რა გავლენას მოახდენს მოსახლეობასა და გარემოზე ჩუმათელეთი-ხევის ახალი გზის მშენებლობა, – ეს საკითხები დღეს ვერტყვიჭალაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განიხილეს.
დეპარტამენტის გარემოს უსაფრთხოების კონსულტანტმა მაია ვაშაკიძემ და შპს „ეკოსპექტრის“ კონსულტანტმა ირაკლი კავილაძემ აღნიშნეს, რომ რელიეფის გამო რიკოთის უღელტეხილი ყველაზე რთული მონაკვეთია საქართველოში. ამიტომ გარემოზე ზემოქმედებაც განსაკუთრებული იქნება.
ირაკლი კავილაძის განმარტებით, ჩუმათელეთი-ხევის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე გაიჩეხება დიდი რაოდენობით ხე-ტყე, ახალი გვირაბების მშენებლობისას ჭარბი რაოდენობით მიწა წარმოიქმნება. მძიმე ტექნიკის მოძრაობის გამო გაიზრდება ხმაურის, ვიბრაციის, მტვრისა და ემისიების წარმოქმნის რისკი.
ორი გვირაბისა და რვა ხიდის მშენებლობა იგეგმება. ერთი გვირაბი რიკოთის არსებულ გვირაბამდე აშენდება, მეორე კი – არსებულის გვერდით.
ავტომაგისტრალის მშენებლობის ზოლში, სავარაუდოდ, შვიდი მოქმედი და ოთხი უმოქმედო რესტორანი მოხვდება, ერთი ბენზინგასამართი სადგური და ერთიც მიტოვებული შენობა.
გზა გაივლის კერძო ნაკვეთებსა და იმ ადგილებში, სადაც გარე ვაჭრობაა.
„ხევში რთული სიტუაციაა, – აღნიშნა ირაკლი კავილაძემ, – საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა გზის მშენებლობის არეალშია. დიდი ალბათობით, სოფელ ხევში სკოლის ახალი შენობის აგება დაგვჭირდება.“
პრობლემაა ის, რომ ამ მონაკვეთზე ცოტაა თავისუფალი ადგილი. თუმცა, აუცილებლად აშენდება ბეტონისა და ასფალტის თითო-თითო ქარხანა.
გზის მშენებელი დონორის, მსოფლიო ბანკის მოთხოვნაა, რომ გზის მშენებლობაზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეობიდან უნდა შეირჩეს. ეს მოთხოვნა მკაცრად გაკონტროლდება.
სოციალური ზემოქმედების შესაფასებლად ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართება ყველა კერძო მესაკუთრესთან და მოსახლესთან.
განსახლების გეგმა კი მას შემდეგ შემუშავდება, რაც გზის მშენებლობის დეტალური პროექტი შედგება.
მაია ვაშაკიძის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის მშენებლობის ზუსტი დიზაინი სექტემბრისთვის მომზადდება.
„მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის დაწყებამდე თითოეულმა მაცხოვრებელმა დააფიქსიროს შენობა-ნაგებობების მდგომარეობა შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებზე კომპენსაციის მისაღებად, – აღნიშნა მაია ვაშაკიძემ, – მიწის ხარისხსა და კატეგორიას დამოუკიდებელი ექსპერტები დაადგენენ.“
რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას, შემარბილებელი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.
მტვრის შესამცირებლად უნდა მოირწყას გზა, ავტომანქანები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.
ხმაურის შესამცირებლად განისაზღვრება მუშაობის გრაფიკი დილის ექვსიდან საღამოს ცხრა საათამდე, ასევე დამონტაჟდება ხმაურდამცავი ბარიერები. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ერთი მოჭრილი ხის ნაცვლად სამი ხე დაირგვება. თვითმმართველობასთან შეთანხმდება გარე მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის საკითხი.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.