ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ორი წელია, ფუნქციონირებს.

გახსნიდან დღემდე ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სხვადასხვა სახის პროფესიული გადამზადება 1500-მდე ბენეფიციარმა გაიარა. ცენტრი ხელს უწყობს ადამიანებს შეისწავლონ ის პროფესიები, რომლითაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი მუხურაძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან  მოუსმინონ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მათი საჭიროებების მიხედვით დაგეგმონ და განახორციელონ კურსები.

-ბატონო გიორგი, ამ დროისთვის რომელი სპეციალობების შესწავლაა შესაძლებელი ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში?

-მიმდინარე წელს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს 20-მდე საგანმანათლებლო და პროფესიულ კურსს: მეფუტკრეობის, კულინარიის, ჭრა-კერვის, მაკრამეს, თექის დამუშავების, შედუღების, სანტექნიკის, შენება-ლესვის, ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკის, ხის დამუშავების, ფეხსაცმლის კერვისა და დიზაინის, ხალხურის საკრავების შემსწავლელი, კომპიუტერის, ინგლისური ენის შემსწავლელი, ტურისტული გიდების მომზადების, გალობისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი, ბუღალტერიის, ფოტო და ვიდეო გადაღების, მართვის მოწმობის თეორიული კურსი და ავტომობილის სარემონტო კურსი.

-რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლის მსურველები და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ?  

-კურსებზე რეგისტრაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიარონ რეგისტრაცია ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ადმინისტრაციაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რეგისტრაციაში მათ დაეხმარებათ ცენტრის ოფის მენეჯერი, ქალბატონი მანანა ტაბაშიძე. მისი საკონტაქტო ტელეფონია – 577640400.

კურსებზე რეგისტრაციისტვის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ცენტრების მთავარი კონცეფციაა „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“, ბენეფიციართა ასაკი შეუზღუდავია. ჩვენი კარი ღიაა ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, რომელსაც სურს პროფესიული და პიროვნული უნარების გაუმჯობესება.

ცენტრი აღჭურვიალია უახლესი დანდგარებითა და სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ბენეფიციართა გადამზადება უფასოა და კურსის დასრულების შემდეგ მიიღებენ სწავლის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.

-სოფლებიდან, ტრანსპორტის პრობლემის გამო, ბევრი მსურველი თქვენს ცენტრში სწავლას ვერ ახერხებს. რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ, რომ სოფლის მოსახლეობა უფრო აქტიურად დაეუფლოს პროფესიებს?

-მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცენტრი სულ რაღაც მეორე წელია ფუნქციონირებს, გვყავს ბენეფიციარები მუნიციპალიტეტეტის სხვადასხვა სოფლიდან. სოფლიდან მოსული ადამიანები ყოველთვის დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ პროფესიული განვითარების შესაძლებლობით და დიდი მონდომებით ითვისებენ პროფესიებს.

პანდემიამ საკმაოდ გაართულა სოფლის მოსახლეობის ჩართულობა სწავლის პროცესში გადაადგილების პრობლემის გამო. თუმცა იმედი გვაქვს ახლო მომავალში ეს პრობლემაც მოიხსნება და ისინი კვლავ აქტიურად გამოიყენებენ პიროვნული და პროფესიული განვითარების ამ მართლაც უნიკალურ შესაძლებლობას. ჩვენს მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა  DVV Internationalma მისცა. ვისარგებლებ შემხვევით და ჩვენი ბენეფიციარების სახელით მადლობას გადავუხდი მათ.

-სხვა მუნიციპალიტეტების ზრდასრულთა განათლების ცენტრებთან თუ თანამშრომლობთ?

-ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი იყო მეთერთმეტე ცენტრი ქვეყანაში და პირველი იმერეთის რეგიონში. ცენტრების არსებობის ისტორია კი 2006 წლიდან იწყება. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყანაში მოქმედ სხვა ცენტრებთან, ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებას.

-უახლოეს მომავალში ზრდასრულთა განათლების ცენტრში რა სიახლე ელოდება ხარაგაულის მაცხოვრებლებს?

-მიმდინარე წელს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან იგეგმება სოციალური საწარმოს გახსნა, რომელიც მოემსახურება ავტომფლობელებს. ისიც ასევე dvv international -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება. სოციალური საწარმო შესთავაზებს ავტომფლობელებს სხვადასხვა სახის საავტომობილო მომსახურებას. აქ  დასაქმდებიან და გადამზადდებიან ადამიანები. საწარმოდან მიღებული თანხა მოხმარდება ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის განვითარებას.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2019 წლის 24 აპრილს სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის,  DVV International-ის მხარდაჭერით გაიხსნა. ცენტრი წარმოადგენს არაფორმალური განათლების კერას და ხელს უწყობს მოქალაქეების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

ლიკა ხიჯაკაძე