კინორეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ელიზაბეთ რუდთან ახლახან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს – „მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში შევხვდი ჩემს ძვირფას მეგობარს ელიზაბეთ რუდს. დიდხანს ვისაუბრეთ საქართველოზე და განსაკუთრებით ხარაგაულზე, სადაც მე იგი, რამდენიმე წლის წინ ჩავიყვანე და რომელიც ძალიან უყვარს და ენატრება“.
როგორ და რა ვითარებაში შეხვდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს და რით უნდა იყოს განპირობებული ხარაგაულის მიმართ ელიზაბეთ რუდისგან გამოვლენილი განსაკუთრებული ყურადღება და ემოცია, – ამის გასარკვევად რამაზ ბლუაშვილს დავუკავშირდით.
რამაზ ბლუაშვილი: – მე და ზვიად ციკოლია ალექსანდრე ქართველიშვილზე ფილმს ვიღებთ. ვაშინგტონიდან რომ ფოტოები გამოვაქვეყნე, ელიზაბეთმა მომწერა, – თუ ვაშინგტონში ხარ, ბალტიმორიდან ორი საათის სავალ მანძილზე ვარ და შენი ნახვა ძალიან გამიხარდებაო.
ვუთხარი, რომ მე ამას ისედაც ვაპირებდი. ჰოდა, ასე – ორსაათნახევარი იმგზავრა, რომ ვენახეთ და დაახლოებით 4-5 საათი გავატარეთ ბალტიმორში და მართლა, – ის ტყუილად არ დამიწერია, – უმეტესად ვსაუბრობდით ხარაგაულზე, – ისე უყვარს მადაურობა და ისეთი ძალიან დიდი სენტიმენტი აქვს ხარაგაულის მიმართ გულში დარჩენილი.
– საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან არ გიკვირთ ხარაგაულის მიმართ ასეთი გამორჩეული სენტიმენტი?
– ხომ წარმოგიდგენიათ ელჩების ცხოვრება და განსაკუთრებით, ამერიკის ელჩების ცხოვრება საქართველოში. სამწუხარო რეალობაა, რომ ძალიან ბევრ პირფერობას აწყდებიან. ხშირად არის არაბუნებრივი და არაგულწრფელი გამოხატულება მათდამი, – სითბო იქნება ეს, თუ სიყვარული. და აი, ეს იგრძნო ელიზაბედმა ხარაგაულში, როცა ჩამოვიყვანე, რომ – ხალხი ძალიან თბილად დახვდა, საოცრად გულში ჩაიხუტა და მიიღო.
ელიზაბეთი ხშირად იხსენებს ხარაგაულში ჟორა ბიძიასთან სტუმრობას. ახლაც, ბალტიმორში ზვიად ციკოლიას უამბო, როგორ გაკვირვებული დარჩა, როცა რამაზის ბიძასთან, ჟორა ბლუაშვილთან მივედი, – მითხრეს, რომ 92 წლის კაციაო და ისე მესაუბრა, ისე დეტალებში ამერიკის პოლიტიკის დღევანდელობაზე, რომ ცოტა უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩავვარდიო.
ხარაგაულში ბუნებრივობა დახვდა მას, ნამდვილი ლაღი ხალხი, რომლებმაც, უბრალოდ, გულში ჩაიხუტეს და აგრძნობინეს, რომ მართლა უყვართ. როგორც ხედავთ, მას მთელი ცხოვრება გაჰყვება ხარაგაულის სიყვარული.
საქართველოზე ბევრი ვისაუბრეთ, – ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გულშემატკივარია ისევე, როგორც სხვა ელჩები.
ელიზაბეთ რუდი, ორი თვეა, რაც ამერიკაში დაბრუნდა. მანამდე იყო რუსეთში ამერიკის ელჩის პირველი მოადგილე. მოსკოვიდან სულ მწერდა, – ვერ წამოიდგენ, როგორ მენატრება საქართველო; ვერ წამოიდგენ, როგორი კომფორტი იყო ჩემთვის საქართველოში ყოფნა, – მიუხედავად იმისა, რაც ხდება ახლა და სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ხშირად პირდაპირ, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არ ივიწყებენ ჩვენს ქვეყანას, არ ივიწყებენ ქართველ ხალხს.
– ელისაბედ რუთი სოციალურ ქსელში თქვენი ფოტოების ქვეშ ქართულად გამოგეხმაურათ.
– ცდილობს, შეინარჩუნოს ქართული ენის ცოდნა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამერიკაში ქართულად დამლაპარაკებელი არ ჰყავს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ისინი არიან იქ, სადაც არის ქართველი ხალხი და ამერიკა არის ქართველი ხალხის მეგობარი და არა მთავრობის მეგობარი – ძალიან ხშირად ეს ეშლებათ საქართველოში.
ელიზაბეთ რუდმა, როცა ის იყო საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, – პრაქტიკულად, მთელი საქართველო ფეხით მოიარა. მყინვარწვერზე ავიდა ფეხით! ჰო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი სითბო ხარაგაულიდან წაიღო.
ეს ხარაგაულელების დამსახურებაა, ჩემი არა. მე, უბრალოდ, ჩამოვიყვანე ხარაგაულში.
ახლა, მალე, ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად დაინიშნება.
მინდა დიდი სიამაყით ვთქვა, რომ რომელ ქვეყანაშიც უნდა იყოს ელიზაბეთ რუდი, ხარაგაულს მისი სახით ჰყავს ძალიან დიდი მოყვარული და დიდი მეგობარი.
ლაურა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
„მენატრება ჩემი საკვირველი ხარაგაული“ – ელიზაბეთ რუდი ახალ წელს გვილოცავს
ამერიკის ელჩის ვიზიტი ხარაგაულში
ხარაგაულში ამერიკის ელჩი გვესტუმრა
ელისაბეთ რუთი ხარაგაულში გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსთან“ ერთად
თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ხარაგაულის მუზეუმში
ხარაგაულში ანდრიაობას რკინისჯვარის მოლოცვის ტრადიცია გრძელდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი