„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი, ხარაგაულის რაიონული გაზეთის ჟურნალისტი.

ირინა თიკანაშვილი 1959 წელს დაიბადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში. 1976 წელს დაამთავრა ზვარის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1980-90-იან წლებში ხარაგაულის ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში მუშაობდა, სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა.

ირინა იყო განათლებული, ნიჭიერი და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტი; მოტივირებული, მებრძოლი, ენერგიული და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნება; გულისხმიერი და საიმედო კოლეგა, ოჯახსა და შვილებზე განსაკუთრებულად მზრუნველი დედა; ერთგული და სანდო მეგობარი.

ძალიან დაგვწყვიტა გული ამქვეყნიდან მისმა ნაადრევად წასვლამ. გვიჭირს ირინა თიკანაშვილზე წარსულ დროში საუბარი.
გული გვწყდება, რომ ბოლო წლებში საკადრისად ვერ მოვეფერეთ და გავამხნევეთ.
მშვიდობით, ჩვენო ირინა. ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს. დალოცე შენი შვილები და ახლობლები. ვერასოდეს დაგივიწყებთ. შევხვდებით იმიერ სამყაროში.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია

ირინა თიკანაშვილის გარდაცვალების გამო მოქალაქეებმა სამძიმარი სოციალურ ქსელში გამოხატეს.