ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, უმეტესად კი ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მაცხოვრებლები, ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენას, ერთი წელია, ითხოვენ.
ამ მატარებლის მიმოსვლა 2020 წლის მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყდა. ქუთაისიდან თბილისამდე მგზავრობა ერთი ლარი ღირდა, ხოლო თბილისიდან ქუთაისამდე – 4 ლარი.
პანდემიის გამო გაუქმებული სხვა საგარეუბნო მატარებლების – ბორჯომი-თბილისი, ქუთაისი-საჩხერე, გარდაბანი-თბილისი, ქუთაისი-ბათუმი, ბათუმი-ოზურგეთი, ხაშური-თბილისი – მიმოსვლა განახლდა.
ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენის მოთხოვნით ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობამ გასული წლის ზაფხულზე პარლამენტარს, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს პაატა კვიჟინაძეს მიმართა.
რა ნაბიჯები გადადგა პარლამენტარმა ამ საკითხის მოსაგვარებლად, – ამ შეკითხვით მაჟოროტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს ხარაგაულში ნანა ცხვედაძეს მივმართეთ.
– ბატონი პაატა აქტიურად ჩაერთო პანდემიის შემდეგ მოსახლეობისთვის მატარებლის მიმოსვლის აღდგენაში, – ამბობს ნანა ცხვედაძე, – მოსახლეობისგან უმთავრესი მოთხოვნა იყო ის, რომ თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის მატარებლით ისევე ემგზავრათ, როგორც პანდემიამდე – ზესტაფონი-ხაშურის მონაკვეთზე ერთ ლარად. ეს საკითხი, ბატონი პაატასა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ, დადებითად გადაწყდა.
ქუთაისი-თბილისის მატარებელის აღდგენას რაც შეეხება, დეპუტატის ბიუროდან „საქართველოს რკინიგზას“ წერილი ამ საკითხზე 2022 წლის ივნისში გავუგზავნეთ.
აგვისტოში მივიღეთ ასეთი პასუხი: „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოკლებული ვართ თბილისი-ქუთაისის მიმართულებით საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლის დანიშვნის შესაძლებლობას. ამასთან გამოვთქვამთ მზადყოფნას, განვიხილოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის საქმიანი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მგზავრთა გადაყვანის პირობების გაუმჯობესებას“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში წერილობით მივმართეთ „საქართველოს რკინიგზას“ შეკითხვით, – როდისთვის იგეგმება ქუთაისი-თბილისის საგარეუბნო მატარებლის დანიშვნა, ან ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის სვლაგეზის აღდგენა.
პასუხის დაგვიანების შემდეგ მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორს, დაჩი ცაგურიას დავუკავშირდით. მან გვიპასუხა, რომ საქართველოში არ იმყოფება და ამ საკითხზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართოთ. ამ სამსახურის უფროსი ირინა ხიზანიშვილი კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
მასწავლებლებს ტრანსპორტირებაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელშეწყობა სჭირდებათ
ხარაგაულის მოსახლეობა მგზავრობის თანადაფინანსებას ითხოვს – რას გვპირდება ხელისუფლება
როდის გამოვლინდება მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებელი, უცნობია
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი