ხევის საბავშვო ბაღში, უკვე მეორე წელია, აღსაზრდელთა და მათი მშობლების უფლებები ირღვევა, რადგან შენობის უქონლობის გამო, ბავშვებს საბავშვო ბაღში ვეღარ იღებენ.
ხევის თემის სოფლებში (ხევი, წაქვა, ციცქიური, გრიგალათი) სკოლამდელი (2-დან 6 წლამდე) ასაკის 36 ბავშვია.
ხევის საჯარო სკოლის შენობაში საბავშვო ბაღისთვის დროებით გამოყოფილი ერთი ოთახი, ფართის სიმცირის გამო, მხოლოდ 16 აღსაზრდელს იტევს. ამ ოთახში ამჟამად 12 აღსაზრდელისთვის მეცადინეობა სასკოლო მზაობის პროგრამით მიმდინარეობს. შვიდი მათგანი 2024 წლის სექტემბრიდან სკოლის მოსწავლე გახდება.
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის შენობა 2021 წლის გაზაფხულზე დაანგრიეს.
2021-2022 სასწავლო წელს საბავშვო ბაღი კერძო სახლში ფუნქციონირებდა. იქ სწავლა 2022 წლის ივნისში, სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე შეწყდა, ვინაიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმებით გაირკვა, რომ ამ კერძო სახლის სამზარეულო და სველი წერტილები საბავშვო ბაღებისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
ახალი შენობის ასაგებად ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელი კომპანიისგან გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა და საბოლოოდ, 2023 წლის სექტემბერში შედგა.
გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების თანახმად, ხევის საბავშვო ბაღისთვის შენობა 11 თვეში, ანუ 2024 წლის სექტემბრამდე უნდა ააშენოს. ხარაგაულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ თუ ეფექტურად არ იმოქმედა, 2024 წლის სექტემბრამდე 24 აღსაზრდელი სკოლამდელი განათლების მიღმა რჩება.
ხევის საბავშვო ბაღის გამგე ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ სასკოლო მზაობის ჯგუფში სწავლას დილის ათის ნახევარზე იწყებენ და 14:00 სთ-ზე ამთავრებენ. აღსაზრდელები 10:00 საათზე ორცხობილათი, ხოლო 12:00 საათზე ვაშლით წაიხემსებენ.
„სწავლა რომ დაიწყო, პირველ დღეებში 16 აღსაზრდელი მოვიდა, თუმცა, ოთხი ბავშვი ტიროდა და მშობლებმაც აღარ მოინდომეს, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი, – მითხრეს, რომ მომავალ წლამდე დაიცდიან, როცა ჩვენი საბავშვო ბაღი სრული დატვირთვით ამოქმედდება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ ხევის საბავშვო ბაღი თვითშეფასების ეტაპს გადის, ავტორიზაციის მისაღებად.
„თვითშეფასების კითხვარში რეალურ ვითარებას სრულად აღვწერ და ამიტომ, ვფიქრობთ, რომ არასრულყოფილი მომსახურება ამ ეტაპის დაძლევაში ხელს არ შეგვიშლის, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – ხელთ გვაქვს დოკუმენტი და პროექტი, რომ 2024 წლის სექტემბერში ხევის საბავშვო ბაღში სწავლა ახალ შენობაში დაიწყება.
ვიმედოვნებთ, რომ ახალ ბაღში ორი ჯგუფი იფუნქციონირებს. 2021 წლის სექტემბერში, როცა ხევის საბავშვო ბაღი ნაქირავებ ბინაში გადავიდა, 42 აღსაზრდელი ჰყავდათ. რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ამჯერად ბაღის გამგემ სკოლამდელი ასაკის (2-დან 6 წლამდე) 36 ბავშვის სია გადმოგვცა.
სამწუხაროდ, ვერ მოვიძიეთ ალტერნატიული ფართი, სადაც საბავშვო ბაღი სრულყოფილად იფუნქციონირებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშობლებს შესთავაზეს, რომ აღსაზრდელების ხუნევის საბავშვო ბაღში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ. მშობლებმა ამაზე უარი გვითხრეს“.
რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ ხევში საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელმა სრულყოფილი მომსახურება მიიღოს, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძეს და ხევი-ნადაბურის მაჟორიტარ დეპუტატს დოდო ხაჩიძეს მივმართეთ.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ბინის დაქირავება არასტანდარტული სამზარეულოს მიზეზით, ხოლო ხუნევის საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა ტრანსპორტირებაზე მშობელთა უარის გამო არ ხერხდება. მისივე თქმით, საბავშვო ბაღი ნაქირავებ ბინაში რომც გადავიდეს, სამზარეულოს მოწესრიგებაზე თვითმმართველობა ფულს ვერ დახარჯავს, რადგან ის კერძო საკუთრებაა“.
„ძალიან განვიცდი ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა და მათი მშობლების პრობლემას, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – სკოლამდელი აღზრდა ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ხევში ვერ მოიძებნა თავისუფალი ფართი, სადაც ყველა აღსაზრდელს მიიღებდნენ და საჭმელს სტანდარტების დაცვით მოამზადებდნენ. საკრებულოში ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და გამოსავალი მოვძებნოთ.
მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს რომ წამოწევთ ხოლმე“.
„კარგია, რომ მომავალ პირველკლასელებს სკოლამდელი განათლების მღების შესაძლებლობა აქვთ, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – თუმცა, აბსოლუტურად ვაცნობიერებ პრობლემას, რომ აღსაზრდელთა უმრავლესობა საბავშვო ბაღში ვერ მიიღეს. ამის გამო დედები, შესაძლოა, სამსახურზეც ამბობენ უარს.
ამ ეტაპზე რაიმე რეალური ვერსია, თუ როგორ მოგვარდეს ეს საკითხი, არ მაქვს. თუმცა, იმედით ვართ, რომ ყველაფერი აღმოიფხვრება და 2024 წლის სექტემბრისთვის ხევში საბავშვო ბაღის თანამედროვე შენობა გვექნება“.
ხევი-ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე ამბობს, რომ ხევში ფიზიკურად არ არსებობს ფართი, სადაც 36 აღსაზრდელის მოთავსება შეიძლება.
„ხევის სკოლას თავად სჭირდება ის საკლასო ოთახი, სადაც ამჟამად სასკოლო მზაობის ჯგუფია განთავსებული, – ამბობს დოდო ხაჩიძე, – ამ 12 ბავშვსაც კი ვერსად წავიყვანდით, განათლების სამინისტროს ფართის დათმობაზე უარი რომ ეთქვა. ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ. იმ სახლს, სადაც 2021-2022 სასწავლო წელს საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, მეპატრონე აღარ აქირავებს.
ავტობანის მშენებლობის გამო, ხევში გასაქირავებელი სახლი აღარ დარჩა. ამიტომ, ჩვენი აზრით, სკოლის ეს ერთი ოთახი ამ სასწავლო წლის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. 2024 წლის სექტემბრისთვის კი ხევში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გვექნება“.
ხევის თემის სოფლებში მცხოვრებმა მშობლებმა, რომელთა შვილებიც სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩნენ, საჯარო კომენტარისგან თავი შეიკავეს და „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში აღნიშნეს, რომ საბავშვო ბაღისთვის შენობის აგებას მოთმინებით ელოდებიან.
ხევიდან ხუნევამდე ბავშვების ტრანსპორტირებაზე უარი კი იმ მოტივით თქვეს, რომ 3-4 წლის პატარებს ყოველ დილა-საღამოს ხევიდან ხუნევამდე ტრანსპორტირება, მშობლების გარეშე უჭირთ, ხოლო მშობლებს სისტემატურად დღეში ორჯერ ხუნევამდე მგზავრობის დრო არ აქვთ.
ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს საბავშვო ბაღში სურთ სრულყოფილი მომსახურება – დილის 9 საათიდან 18:00 სთ-მდე, ოთხჯერადი კვებითა და სრულყოფილი სასწავლო პროგრამით, – როგორც ეს ამ პრობლემის შექმნამდე იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლამდელი განათლება და რას კარგავს თითოეული ბავშვი მის გარეშე, – ამ შეკითხვით საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტს ოლღა მუსხელიშვილს მივმართეთ.
„სკოლამდელი განათლება, ეტაპობრივად, სკოლამდელ ასაკში აუცილებელია, რადგან სკოლაში ამას ვეღარ აინაზღაურებენ, – ამბობს ოლღა მუსხელიშვილი, – სოციალური უნარები, მათემატიკური აზროვნება, მეტყველება, – ყველაფერი ეს ბავშვს სკოლაში წასვლამდე უნდა განუვითარდეს. მერე უკვე გვიანი იქნება. ტვინი ასე მუშაობს, – იხსნება ფანჯარა რაღაც მომენტში კონკრეტული ცოდნის მისაღებად და სწორედ იმ მომენტში უნდა განავითარო ეს უნარები.
ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის კვების პრობლემის მოგვარება კერძო სახლშიც შეიძლება. აღსაზრდელებს სტანდარტების დაცვით მომზადებული და კონტეინერებში მოთავსებული საჭმელი უნდა მიუტანონ. მომზადდეს ჯანსაღი საკვები – ხილი, ბოსტნეული, ხაჭაპური. ამ შემთხვევაში სურსათის უვნებლობა ვერაფერს დაიწუნებს.
ეს ვარიანტი უნდა განიხილოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად – უნდა მოძებნოს ინდმეწარმე, რომელიც ჯანსაღ საჭმელს სტანდარტების დაცვით მოამზადებს და ბავშვებამდე მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება კანონს არღვევს, როცა ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობას ართმევს“.
P.S. ხევის საბავშვო ბაღი რომ ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში გამოვაქვეყნეთ.
2020 წელს ხარაგაულის თვითმმართველობამ ხევში კერძო პირისგან საბავშვო ბაღისა და ამბულატორიისთვის მიწა შეისყიდა. 2021 წლის იანვარში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ საბავშვო ბაღის არსებული შენობა ახლის აშენებამდე არ დაინგრეოდა. იმავე წლის მარტში კი მშენებელმა ხევის საბავშვო ბაღის შენობის დაცლა მოითხოვა.
მაშინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობდა, რომ სავარაუდოდ ივნისში, ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებოდა და 2021 წლის სექტემბრისთვის კიდეც დასრულდებოდა.
2023 წლის ივლისში ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგებას 2024 წლის დასაწყისისთვის გვპირდებოდნენ.
რამდენად დაძლევს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება მის წინაშე არსებულ გამოწვევას, – რომ 36 ხეველ ბავშვს მიაწოდოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისი სრულყოფილად, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, და ამით აღასრულოს თვითმმართველობის ერთ-ერთი უპირველესი ექსკლუზიური უფლებამოსილება, – ამას უახლოესი თვეები გვიჩვენებს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.