ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მასწავლებლების ნაწილს სკოლებამდე ტრანსპორტირების პრობლემა აწუხებთ.
ხარაგაულში მცხოვრები ნათია შარიქაძე მარელისის სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მას გაკვეთილები ყოველდღე აქვს. ნათია ხარაგაულიდან მარელისამდე კვირაში სამ დღეს – ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდება. ხარაგაულიდან ზვარემდე მგზავრთა ტრანსპორტირების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება.
„ძალიან გაგვიხარდა, მუნიციპალური ტრანსპორტი რომ დაინიშნა, – ამბობს ნათია შარიქაძე, – თუმცა, სამშაბათსა და ოთხშაბათს მარელისიდან ხარაგაულამდე მგზავრობა გვიჭირს. ან გზაზე ვდგებით და გამვლელ ტრანსპორტს ველოდებით, ან იძულებული ვართ, ტაქსი გამოვიძახოთ. ტაქსს 20 ლარზე მეტი უნდა გადავუხადოთ. სამშაბათს ორნი ვართ ხარაგაულში წამომსვლელები, ოთხშაბათს – ოთხნი. კვირაში ორ დღეს ტაქსით სიარულს, ჩვენი ხელფასით, ვერ გავწვდებით.
კარგი იქნება, შუადღის მატარებელი – ხაშური-ზესტაფონი თუ აღდგება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს გაუქმდა და აღარ აღადგინეს. მეორე ვარიანტი ისაა, რომ იმ ორ დღესაც იაროს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. 60 თეთრს ვიხდით ხარაგაულიდან მარელისამდე. ისე ვწვალობთ, ოღონდ ტრანსპორტი იყოს, მეტსაც გადავიხდით.
მარელისში ყოველთვის ძლიერი ქარია. ამიტომ შეუძლებელია გზაზე დადგე და შემთხვევით გამვლელ ტრანსპორტს დაელოდო. ამ კუთხით ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელშეწყობა გვჭირდება“.
ხარაგაულიდან მოლითში ყოველდღე დადის მათემატიკის მასწავლებელი ქრისტინე თოიძე. სამშაბათსა და ოთხშაბათს ის ხარაგაულიდან დილის შვიდ საათზე ზესტაფონი-ხაშურის მატარებელს მიჰყვება, – სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე საათნახევრით ადრე მიდის. ხარაგაულში დაბრუნება მისთვის და კიდევ ოთხი მასწავლებლისთვის სერიოზული პრობლემაა.
„დღეს გაგვიმართლა, რადგან სკოლის დირექტორი ხარაგაულში მანქანით მოდიოდა და მას გამოვყევით, – ამბობს ქრისტინე თოიძე, – სხვა დროს მოლითიდან სოფელ ბაბამდე სკოლის ტრანსპორტს მოვყვებით, ბაბიდან მარელისამდე ფეხით ჩამოვდივართ, ხოლო მარელისიდან ტაქსს ვიძახებთ. ეს ჩვენთვის სერიოზული ხარჯია.
ჩვენი სკოლის დირექტორმა მერის მრჩეველთა საბჭოს წინაშე დააყენა საკითხი, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაულიდან ზვარემდე ყოველდღე დადიოდეს. ვნახოთ, 2023 წლიდან იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა.
პანდემიამდე, როცა შუადღისას ხაშური-ზესტაფონის მატარებელი დადიოდა, არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ახლა კი ამ ორ დღეს უტრანსპორტობით გავწამდით. ცუდი ამინდები რომ იქნება, არ ვიცი, ბაბიდან მარელისამდე ფეხით როგორ ვივლით. დიდი მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ჩვენი პრობლემით რომ დაინტერესდით“.
განსხვავებული მდგომარეობაა ძირულას ხეობის სკოლების მასწავლებლების ტრანსპორტირებში. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ნაკლებობა ნამდვილად არაა. თუმცა, მგზავრობა ძვირი ჯდება.
ხევიდან ბორითში ორშაბათსა და ხუთშაბათს დადის ისტორიის მასწავლებელი მანანა ბარბაქაძე. მას მგზავრობა ყოველდღიურად ათ ლარამდე უჯდება. „ჩვენთან ტრანსპორტი არ არის პრობლემა, პრობლემა მგზავრობის ღირებულებაა, – ამბობს მანანა მასწავლებელი, – ზოგ მძღოლს შევეცოდებით ხოლმე და სამ ლარს გვართმევს ბორითიდან ხევამდე, ზოგი შეურაცხყოფას გვაყენებს, ამ თანხას რომ ვიხდით.
ამასწინათ, ხუთი ლარი რომ მოვაწოდე, მძღოლმა გაკვირვებულმა მითხრა, ხურდას ელოდებიო?! გასულ წლებში, როცა ბორითის სკოლის დირექტორი ტარიელ კურტანიძე იყო, ადგილობრივი თვითმმართველობა პედაგოგებს მგზავრობის თანხას გვირიცხავდა. ახლაც, თუ ასე დაგვეხმარებიან იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ძირულას ხეობის სკოლებში ტრანსპორტირება გვიწევს, კარგი იქნება“.
კიცხის ზონის სოფლის სკოლებში მასწავლებლები ამ სოფლებიდან ზესტაფონის ან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს დაჰყვებიან. სკოლების ადმინისტრაციებმა ამ მასწავლებლების გაკვეთილების განრიგიც ტრანსპორტის მიმოსვლის დროს აუწყვეს.
კიცხის სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ კარგი იქნება, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ხარაგაული-თეთრაწყაროს მიმართულებით დადის, კიცხამდეც თუ რეგულარულად იმოძრავებს.
როგორ ესახებათ მასწავლებელთა ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება, – ამ შეკითხვით განათლების პროფკავშირების რაიონულ ორგანიზაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ.
განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე ამბობს, რომ ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებაში დასახმარებლად მისთვის წელს არც მასწავლებლებს და არც სკოლის დირექტორებს არ მიუმართავთ.
„გასულ წლებში იმ მასწავლებლებმა მოგვმართეს, რომლებიც ხარაგაულის სკოლებში სხვა მუნიციპალიტეტებიდან დადიან, – ამბობს ლალი სებისკვერაძე, – სამართლებრივად ვერ მოხერხდება, რომ ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მასწავლებლების მგზავრობა დაფინანსდეს. ჩვენ ორგანიზაციას კი ამის ფინანსური საშუალება არ აქვს.
მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ხარაგაულიდან ზვარემდე დაინიშნა, ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს მასწავლებელთა უმრავლესობის მოთხოვნით დადის. ამ საკითხზე მუშაობისას თითოეული მასწავლებლის საჭიროება მაქსიმალურად გავითვალისწინეთ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ათეული წლებია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მასწავლებლებს ტრანსპორტირების თანხას ურიცხავენ. მხოლოდ ყველა ის მასწავლებელი ხაშურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ხაშურის სოფლების სკოლებში ასწავლის“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ჩხერიმელას ხეობის სოფლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის დღეების დამატებაზე მსჯელობენ და, შესაძლოა, ეს საკითხი, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გადაიხედოს.
„მასწავლებლებისთვის ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურებას რაც შეეხება, ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს და ამწუთას ვერ გიპასუხებთ. თუმცა, როგორ აგვარებს ამ პრობლემას სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მაგალითად, ხაშურის, აუცილებლად მოვიკითხავ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
დავინტერესდით, აპირებს თუ არა „საქართველოს რკინიგზა“ საგარეუბნო მატარებლის – ხაშური-ზესტაფონის მიმოსვლის აღდგენას შუადღისას. ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ უპასუხეს. წერილობით მიმართვაზე პასუხს კი მისი მიღებისთანავე გაცნობებთ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.