„მოხარული ვარ, რომ ხარაგაულს ვსტუმრობ და შემიძლია აქაური მთებით, სამკურნალო წყლებითა და ტყეებით დავტკბე. ძალიან მიყვარს საქართველოს ყველა რეგიონი, მაგრამ განსაკუთრებით შემიყვარდა ხარაგაული“, – ეს სიტყვები ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ხარაგაულში სტუმრობისას გვითხრა.

კინორეჟისორ რამაზ ბლუაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, ელიზაბეთ რუდი 30-31 აგვისტოს ხარაგაულში იმყოფებოდა.

„ქართველები და საქართველო ამერიკულ პრესაში“

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხარაგაულის გაცნობა ისტორიული მუზეუმიდან დაიწყო. მუზეუმში დაცულ ექსპონატებთან ერთად ელიზაბეთ რუდი ფოტოგამოფენას „ქართველები და საქართველო ამერიკულ პრესაში“ გაეცნო. ეს გამოფენა საქართველოში პირველად ხარაგაულის მუზეუმში გაიხსნა. უნიკალური მასალები კინორეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არქივებში მოიპოვა და შეაგროვა.

ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის, შესახებ მასალებზე მუშაობისას, რამაზ ბლუაშვილმა ამერიკული გაზეთების არქივებზე წვდომის უფლება მოიპოვა. ის ამერიკულ პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ დაახლოებით 500-მდე სტატიას გაეცნო. მათ შორის პირველი საგაზეთო მასალები 1870 წლით თარიღდება.

გასული საუკუნის 20-იან წლებში ამერიკული გამოცემები საქართველოს „აღმოსავლეთ პარიზად“ მოიხსენიებენ. ერთ-ერთი წერილი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო პრინცმა მაჩაბელმა ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში პარფიუმერიის წარმოება. ამერიკული მედია ამერიკაში მცხოვრები ქართველების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, სენატორების თბილისში სტუმრობას, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ამერიკაში გასტროლებს სისტემატურად აშუქებდა.

რამაზ ბლუაშვილმა ხარაგაულის იტორიულ მუზეუმს საგამოფენო მასალები საჩუქრად დაუტოვა. თავად კი გეგმავს, რომ გამოფენა „ქართველები და საქართველო ამერიკულ პრესაში“ საქართველოს ყველა რეგიონში მოაწყოს. ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი მასალებით ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობა დასტურდება.

„ძალიან მიხარია, რომ ხარაგაულის ადგილობრივი საზოგადოება ძალისხმევას არ იშურებს და ზრუნავს ამ რეგიონის უნიკალურ კულტურასა და ბუნებრივ სილამაზეზე,“ – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა ხარაგაულის მუზეუმში სტუმრობისას. მან ხაზი გაუსვა კავკასიაში პირველი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, დაფუძნების მნიშვნელობას და ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ამერიკის ეროვნული პარკების შესახებ გამოცემული წიგნი აჩუქა.

 

ფილმის პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში

„სიმღერა“ – ასე ეწოდება რეჟისორ რამაზ ბლუაშვილის ფილმს, რომელშიც კოსმოსში „ჩაკრულოს“ გაშვების ისტორიაა მოთხრობილი და რომლის პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში შედგა.

„დღეს გიმასპინძლებთ კინოჩვენებაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება კაცობრიობის ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – ქართული პოლიფონიური მუსიკის კოსმოსში „ვოიაჟერით“ გამგზავრება, – ხარაგაულის კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, – „ვოიაჟერის“ ოქროს ფიგურა თავისი არსითა და მასშტაბებით მითიურია და ეხმაურება ჩვენს სწრაფვას, შევიცნოთ სამყარო. „ვოიაჟერი“ მთელ კაცობრიობას აერთიანებს.“

ფილმის პრემიერამდე ელზაბეთ რუდს ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმენ. ფოლკლორულ ანსამბლ „საუნჯეს“ წევრებმა კი რამდენიმე ხალხური სიმღერა შეასრულეს.

„ბედნიერი სიზმარი, რომელიც აგვიხდა“, – ასე შეაფასა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ელიზაბეთ რუდის ხარაგაულში სტუმრობა.

პარლამენტარმა კობა ლურსმანაშვილმა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შესანიშნავი ქართული მეტყველებისა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

„იმ დღიდან, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ამერიკელი ხალხი ქვეყნის განვითარებაში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში გვეხმარება, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა, – დღევანდელი დღე განსაკუთრებული გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ გვიდგას გვერდით ამერიკის ელჩი. ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები გვჭირდება მეგობრებად, რომელთაც გათავისებული აქვთ საკუთარი და ჩვენი ქვეყნის ინტერესები.“


 

ელიზაბეთ რუდი ხარაგაულის საპატიო მოქალაქესთან

ხომ მშვიდობით ბრძანდებით? – იმერული თავაზიანობით შეხვდა მასთან ოჯახში სტუმრად მისულ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი.

-ჩემთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა და დიდი პატივია, რომ ვესტუმრე რამაზ ბლუაშვილის ბიძას, რომელიც არა მხოლოდ ხარაგაულის, არამედ მთელი საქართველოს გმირია. მან ოთხი წელი დიდ პატრიოტულ ომში იბრძოლა, – გვითხრა ელიზაბეთ რუდმა გიორგი ბლუაშვილთან საუბრის შემდეგ.

ომის ვეტერანმა ელჩს უამბო, თუ როგორ შეხვდა 1945 წელს, თანამებრძოლებთან ერთად, ბერლინში ამერიკელ ჯარისკაცებს. გაუმხილა, რომ ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად ქალბატონ კანდიდატს გულშემატკივრობდა. თუმცა, მოსწონს ტრამპის მცდელობები სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მშვიდობის დასამყარებლად და ელჩს მასთან მოკითხვა დააბარა.

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს, – უთხრა ელიზაბეთ რუდმა გიორგი ბლუაშვილს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სიმბოლური მედალიონი უსახსოვრა.

 

რატომ ქალი პოლიტიკაში…

ცამეტი წლის წინ ჩვენი გაზეთის რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ და ამ სტრიქონების ავტორმა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) „მომავალ ლიდერ ქალთა“ ერთწლიანი პროგრამა გავიარეთ. „მომავალ ლიდერ ქალთა“ პროგრამამ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართავად ქალების გააქტიურების, მათი მხარდაჭერისა და წარმოჩენის მნიშვნელობა და აუცილებლობა კარგად დაგვანახა. დღეს რომ ხარაგაულის საკრებულოს 35 წევრიდან 10 ქალია, ამაში უდავოდაა ჩვენი მედიაორგანიზაციის წვლილი.

მაინც, რატომაა პოლიტიკაში მამაკაცების თანაბრად ქალების ჩართვა მნიშვნელოვანი, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ამერიკის ელჩმა გვიპასუხა:

-მოსახლეობის ნახევარს ქალები წარმოადგენენ. ამიტომ პოლიტიკაში მათი აზრი და შეხედულება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ქალები საზოგადოების ბუნებრივი ლიდერები არიან. მათ ჩართულობისთვის მხოლოდ შესაძლებლობა სჭირდებათ. ამიტომ ამერიკის საელჩო ცდილობს, რომ ქალებს პოლიტიკური ჩართულობის შესაძლებლობა მისცეს.

 

როგორ გაგრძელდება ამერიკის საელჩოს ურთიერთობა „საქართველოს გულთან“

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა კურორტი ნუნისი და ბერების კლდე მოინახულა. ნუნისში ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა შალვა ჩხეიძემ და გიორგი მელაშვილმა ელჩს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, კონკრეტულად კი – სამთო ტურიზმის ხელშეწყობის, ახალგაზრდული ბანაკის შექმნისა და სპორტული ჰაბის დაფუძნების იდეები წარუდგინეს.

„ამ პროექტებზე დიდი ხანია ვმუშაობთ, – ამბობს შალვა ჩხეიძე, – სპორტული ჰაბის შექმნას ფინანსები არ სჭირდება, ამისთვის მხოლოდ გადაწყვეტილებაა საჭირო. ხარაგაული საქართველოში, შესაძლოა, სპორტის თანამედროვე სახეობების – დევების ბაშოსა და ქუჩის კალათბურთის ცენტრი გახდეს. ელჩთან შეხვედრაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სოფელ სახვლარში, ტურიზმის განვითარებისა და ზვარეში ან სხვა სოფელში ახალგაზრდული ბანაკის შექმნის გეგმები წარვადგინეთ. ელზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ სამივე იდეა რეალური და აუცილებლად განსახორციელებელია. ის სახვლარის ტურისტული მარშრუტით დაინტერესდა და დაგვპირდა, რომ მომავალ წელს იქ ჩვენთან ერთად წამოვა.“

ახალგაზრდების პრეზენტაციას იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ხარაგაულში სტუმრობას რამაზ ბლუაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მაღალი დონის სტუმარს მაღალ დონეზე დახვედროდნენ, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი, – ქალბატონმა ელიზაბეთმა დანახა, თუ როგორია ხარაგაული, მისი ბუნება, ხალხი. მეგობრულ ვახშამზე აღნიშნა, ხარაგაული საქართველოს გული ყოფილაო. ის უკვე ფიქრობს, თუ რით შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ხარაგაულს დაეხმაროს.“

ნინო კაპანაძე