საქართველოს თოთხმეტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გერმანიის ქალაქ მიუნხენში ზრდასრულთა განათლების ცენტრების საქმიანობას გაეცვნენ. ეს ცენტრები ხარაგაულის, ბოლნისის, კასპის, სენაკის, ქედის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქის, ამბროლაურის, ხონის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალენჯიხისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან სამუშაო ვიზიტით ბავარიის მხარის ქალაქ მიუნხენში მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდა. ეს სამუშაო ვიზიტი ზრდასრულთა განათლების სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) მიწვევით განხორციელდა.
რა იდეები გაუჩნდა გერმანიაში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრების მუშაობის გაცნობის შემდეგ, რა ფორმით შეიძლება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხარი დაუჭიროს ამ ცენტრის ფუნქციონირებას, – ამ შეკითხვებით კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
– მიუნხენის ზრდასრულთა განათლების ცენტრები მაღალბიუჯეტური ორგანიზაციებია, – წელიწადში ასეულობით მილიონი ევროთი ფინანსდება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მათი დაფინანსების წყაროა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტები, ასევე თავად ის ადამიანები, რომელთაც რომელიმე პროფესიის დაუფლება სურთ.
ამ ცენტრებში ისეთ პროფესიებს სწავლობენ, რაზეც ბაზარზე მოთხოვნაა. თუმცა, ზოგი პროფესია მაინც დეფიციტურია. ამიტომ, ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, ზრდასრულთა განათლების ცენტრებს დაინტერესებული პირების ახალ-ახალი პროფესიებით გადამზადებას უკვეთავენ. მთავარი პრინციპია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მაქსიმალურად მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მიიღონ.
ბავარიის მხარეში 1800-მდე ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოქმედებს. მთლიანად გერამანიაში ასეთი 20 ათასამდე ცენტრია. წლის განმავლობაში დასაქმების ბაზარს დაახლოებით 2 მილიონამდე გადამზადებულ კვალიფიციურ კადრს სთავაზობენ.
ბავარიის პარლამენტში იმ კომიტეტების თავმჯდომარეებს შევხვდით, რომლებიც ზრდასრულთა განათლების ცენტრებს ლობირებენ. პარლამენტარებს ასეთი წინადადება შევთავაზე – გერმანიის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენთან მოქმედ ზრდასრულთა განათლების ცენტრებში შეისწავლონ, მათ შორის დაეუფლონ ენას. გერმანიაში სამუშაოდ ჩასულები კი ადვილად ადაპტირდნენ და მალევე დასაქმდნენ. ინტერესი და მოტივაცია ასეთ შემთხვევაში ორივე მხრიდან გაიზრდება. ბავარიის მხარის პარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ამ წინადადებაზე იმსჯელებენ.
საქართველოში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრების საქმიანობის გასაცნობად მიუნხენის ვიცე-მერს შევხვდით და იმაზე ვესაუბრეთ, რომ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის მიერ საქართველოში ამ ცენტრების დაფინანსება შედეგიანია და უნდა გაგრძელდეს.
ზრდასრულთა განათლების ცენტრებში შევხვდით იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ პროფესიებს ეუფლებიან, დავესწარით ლექციებს. ცხადია, ამ ყველაფერის ნახვის შემდეგ გსურს, მეტი შესაძლებლობა გაუჩინო შენს მოქალაქეებს, ადგილზე მოთხოვნადი პროფესიების მიმართ, რაც მათ დასაქმებასა და შემოსავლების ზრდაში დაეხმარება. ახლა საქართველოში მაღალი დონის შემდუღებლები, მძიმე ტექნიკის ოპერატორები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები გვესაჭიროება.
ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრის საქმიანობას მხარი უნდა დავუჭიროთ. ამ ცენტრს ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2019 წელს, ათი წლით, ფართი გადავეცით. ვფიქრობთ, ეს ფართი ამ ცენტრს არსებობის ვადით გადავცეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში იმდენი თანხა არ გვექნება, რომ მოქალაქეები საქართველოს ბაზარზე მოთხოვნად ყველა პროფესიაში გადავამზადოთ, თუმცა, ერთი პროგრამის თანამონაწილეობას შევძლებთ. გერმანიაში ვიზიტის მიზანიც ეს იყო – ზრდასრულთა განათლების მხარდასაჭერად თვითმმართველობები მეტად უნდა გავაქტიურდეთ.
ვიზიტის პროგრამის თანახმად, მასპინძლებმა BMW-ს საავტომობილო კომპანიის მუზეუმი დაგვათვალიერებინეს. ბიზნესისა და თვითმმართველობისსაქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას გავეცანით. დავინახეთ, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო მოქალაქეთა დასაქმების ხელშესაწყობად.
გერმანიაში ჩვენი ვიზიტი ზრდასრულთა განათლების სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) მიერ დაფინანსდა. გარდა სტანდარტული მივლინებისა, რაც თანამდებობის პირების შემთხვევაშია კანონით გათვალისწინებული, სხვა ხარჯები არ გაგვიღია.
ჩვენს ვიზიტს გერმანიაში პოლიტიკური დატვირთაც ჰქონდა. ბავარიის პარლამენტარები საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერენ. ამის მოსმენა, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – თვითმმართველობის წარმომადგენლები გერმანიაში ვიზიტის დროს
ამავე თემაზე
გიორგი მუხურაძე და მანანა ბარბაქაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი