანო.
არასდროს გაჩერდეთ და რაც შეიძლება მეტი ისწავლეთ. სწავლის პროცესში ბევრი იდეა გაგიჩნდებათ. მთავარია, თქვენი იდეები შემდეგ მიზნებად აქციოთ. დასახული მიზნისკენ კი ჯიუტად იარეთ და მას აუცილებლად მიაღწევთ“.
„მადლობა ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის“
ბორის სკოლის „სმარტკლუბის“ მოსწავლეები გვანცა ავალიშვილი, მარიამ ბერაძე და საბა ბერაძე ამბობენ, რომ მათთვის ხარაგაულელი მეწარმეების საქმიანობის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათი თქმით, საინტერესო აღმოჩნდა უშუალოდ პროდუქციის შექმნის პროცესზე დაკვირვებაც. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან.
ბორის სკოლის დირექტორი მაია გაგოშიძე ამბობს: „ნანახმა მოლოდინებს გადააჭარბა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსწავლეები ხელობის შესწავლით დაინტერესდნენ, სწავლისა და შრომისადმი მოტივაცია გაუძლიერდათ. ეს ყველაფერი ქუთაისის მოზარდთა სახლისა და ამერიკელი ქველმოქმედების საშუალებით შევძელით. დიდი მადლობა მათ, მრავალწლიანი მუდმივი მხარდაჭერისთვის“.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
იმერეთში „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ მონაწილეებმა აკადემიური წლის შედეგები შეაჯამეს
ბორის სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კონკურსის გამარჯვებულია
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა მშვიდობის კორპუსის კონკურსში გაიმარჯვა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი