ოქტომბერში ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი მშვიდობის კორპუსის მოხალისეს ელოდება. ეს უფლება მოსწავლეთა სახლმა მშვიდობის კორპუსის მიზნობრივი განვითარების პროგრამაში გამარჯვებით მოიპოვა,
ამერიკელი მოხალისე ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ორგანიზაციულ განვითარებაში დაეხმარება, პარტნიორ მასწავლებელთან ერთად თემის სკოლების მოსწავლეებთან ითანამშრომლებს, არაფორმალური განათლების კუთხით სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს, ორგანიზაციას სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში ჩართავს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მშვიდობის კორპუსის მოხალისის აქ საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. განათლების სამინისტროს პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ხარაგაულის #2, ბორისა და ხევის საჯარო სკოლებში ამერიკელში მოხალისეები მუშაობდნენ. მათ შორის, ბორის სკოლამ სამი მოხალისე მიიღო.
ხარაგაულში ასევე 2015-2017 წლებში მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე ნათან (ნეით) თრარიგი შიდა ტურიზმის ცენტრში მუშაობდა.
„ბორის საჯარო სკოლის დირექტორად ვმუშაობდი, როდესაც პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ დაიწყო, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – ეს პროგრამა სკოლებში ამერიკელი მოხალისეების საქმიანობის ჩართვას გულისხმობდა.
ბორის სკოლაში სამხრეთ აფრიკელი ჟიზელ ჰორნერი ჩამოვიდა. ის ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა და ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებს უცხო ენის შესწავლაში ეხმარებოდა.
ჟიზელმა საქართველოში ყოფნისას ოჯახი შექმნა ასევე ამერიკელ მოხალისე დეივიდ ნაითინგთან ერთად. ჩვენმა ოჯახმა მათ ქორწილი გადაუხადა“.
ახლა ჟიზელი და დეივიდი ამერიკაში შვილთან ერთად ცხოვრობენ და ჰამლეტ ბერაძის ოჯახთან ურთიერთობას აგრძელებენ. შარშან ამერიკაში ქალიშვილთან და სიძესთან ერთად მყოფ ჰამლეტს ნიუ-იორკში ჩააკითხეს. ჟიზელი თურმე ყოველთვის ამბობს, რომ ყველაზე ბედნიერი საქართველოში, ბორში ყოფნისას იყო.
2014 წელს ბორის სკოლა მშვიდობის კორპუსის კონკურსში ჩაერთო და გაიმარჯვა.
„მშვიდობის კორპუსს მოხალისეების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – აუცილებელია უმაღლესი განათლება და ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. ჩვენის მხრივ, მნიშვნელოვანია დავასაბუთოთ, თუ რატომ ვიწვევთ მოხალისეს“.
2014-2016 წლებში ბორის სკოლაში ამერიკელი მოხალისე ელისაბედ ბირჩლერი იმყოფებოდა. ის მასწავლებლებთან, ნანა ბერიძესა და ჟანა ნიშნიანიძესთან ერთად გეგმავდა გაკვეთილებს, სხვადასხვა სასკოლო და სკოლის გარეშე აქტივობებს.
იმ ორი წლის განმავლობაში მოსწავლეებმა ინგლისური ენა საკმაოდ კარგად შეისწავლეს. სკოლის ორი მოსწავლე ფერიდე ბერაძე და სალომე მაჭავარიანი „ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ. ეს გარკვეულწილად ამერიკელი მოხალისის დამსახურებაც იყო.
ბორის სკოლამ კვლავ გააგრძელა მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობა და 2017-2019 წლებში მოხალისე დორა დუჩაკი მიიღო. სკოლის კოლექტივთან ურთიერთობას დორაც ისევ აგრძელებს. მას განსაკუთრებით ქართული სამზარეულო მოეწონა და ამერიკაში ქართულ რესტორნებს ხშირად სტუმრობს.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს რაც შეეხება, მშვიდობის კორპუსის მიზნობრივი განვითარების პროგრამაში ჩავერთეთ, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – საქმიანობები მოსწავლეთა სახლის ინგლისური ენის წრის პედაგოგ ეკა ხარატიშვილთან ერთად გავწერეთ. ჩვენი განაცხადის გამარჯვებაში დიდი წვლილი სწორედ ეკა მასწავლებელს მიუძღვის.
მშვიდობის კორპუსმა მოხალისეების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. ხარაგაულში ჩამოსვლამდე შერჩეული მოხალისე სპეციალურ ტრენინგებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს გაივლის.
ვფიქრობ, ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის, მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ურთიერთობა საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდება.
ინგლისური ენის შესწავლა, შესაძლოა, დღეს ტექნოლოგიების გამოყენებით არ გაგვიჭირდეს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პრაქტიკულად ხვეწ შენს ცოდნასა და უნარებს, ინგლისურად მოსაუბრე პირთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებ და ამით გამოცდილებას იძენ.
მშვიდობის კორპუსის პროექტში მონაწილეობა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეებისა და ჩვენი ქვეყნების სამომავლო ურთიერთობებისთვის.
მოხალისეები შემდეგ საქართველოს ელჩები არიან. კარგად ეცნობიან ქართულ მრავალფეროვან ტრადიციებს, კულტურას და ჩვენს ქვეყანას სხვებსაც აყვარებენ“.
მშვიდობის კორპუსის მისიაა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობა სამი მიზნის განხორციელებით: დაინტერესებული ქვეყნების მოსახლეობის დახმარება გამოცდილების მქონე მოხალისეების მიერ; ამერიკელთა ყოფა-ცხოვრების უკეთ გაცნობა სხვა ქვეყნების მოსახლეობის მიერ; ამერიკელების მიერ სხვა ქვეყნების მოსახლეობის თავისებურებების შესახებ ცოდნის დაგროვება.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეები საქართველოში 2001 წლიდან მუშაობენ და ამ დრომდე ჩვენმა ქვეყანამ 945 მოხალისე მიიღო.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი