ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მეხუთე სასწავლო წელი დაიწყო. 2019 წლიდან დღემდე ამ ცენტრს უკვე 300 კურსდამთავრებული ჰყავს, 17 სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით.
ეს სპეციალობებია – ჭრა-კერვა (ხელმძღვანელი მაყვალა ვეფხვაძე), თექის დამუშავება (ნინო მღებრიშვილი), კომპიუტერული პროგრამები (ია ხარაზიშვილი), ხის დამუშავება (ბადრი სვანიძე), სოციალური მედიის კურსი (თეა ბერიძე), სამოქალაქო განათლება (მანანა ტაბაშიძე), მეფუტკრეობა (გიორგი ლომსაძე), გერმანული ენა (ხათუნა მანჯავიძე), ინგლისური ენა (მარიამ ჭიპაშვილი), ავტომანქანის შეკეთება (გიგა მაჩანოვი), გიტარაზე დაკვრა (ბესო ლაცაბიძე), ქართული სიმღერა და გალობა (თორნიკე ბაკურაძე), ფანდურზე დაკვრა (თამილა კირთაძე), ბუღალტერია, კულინარია.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახალ სპეციალობებს მოსახლეობასთან შეხვედრებითა და კონსულტაციებით არჩევენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, ეს ცენტრი ამ დრომდე მოქმედი სპეციალობების გარდა, სიახლესაც გვთავაზობს. სექტემბრიდან რკინის შედუღებისა (ხელმძღვანელი ვალოდია ჭიპაშვილი) და ქვაზე კვეთის (ბესო ლაცაბიძე) შესწავლაა შესაძლებელი.
გასულ წლებში ფეხსაცმლის კერვისა და მაკრამეს შესწავლის კურსები ფუნქციონირებდა. თუმცა, წელს ამ კურსებზე სწავლის სურვილი აღარავის გამოუთქვამს.
2021 წლის იანვრიდან ზრდასრულთა განათლების ცენტრში სოციალური საწარმო – ავტომობილების კომპიუტერული დიაგნოსტიკის ცენტრი მოქმედებს.
სამი წლის წინ შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს ამ ცენტრში ახალგაზრდული კლუბი, რომელსაც სექტემბრიდან გიორგი მაქაძე უხელმძღვანელებს. ამ კლუბის მიზანია, სხვადასხვა ღონისძიებებით ხელი შუწყოს გარემოს დაცვის კუთხით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
ახლახან, ზრდასრულთა განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ (დირექტორი რუსუდან გურგენიძე) პროექტი – „დედები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებისთვის“ დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში შშმ ბავშვების მშობლები ჭრა-კერვასა და მაკრამეს სწავლობენ, ხოლო სანამ დედები სპეციალობებს ეუფლებიან, ბავშვებთან სპეცპედაგოგი და ფსიქოლოგი მუშაობენ. ამჯერად პროექტში ხუთი ბავშვი და ხუთი ქალია ჩართული.
ზრდასრულთა განათლების ცენტრის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ამ ცენტრის დირექტორს, გიორგი მუხურაძეს ვესაუბრეთ.
– ზრდასრულთა განათლების ცენტრი არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში ხელი შევუწყოთ, – ამბობს გიორგი მუხურაძე, – მთავარია, მათ სიახლის მიღებისა და პროფესიის დაუფლების სურვილი ჰქონდეთ. პერიოდულად სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს ვხდებით, რომ მოსახლეობას ჩვენი ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ვაქტიურობთ სოციალურ ქსელში.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ მხარდაჭერა, რადგან სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება და თქვენს გაზეთს კითხულობს.
მოქალაქეებისგან უკუკავშირის შემდეგ წლის დასაწყისში მომავალი სასწავლო წლის გეგმას ვადგენთ, სათაო ოფისში კონკრეტული სპეციალობის დაშვების აუცილებლობას ვასაბუთებთ და დაფინანსებას ვითხოვთ.
კონკრეტულ სპეციალობაზე ჩარიცხვისას აპლიკანტი სპეციალურ ანკეტას შეავსებს. სერტიფიკატი გაიცემა იმ კურსდამთავრებულებზე, რომლებიც პროგრამას წარმატებით დაძლევენ. თითოეული კურსის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია – ზოგ სპეციალობაზე სწავლება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ზოგის დაუფლებისთვის კი 3-4 თვეც საკმარისია.
მართალია, ჩვენგან გაცემული სერტიფიკატი უნივერსიტეტის ან კოლეჯის დიპლომის ტოლფასი არაა; თუმცა, სათაო ოფისის ადმინისტრაცია განათლების სამინისტროსთან მუშაობს, რომ სახელმწიფო აკრედიტაცია მივიღოთ.
საქართველოში მოქმედი ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრიდან სახელმწიფო სერტიფიკატი ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მოქმედ ჭრა-კერვის კურსდამთავრებულებზე იცემა. მომავალი წლიდან ამავე სპეციალობაზე სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემას ჩვენც ვგეგმავთ.
ცენტრში სწავლის მსურველებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ხარაგაულში სოფლებიდან ტრანსპორტირება უჭირთ. ზოგ შემთხვევაში ცენტრში სწავლებისა და ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი ერთმანეთს ვერ ემთხვევა. არცთუ იშვიათად, ჩვენს სტუდენტებს ჩვენამდე ტრანსპორტირების ფული არ აქვთ.
ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდში დგომა აუცილებელია. მარტო ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ორ ვარიანტზე ვმსჯელობთ – სოფლებიდან ჩვენთან სწავლის მსურველთათვის ტრანსპორტი დაინიშნოს, ან სოფლებში ჩვენი ტრენერების ტრანსპორტირება დაფინანსდეს.
სოფელში ათკაციანი ჯგუფი თუ შეიკრიბება, შეგვიძლია საჭირო ინვენტარი, ტექნიკაც მივიტანოთ და მასწავლებელიც მივიდეს. თითქმის ყველა სოფლის ცენტრშია შესაბამისი შენობა, სადაც სწავლებას ჩავატარებთ.
ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ მომავალი, 2024 წლის ბიუჯეტში, ტრანსპორტირების პრობლემის მოსაგვარებლად ფინანსებს ჩვენგან მიწოდებული საჭიროების მიხედვით გამოგვიყოფს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი გერმანიაში ვიზიტისას ზრდასრულთა განათლების ცენტრების მნიშვნელობაში თავად დარწმუნდა.
მადლობა მინდა ვუთხრა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულ ასოციაციას – DVV international-ს, რომლის მხარდაჭერითაც ხარაგაულში 2019 წლის აპრილში, ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაფუძნდა. ეს ცენტრები ასევე ბოლნისის, კასპის, სენაკის, ქედის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქის, ამბროლაურის, ხონის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალენჯიხისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს.
ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნის მთავარი იდეა მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამაღლებაა. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონები არათანაბრად ვითარდება. ხარაგაულელები უმაღლესი განათლებისა და პროფესიების დასაუფლებლად მეზობელ მუნიციპალიტეტებში, დედაქალაქში ან სხვა ქალაქებში მიდიოდნენ. მეხუთე წელია, პროფესიის დაუფლება აქ, ადგილზე, სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი.
ჩვენი ცენტრის 300 კურსდამთავრებულიდან 35 მათგანი წარმატებით დასაქმდა. ვფიქრობ, მათი რიცხვი გაიზრდება.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლის მსურველები უნდა მიბრძანდეთ მისამართზე – სოლომონ მეფის ქ. #19, ან დარეკოთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 577640400 (მანანა ტაბაშიძე).
ნინო კაპანაძე
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების