ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მერიას შენიშვნები გაუგზავნა.
დეპუტატები მოითხოვენ, რომ ბიუჯეტში გაიზარდოს – საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანადაფინანსება, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხარჯები, მრავალბინიანი კორპუსების სარეაბილიტაციო თანხა, რელიგიის დაფინანსება, ნაგვის ბუნკერების შესაძენი თანხა.
დეპუტატების წერილის თანახმად, „სათნოების სახლმა“ მეტ ბენეფიციარს სისტემატურად უნდა მიაწოდოს ერთჯერადი მშრალი საკვები პროდუქტები; უნდა გაგრძელდეს უსინათლოთა მომსახურებისა და C ჰეპატიტის სკრინინგ პროგრამები. საკრებულოს რეკომენდაციაა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში დაიგეგმოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების დაფინანსება და წარჩინებულ სტუდენტთა წახალისების პროგრამა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსავლები 12 353 700 ლარს შეადგენს, ხარჯები 13 800 700 ლარია. დეფიციტით დაგეგმილი ბიუჯეტის დაბალანსებას ადგილობრივი თვითმმართველობა საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთიდან გეგმავს. ასევე ვარაუდობენ, რომ მომავალი წლის განმავლობაში გაიზრდება შემოსავლები ბიუჯეტის მუხლში – „სხვა შემოსავლები“.
2022 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ-ების ხარჯები, რაც მათ საქმიანობის განსახორციელებლად ესაჭიროებათ, შემცირებულია.
რით განსხვავდება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი 2022 წლის ბიუჯეტისგან, რა არის ძირითადი პრიორიტეტები და როგორ შეძლებენ შემცირებული ხარჯების პირობებში ააიპ-ები გამართულად ფუნქციონირებას, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, ჯანდაცვის სფერო, კულტურა და განათლებაა.
მისივე თქმით, 2023 წლისთვის მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებს ბავშვთა მხარდაჭერისა და შინმოვლის პროგრამები დაემატება.
„ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეისწავლის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საჭიროებებს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამ საჭიროებების დასაფინანსებლად ბიუჯეტში 50 ათასი ლარი გავითვალისწინეთ. შინმოვლის პროგრამის განხორციელება, რომელიც წელს საგრანტო დაფინანსებით დაიწყო, მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარით დაფინანსდება.
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-ით ზრდა დავგეგმეთ. სუბსიდია, 2022 წელს, ააიპ-ებს, სხვადასხვა ვალდებულებების დასაფინანსებლად, ეტაპობრივად გავუზარდეთ. ეს 2023 წელსაც იქნება შესაძლებელი, – ფინანსური რესურსიდან, პროგრამების ეფექტურობიდან, აუცილებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
შემოსავლების ზრდის მოლოდინი გვაქვს. ეკონომიკური მაჩვენებლები, ზოგადად, ქვეყანაში გაზრდილია. ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მისაღები თანხის ოდენობის გაზრდას გვპირდებიან.
ბიუჯეტის პროექტზე ბევრი იმუშავა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა. გასულ წლებთან შედარებით პროგრესი გვაქვს, თუმცა არც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტია პროგრამული ბიუჯეტის საუკეთესო მაგალითი. ვეცდებით, დამტკიცებამდე კიდევ მეტად დავაზუსტოთ, მეტი დეტალი გაიწეროს.
საკრებულოსგან მიღებულ შენიშვნებს რაც შეეხება, დაფინანსების წყაროები შენიშვნებს არ ახლავს. დეპუტატებმა ეს საქმე ჩვენ მოგვანდეს.
მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებაა, რომ საკრებულოს ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა წინადადება, მოთხოვნა, ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სჭირდება. ეს არის რთული და შეუძლებელი.
მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, 2023 წელს, ვფიქრობთ კიცხი-ვარძია-წყალაფორეთის მიმართულებით მგზავრთა ტრანსპორტირების თანადაფინანსებას.
40 ათასი ლარი ნაგვის ბუნკერების შესაძენად დავგეგმეთ. სად განთავსდეს ეს ბუნკერები, ამას დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება გადაწყვეტს.
„სათნოების სახლში“ კვების ხარჯი და არეალი გაიზრდება. მოქალაქეებს, რომლებიც კვების პრობლემის წინაშე დგანან, სისტემატურად მივაწვდით მშრალ საკვებ პროდუქტებს. ზონალურად, „სათნოების სახლის“ მსგავსად, ცხელი სადილის მომზადება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსი ამის საშუალებას არ იძლევა.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით 120 ათასი ლარია ჩადებული მრავალბინიანი კორპუსების სარეაბილიტაციოდ. შევეცდებით, რომ ეს დაფინანსება ადგილობრივ ბიუჯეტშიც გავზარდოთ და ასევე ეს მოთხოვნა სხვადასხვა ფონდების წინაშე დავაყენოთ. მრავალბინიანი კორპუსების სარეაბილიტაციოდ დიდი თანხებია საჭირო. რთული იქნება, ყველა პრობლემას ერთდროულად შევეჭიდოთ.
უსინათლო პირთა სწავლების პროგრამის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების დაფინანსების ინიციატივაზე სოციალური სამსახური მუშაობს. კოსულტაციებს გავდივართ კლინიკებთან. სოციალურ პროგრამებში ცვლილების შეტანა მოგვიწევს.
დეპუტატებისგან წარმოდგენილი ყველა შენიშვნის გასათვალისწინებლად დამატებით საბიუჯეტო სახსრებია მოსაძიებელი. ამ საკითხზე ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ და საკრებულოს ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს 10 დეკემბრისთვის წარვუდგნეთ. ამიტომ დაზუსტებით ახლა ვერ დავასახელებ თანხას, თუ რა ოდენობით გაიზრდება საბიუჯეტო ორგანიზაციებისა თუ პროგრამების დაფინანსება.
სახელმწიფოს მიდგომაა, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ყველა თანამშრომლის ხელფასი გაიზარდოს ასი ლარით და არა 10%-ით, როგორც ეს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებშია დაგეგმილი. საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა გაზრდილი ხელფასებისთვის თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან ველოდებით.
საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციამ „ხარაგაულისთვის“ წერილობით მოგვმართა. ფრაქციის თავმჯდომარე ირმა ვეფხვაძე და წევრი კოტე ბერაძე ქუჩის დასასუფთავებლად სპეცმანქანის შეძენას და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სანათების დაყენებას მოითხოვენ. ძალიან კარგი ინიციატივებია. თუმცა, ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლები არ გვაძლევს იმის ღრმა პროგნოზს, რომ მათი წინადადებების გათვალისწინებას შევძლებთ.
ქუჩის დასასუფთავებლად სპეცმანქნის შეძენა საგრანტო დაფინანსებითაც არის შესაძლებელი. რაც შეეხება მზის ენერგიაზე მომუშავე სანათების დაყენებას, „კეთილმოწყობისა და დასუფთსავების სამსახური“ თანხების დაზოგვის მიზნით თუ რაიმე პროგრამას შეიმუშვებს, ამას მივესალმებით.
2023 წელს გაგრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დაფინანსება. წელს ამ პროგრამით ხარაგაულში ექვსი პროექტი ხორციელდება და მათზე 160 ათასი ლარი იხარჯება“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს უარყოფითად აფასებს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი. ის ამბობს, რომ საკრებულოს აპარატს მისთვის ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ განხილვის თარიღი არ უცნობებია.
„საკრებულოს კომისიებში ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ვმონაწილეობდი, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – თუმცა საკომისიო მოსმენებზე არ ყოფილან თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ-ების ხელმძღვანელები, რომ გვეკითხა, – რას ითხოვდნენ ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა პრობლემები შეექმნებათ მათ, შემცირებული ხარჯების პირობებში.
კომისიების სხდომებზე ჩვენმა ფრაქციამ დააყენა წინადადება, რომ დავეხმაროთ სტასტუსშეჩერებულ სტუდენტებს. თუმცა, ჩვენი ეს წინდადება ბიუჯეტის პროექტში ასახული არ არის.
ბიუჯეტის პროექტში კონკრეტულად არ არის გაწერილი, რომელი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება იგეგმება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ ვაპირებ. არც შენიშვნები მიმიწერია.
საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ასეთი წინადადება მაქვს – არ მოემატოს ხელფასები თანამდებობის პირებს, მერს, მათ მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მათ მოადგილეებს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს. ამ პირობებში, როცა ყველაფერი გაძვირდა, კეთილმოწყობის თანამშრომელს, ან საბავშვო ბაღის აღმზრდელს ხელფასს 10%-ით გავუზრდით და მათი ანაზღაურება 300-400 ლარი გახდება.
მერის ხელფასი კი, რომელიც ახლა 5 ათას ლარზე მეტია, ხუთასი ლარით მაინც მოიმატებს. ასევე იზრდება ფრაქციების თავმჯდომარეთა ხელფასები 170 ლარით. თანამდებობის პირებისთვის ხელფასის 10%-ით ზრდა არ მიმაჩნია გამართლებულად. ჩემი წინადადებაა, რომ ის თანხა, რაც თანამდებობის პირების ხელფასების 10%-იან მატებას სჭირდება, დაბალი რანგის თანამშრომლების ხელფასებს დაემატოს“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად მიიღო – ხარჯები შემოსავლებზე მეტია
„ხელისუფლების პიარში ფულის გადახდა საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაა“
ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატებს ყოველთვიური ხარჯი, შესაძლოა, 100-100 ლარით გაეზარდოთ
ხარაგაულის თვითმმართველობა წარმატებული სტუდენტების წახალისებას აპირებს
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაძაბული იქნება“
2023 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი