ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა, უტრანსპორტობის გამო, უმძიმეს მდგომარეობაშია.
გადაადგილებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ტრანსპორტი – ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი – მგზავრებისთვის არახელსაყრელ დროს მოძრაობს.
დილის ცხრის ნახევარზე ხარაგაულში ჩასულ მგზავრს საღამოს შვიდის ნახევრამდე უწევს მატარებლის ლოდინი. ზამთარში, მაღალმთიანი სოფლების – ფონას, წიფას, გოლათუბნის, ზვარესა და ნუნისისკენ მიმავალი მგზავრი, შესაძლოა, გარეული ცხოველის მსხვერპლი გახდეს.
ხარაგაულიდან ხაშურში ამ მატარებლით დღის განმავლობაში ვერაფრით ვერ მოხვდებით. დილით ზესტაფონიდან ხაშურისკენ მოძრავი მატარებელი მხოლოდ რკინიგზაზე დასაქმებულებისთვისაა განკუთვნილი და იქ მგზავრებს არ უშვებენ.
მდგომარეობა 2021 წლის ივნისიდან, – მას შემდეგ გართულდა, რაც ამ საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა შუადღისას აკრძალეს. „საქართველის რკინიგზაში“ დასაქმებულები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა დროებითია და ახალი რკინიგზის მშენებლობას უკავშირდება.
„დროებითი შეზღუდვით“ გაწამებული მოქალაქეები პასუხს ხელისუფლებისგან მოითხოვენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
– მესამე წელია, ასეთ მდგომარეობაში ვართ, ყველაფერს მოწყვეტილები, – ამბობენ ჩხერიმელას ხეობის სოფლების მაცხოვრებლები, – საკვები პროდუქტებისა და წამლის საყიდლად ვეღარსად წავედით.
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი, რომელიც ადრე ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე ერთი ლარი ღირდა, ახლა შვიდი ლარი ღირს. ამდენი ფული სად გვაქვს, პურის ფქვილს და წამალს ძლივს ვყიდულობთ. ჰაერივით გვჭირდება მატარებელი არა მარტო ხაშურამდე, არამედ თბილისამდე, როგორც პანდემიამდე მოძრაობდა“.
მოქალაქეებისთვის გაუგებარია, რატომ არ აღადგინა „საქართველოს რკინიგზამ“ ქუთაისი-თბილისის მატარებლის მიმოსვლა იმ დროს, როცა სხვა საქალაქთაშორისო მატარებლები დადის – მაგალითად – ბორჯომი-თბილისი, ქუთაისი-საჩხერე და სხვ.
მოსახლეობა მას შემდეგ უფრო გაღიზიანდა, რაც რკინიგზელებისთვის დამატებითი მატარებლის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ეს მატარებელი ხაშურიდან დილით 10:20 სთ-ზე გამოვა, ხოლო ზესტაფონიდან ხაშურის მიმართულებით – 14:20 სთ-ზე.
მატარებლის მიმოსვლის ეს გრაფიკია სწორედ ყველაზე ხელსაყრელი ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის.
რა ნაბიჯებს დგამს ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, – ამის გასარკვევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
– დეკემბერში „საქართველოს რკინიგზას“ წერილობით მივმართეთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ამ უწყების ხელმძღვანელ პირებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. გვპირდებიან, რომ ამ კვირის ბოლოს გვიპასუხებენ.
ვითხოვთ, რომ ხაშური-ზესტაფონის მატარებელმა მოსახლეობისთვის ხელსაყრელ დროს იმოძრაოს. ვითხოვთ ასევე ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მიმოსვლის აღდგენას. ხაშური-ზესტაფონის მატარებელში კორონავირუსის სკრინინგზე პასუხისმგებელ პირებს ხელფასს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვუხდით.
თუ ახლა რკინიგზელთა მატარებელს ვაგონი დაემატა მოქალაქეებისთვის და სკრინინგზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა გახდა საჭირო, ჩვენ მისთვის ხელფასის გადასახდელად მზად ვიქნებით. ვნახოთ, „საქართველოს რკინიგზადან“ რას გვიპასუხებენ“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
უტრანსპორტობით შეწუხებულმა მოსახლეობამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტარ პაატა კვიჟინაძეს 2021 წლის ივლისში მიმართა. დეპუტატმა თავის მხრივ „საქართველოს რკინიგზას“ წერილი გაუგზავნა.
„სამწუხაროდ, ამ წერილზე პასუხი ექვსი თვის შემდეგაც არ მიგვიღია, – ამბობს დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ნანა ცხვედაძე, – მაჟორიტარი დეპუტატი დეკემბრიდან აქტიურადაა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში“.
ნინო კაპანაძე
ამ მასალას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ასევე დაგაინტერესებთ
ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობა უტრანსპორტობით გაწამებულია
ხაშური-ზესტაფონის რკინიგზელთა მატარებელს მგზავრებისთვის ვაგონი დაემატება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.