ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში (დირექტორი გიორგი მუხურაძე) ცხრა სასწავლო წრე ფუნქციონირებს. მათგან ფასიანი მხოლოდ ერთია – მართვის მოწმობის თეორიული კურსის შემსწავლელი წრე. შექმნის დღიდან ამ დრომდე, სამი წლის განმავლობაში, ამ ცენტრში 2117 ადამიანი გადამზადდა და მათი ნაწილი ახალი პროფესიით დასაქმდა კიდეც. გადამზადებულთა უმრავლესობა ქალია.

თამარ ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჭრა-კერვა შეისწავლა. ის ხარაგაულში, ტანსაცმლის სამკერვალოში დასაქმდა. თამარი ამბობს, რომ მკერავის პროფესია ბავშვობიდან მოსწონდა. ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში კი ის ჭრა-კერვას პროფესიონალურად დაეუფლა. თამარი მუშაობის პარალელურად სწავლას ისევ აგრძელებს.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დაგეგმილ სიახლეებსა და გამოწვევებზე ცენტრის ოფისმენეჯერს მანანა ტაბაშიძე ვესაუბრეთ.

ზრდასრულთა განათლების ცენტრში შემდეგი წრეები ფუნქციონირებს, ჭრა-კერვის (ხელმძღვანელი მაყვალა ვეფხვაძე), ხის ნაკეთობების (ბადრი სვანიძე), თექის დამუშავების (ნინო მღებრიშვილი), კულინარიის (ანა გოლუბიანი), მეფუტკრეობის (გიორგი ლომსაძე), მართვის მოწმობის თეორიული კურსის შესწავლელი წრე (ლევან აბაშიძე), ფეხსაცმლის კერვისა და დიზაინის კურსი (ეკა ტურაშვილი), ავტომობილების შეკეთების კურსი (გიგა მაჩანოვი), კომპიუტერის შემსწავლელი კურსი (ია ხარაზიშვილი).

ოქტომბრიდან ელექტროშედუღებისა და წყალგაყვანილობის მოწყობის შემსწავლელი წრეების გახსნა იგეგმება. ცენტრში ახალი სპეციალობები მსმენელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე ემატება. ახალი კურსის მსურველთა რაოდენობა ჯგუფების დასაკომპლექტებლად თუ საკმარისია (8-10 ადამიანი), ცენტრის ხელმძღვანელები სპეციალისტების მოძიებას ცდილობენ. სპეციალისტების შესარჩევად კონკურსი არ ცხადდება, თუმცა დიდი ყურადღება ცოდნასა და კომუნიკაციის უნარს ექცევა. მანანა ტაბაშიძე თვლის, რომ დღემდე არც ერთი სპეციალისტის შერჩევაში არ შემცდარა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი პანდემიის დროს ძალიან დაზარალდა. მაშინ მოქმედ თითოეულ ჯგუფში 10-10 მსმენელი ჰყავდათ. რეგულაციების გამო, მეცადინეობები შეფერხდა და ვერც ახალი წრეების გახსნა მოხერხდა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე სოციალური საწარმო – მანქანების სახელოსნო ამოქმედდა. მას ამ საქმის მცოდნე ახალგაზრდა გიგა მაჩანოვი ხელმძღვანელობს. სახელოსნოში შესაძლებელია მანქანის სავალი ნაწილების შეკეთება. სოციალურ საწარმოში ამ საქმიანობის შესასწავლად მსურველების მიღება უახლოეს პერიოდში დაიწყება.  მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ ამ საწარმოსთვის სპეციალისტს 6 თვის განმავლობაში ეძებდნენ.

„თუ მცოდნე ადამიანი დიდ ქალაქშია დასაქმებული, ის აქ არ მოვა, რადგან ქალაქებში ფინანსური შემოსავალი მაღალია. სოციალური საწარმოდან შემოსული შემოსავალი მთლიანად ზრდასრულთა განათლების ცენტრის განვითარებას მოხმარდება. ხარაგაულში ცენტრალური გზის მოწესრიგების შემდეგ, ავტომობილების შეკეთების მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, – ამბობს მანანა ტაბაშიძე.

ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე, გასულ წელს, ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა. მისი მუშაობა ამჟამად შეჩერებულია, რადგან ამ კლუბის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი სხვა სამსახურში გადავიდა. სკოლებში სასწავლო წლის განახლების შემდეგ ახალგაზრდული კლუბი მუშაობას გიორგი მაქაძის ხელმძღვანელობით განაახლებს.

ზრდასრულთა განათლების ცენტრში მსმენელები, ძირითადად,  დ. ხარაგაულთან ახლომდებარე სოფლებიდან (ჩხერი, ღარიხევი, ბაზალეთი, ჯაფაროული, ლაშე, საღანძილე) მოდიან. მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსზე ერთი მსმენელი წიფიდან დადიოდა, თუმცა, უტრანსპორტობის გამო ყველა მეცადინეობაზე დასწრებას ვერ ახერხებდა და კურსის ხელმძღვანელი მას თეორიულ მასალებს ელექტრონულად აწვდიდა.

„კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულებიდან, კვირაში ერთხელ დაინიშნება ტრანსპორტი, რომელიც ჩვენთან სხვადასხვა სოფლებიდან მსურველებს ჩამოიყვანს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლების  ჩართულობაა საჭირო. თუმცა ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩვენი საქმიანობის მიმართ დაინტერესება ნაკლებია“, – ამბობს მანანა ტაბაშიძე.
საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცამეტი ცენტრი ფუნქციონირებს. ყოველი წლის ბოლოს თბილისში მათი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება იმართება, სადაც ცენტრების ხელმძღვანელები წლის განმავლობაში მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობენ, აქვე ეწყობა ცენტრებში მოქმედ სხვადასხვა წრეზე შექმნილი ნაკეთობების გამოფენები.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2019 წელს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International, საქართველოს ფილიალი – თბილისის პროექტთა ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.

როგორია თანამშრომლობა ზრდასრულთა განათლების ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და რა სამომავლო გეგმები  აქვს  ხელისუფლებას ამ ცენტრთან დაკავშირები, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს მივმარეთეთ.

„ზრდასრულთა განათლების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით ფუნქციონირებს , – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმართულებით სახსრებს არ ხარჯავს.  ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მზად ვართ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ თანამონაწილეობა ცენტრის საქმიანობაში.

ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, მუნიციპალური ტრანსპორტი ყველა მიმართულებით დანიშნოს და შეღავათიანად იმგზავროს ყველა მსურველმა. ზრდასრულთა განათლების ცენტრისთვის ცალკე ტრანსპორტს ვერ დავნიშნავთ.

ზრდასრულთა განათლების ცენტრიდან მერიაში კონკრეტული საჭიროებისთვის წერილობითი მოთხოვნა არ შემოსულა. მოგვაწოდონ კონკრეტული ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომელთაც აქვთ სწავლის სურვილი და ტრანსპორტირების პრობლემა და ჩვენ მათ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით“.

თამთა გოგოლაძე